ვიდეოთვალი მძღოლების წინააღმდეგ

ვიდეოთვალი მძღოლების წინააღმდეგ

[ლევან სეფისკვერაძე]
უკვე სამ წელზე მეტია, ავტოსაგზაო წესების დარღვევისათვის ჯარიმის გამოწერა პატრულის გარეშეც არის შესაძლებელი. როგორც იცით, გზებზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, რომელიც ავტოსაგზაო წესების დარღვევის ფაქტებს აღნუსხავს, საჯარიმო ქვითარი კი წესების დამრღვევებს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაეგზავნება. უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა იმისათვის, რომ შეფასდეს, თუ რამდენად გაამართლა ამ ტექნოლოგიამ და რამდენად სამართლიანია ვიდეოთვალის მიხედვით მძღოლების დაჯარიმების პრინციპი და ფულადობრივი რაოდენობა.

თბილისელი მძღოლები ჩივიან, რომ მათ სახლში ხშირად მისდით ჯარიმა, რომლის მიხედვითაც, თითქოს თბილისის კონკრეტულ ადგილზე მოძრაობის წესი დაარღვიეს, ამ დროს კი, აღნიშნულ ადგილზე დიდი ხანია საერთოდ არ გაუვლიათ მანქანით. როგორც ჩანს მხოლოდ ერთეულ შემთხვევებთან არ გვაქვს საქმე, რადგან, ბოლო დროს ბევრი მძღოლი საუბრობს ვიდეოთვალის მიხედვით გამოწერილი ჯარიმების უსამართლობაზე.

კახა მაისურაძე, მძღოლი: “ორი წელია რაც თბილისში ვტაქსაობ. ჩემი “ოპელ ვექტრა” ერთი რუსთაველი კაცისგან ვიყიდე 2 წლის წინ. მანქანა ჯერ არ გადმომიფორმებია და მხოლოდ მინდობილობით დავდივარ, რადგან გადმოფორმებას კიდევ ცალკე „ჩალიჩი“ და ფული სჭირდება. ხელშია შეკლული ჩემი მანქანის ძველი მფლობელი, რადგან თვე არ გავა, ჯარიმის ქვითარი რომ არ მიუვიდეს. მერე ის მე მირეკავს და მე ვიხდი ამ ჯარიმებს.

2-ჯერ ჯარიმა მოვიდა, რომ თითქოს ვიოდეოთვალმა დამაფიქსირა, წითელზე როგორ გავიარე; ერთხელ საირმის ქუჩაზე და ერთხელ თემქაზე. არადა, გეფიცებით, იმ უბნებში იმ დღეებში საერთოდ არ ვყოფილვარ. განსაკუთრებულად წესრიგიანი მძღოლი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, ის ხომ მაინც მახსოვს, რომელ უბანში ვიყავი და როდის... რას ვიზამ? შეკამათებას პატრულთან არავითარი აზრი არ აქვს. მივდივარ მეც ცხვარივით და ვიხდი ჯარიმებს. არ გადავიხდი და ჯარიმებს გამიასმაგებენ“.

აღსანიშნავია, რომ ასეთი კამერები დაყენებულია ძალიან ბევრ ქვეყანაში შედეგიც სიფრთხილეა სწორედ განსაკუთრებით ეფექტურია ტრასებზე, სადაც პატრული იშვიათად მოძრაობს და იზრდება ავარიების რიცხვი.

მაგალითად, გერმანიაში, პატარა სოფელშიც კი შეგხვდებათ ასეთი ვიდეოთვალი გზაზე. საერთოდ, ადამიანებში იმდენად ღრმად ზის საკუთარი სიცოცხლის უაზროდ გარისკვის ინსტიქტი, და როგორც ჩანს ამ რისკის შემცირებაა პირველ რიგში მთავარი პრობლემა.

თუმცა, საქართველოში აქაც ყველაფერი სხვაგვარადაა. ვიდეოთვალები უმეტესად ხალხით გადავსებულ ცენტრალურ ქუჩებზე დგას და მათი მიზანი რიგითი მძღოლების აზრით, მძღოლ;ების დახმარების ნაცვლად, ნებისმიერი დარღვევის დაფიქსირება და ბიუჯეტში თანხების მოზიდვაა. მით უმეტეს, რომ ბოლო დროს ბიუჯეტის შევსების პრობლემა საკმაოდ აქტუალურად დგას და დასავლეთის ქვეყნებიდან დახმარებებიც იგვიანებს.

დათი ქინქლაძე, მძღოლი: “ვიდეოთვალების არსებობს ჩემი აზრით, ძალიან კარგია, მაგრამ ეს აპარატები მძღოლებს უნდა ეხმარებოდეს წესების დაცვაში და არ უნდა გახდეს მთავრობისათვის ფულის შოვნის საშუალება. ჩვენთან კი ვიდეოთვალი სწორედ ბიუჯეტში შესატანი ფულის საშოვნელი დანადგარია.

პრობლემა კი ისაა, რომ ქალაქში მოძრაობა მოუწესრიგებელია: გზაჯვარედინები არასწორად რეგულირდება, შუქნიშნები ხშირად არ მუშაობს, საგზაო მონიშვნა არ არის გაკეთებული, ფეხითმოსიარულეები არასწორად გადადიან გზის სავალ ნაწილზე და ა.შ. ამ პირობებში მოძრაობის წესებს დაარღვევ არა იმიტომ რომ ასე გინდა, არამედ სხვა გამოსავალი არ გაქვს. ხშირად გაურკვეველია, თუ როგორ უნდა იმოძრავო, წესი რომ არ დაარღვიო”.

ვიდეოთვალთან დაკავშირებით, შარშან ინგლისში მოხდა ძალიან საინტერესო შემთხვევა: ლონდონელ მძღოლს ფოსტით მოუვიდა საგზაო პოლიციიდან 20 ფუნტის გადასახდელი ჩეკის ქვითარი და ფოტოსურათი, სადაც ზუსტად იყო დაფიქსირებული მის მიერ ჩადენილი დარღვევა.

მძღოლმა ხუმრობა გადაწყვიტა, ჯიბიდან ამოიღო ოცფუნტიანი კუპიურა, სურათი გადაუღო და პოლიციას გაუგზავნა.
მეორე დღესვე მიუვიდა წერილობითი პასუხი. კონვერტში ბორკილების სურათი იდო. რა თქმა უნდა დამნაშავე მძღოლმა ამის შემდეგ მსწრაფლივ გადაიხადა ჯარიმა. ძნელი სათქმელია ასეთი რამ საქართველოში მოხდება თუ არა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ამ კუთხით საქართველოში ბევრი უსამართლობა ხდება.