„სკრინინგის პროგრამის მთავარ გამოწვევად რჩება პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებლის გაზრდა“

„სკრინინგის პროგრამის მთავარ გამოწვევად რჩება პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებლის გაზრდა“

უფასო გამოკვლევები: ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატის კიბოსა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პრევენციისათვის - თუ ჯერ არ იცით, ეროვნული სკრინინგ ცენტრი თბილისის მასშტაბით, დაავადებათა სკრინინგის პროგრამას ახორციელებს როგორც ქ.თბილისში, ასევე, რეგიონში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. გამოკვლევები, სრულად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

For.Ge სკრინინს ცენტრის დირექტორს, ეთერ კიღურაძეს ესაუბრა.

ქალბატონო ეთერ მოდით დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის სკრინინგი და არის თუ არა ის კიბოს პრევენციის საშუალება?

ეთერ კიღურაძე: სკრინინგი ინგლისური სიტყვაა და გადარჩევას ნიშნავს, რაც გულისხმობს ჯანმრთელი მოსახლეობის გამოკვლევას და იმ ადამიანების ჯგუფის გამოვლენას, ვისაც საკვლევი დაავადებებისთვის დამახასიათებელი კლინიკურ-ლაბორატორიული ნიშნები გააჩნია. ზოგადად, კიბოთი გამოწვეული მაღალი სიკვდილობისა და დაბალი გადარჩენის მაჩვენებლის მიზეზი არის ის, რომ კიბოს გამოვლენა შემთხვევათა 60%-ში ხდება მოგვიანებით ეტაპზე, აქ იგულისხმება მესამე და მეოთხე სტადია. სკრინინგის მთელი არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ნაადრევ ეტაპზე გამოვლინდეს კიბო და კიბოსწინარე დაავადებები. რა თქმა უნდა, პრევენციულ ღონისძიებებში ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. რაც უფრო ადრე გამოვლინდება დაავადება, მით უფრო მარტივია მისი მართვა და შესაბამისად მკურნალობაც უფრო შედეგიანი და ხარჯთეფექტურია.

ვის შეუძლია ისარგებლოს უფასო გამოკვლევებით?

- უფასო გამოკვლევებით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს მოქალაქე ქალბატონებმა და მამაკაცებმა, შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა კომპონენტში. ქალებმა 40-დან 70 წლის ჩათვლით შეუძლიათ ისარგებლონ ძუძუს კიბოს სკრინინგით, 25-დან 60 წლის ჩათვლით – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით, ხოლო 25-დან 70 წლის ჩათვლით ქ.თბილისში რეგისტრირებულებმა შეიძლება ჩაიტარონ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს უფასო გამოკვლევები. მამაკაცებს 50-დან 70 წლის ჩათვლით, შეუძლიათ პროსტატის კიბოს გამოკვლევების ჩატარება, ხოლო 50-დან 70 წლის ჩათვლით ორივე სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგით სარგებლობა.

როგორია გამოკვლევების ჩატარების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ანუ სად არის განთავსებული სკრინინგ ცენტრები?

- ეროვნული სკრინინგ ცენტრი განლაგებულია ქალაქ თბილისში სამ ლოკაციაზე; ვარკეთილში, დიდუბეში და გლდანში, სადაც როგორც თბილისში, ასევე რეგიონში რეგისტრირებულ პირებს შეუძლიათ მომსახურების მიღება.

როგორია მომართვიანობის სტატისტიკა და რამდენ ადამიანს უტარდება ყოველ წლიურად უფასო სკრინინგი?

- ყოველწლიურად იზრდება მომართვიანობის სტატისტიკა და თითოეულ კომპონენტში დაახლოებით 15 000 -მდე კვლევა მიმდინარეობს თბილისის პროგრამის ფარგლებში. წლის განმავლობაში დაახლოებით 40 000 -მდე პაციენტი გადის ჩვენთან სხვადსხვა ტიპის გამოკვლევას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მზარდია ეს დინამიკა, მაინც დიდ გამოწვევად რჩება პროგრამაში ჩართულობა.

რატომ რჩება გამოწვევად პროგრამაში ჩართულობა?

- უპირველეს ყოვლისა შიში აქვთ, რატომღაც ურჩევნიათ, რომ არ გაიგონ დაავადების არსებობის შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ სკრინინგი არის ჯანმრთელი მოსახლეობის გამოკვლევა, ადამიანებს სწორი მოლოდინი უნდა ჰქონდეთ . ცენტრში გამოკვლეული მოქალაქეების დაახლოებით 85% შემთხვევაში დიაგნოზი არის კეთილსაიმედო, ანუ მათ არ გააჩნიათ კიბოსთვის დამახასიათებელი ნიშნები. მხოლოდ 0,05-დან 2,5% შემთხვევაში გამოვლინდება ცვლილებები, რომლებიც საჭიროებს სპეციალიზირებულ კლინიკაში გადამისამართებას. აქაც უნდა გვახსოვდეს, რომ დაავადების დროული გამოვლენა ინარჩუნებს სიცოცხლეს.

ასევე პრობლემაა მოსახლეობის არაინფორმირებულობა, ანუ მათ არ იციან ამ პროგრამისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ამიტომ ვცდილობთ საინფორმაციო კამპანია გავაძლიეროთ. ამ ეტაპზე მოქალაქე თავისი სურვილით ხვდება პროგრამაში და გვინდა გადავიდეთ მათ პერსონალურ მოწვევებზე.

ასევე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ მოქალაქისთვის, მის სახლთან ახლოს მდებარე ცენტრში უფრო მოსახერხებელია კვლევის ჩატარება და ამისთვის ჩვენ მესამე ცენტრი დავამატეთ გლდანის ტერიტორიაზე. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ციფრული მამოგრაფებითა და სხვა მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც პროფესიონალ სამედიცინო პერსონალს მაღალკვალიფიციური სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობას აძლევს.

მოსახლეობის პერსონალური მოწვევა რას გულისხმობს?

- პაციენტების პერსონალური მოწვევა შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე მეთოდით, ეს შეიძლება როგორც სატელეფონო ზარით, ასევე, სმს შეტყობინებით. მაგალითად, ევროპაში დანერგილია პერსონალური წერილებით მოწვევის სისტემა, რომელიც სავალდებულო ხასიათისაა. სახელმწიფო ავალდებულებს მოქალაქეს ჩაიტაროს უფასო სკრინინგული გამოკვლევა, რომ შემდეგ დაცული იყოს, თავიდან აიცილოს ის გართულებები, რაც კიბოს შორს წასულ ფორმებს ახლავს თან.

როგორც ვიცით, თელასი კომუნალური გადასახადების ქვითრებთან ერთად არიგებს წერილებს, რომ მოსახლეობამ ამ უფასო გამოკვლევებისშესახებ გაიგონ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს საინფორმაციო კამპანია?

- დიახ, ქვითრებთან ერთად ხდება პაციენტისთვის საინფორმაციო წერილის გაგზავნა და მთავარი ის არის, რომ ზუსტად მიდის ადრესატთან . კომუნალურ გადასახადებთან ერთად წერილების გაგზავნა მოსახლეობისთვის დაახლოებით ერთი თვეა რაც დაიწყო და მომდევნო თვეშიც აუცილებლად გაგრძელდება, შემდეგ უკვე სტატისტიკურად შევხედავთ, შევაფასეთ და იმის მიხედვით გადავწყვეტთ რამდენი ხანი გაგრძელდება.

რა ღონისძიებებია დაგეგმილი ზოგადად სკრინინგ პროგრამის განვითარების მიმართულებით და ასევე სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად?

- ჩვენ დაწყებული გვაქვს პრეზენტაციები ორგანიზაციებში ფართო მასებისთვის, რათა მოსახლეობამ პროგრამისა და მისი მნიშვნელობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს. ძირითადად ისეთ ორგანიზაციებს ვარჩევთ, სადაც თანამშრომლები არიან პროგრამის პოტენციური მოსარგებლეები და ასევე, შესაძლოა იყვნენ ინფორმაციის გამავრცელებლები, მაგალითად, ყველა გამგეობაში ჩატარდა მსგავსი ტიპის პრეზენტაცია, დარიგდა ფლაერები, რითიც მოხდა თანამშრომლების ინფორმირება რათა ორგანიზაციაში მისულმა მოქალაქეებმა მიიღონ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უფასო სკრინინგული გამოკვლევების შესახებ. საინფორმაციო კამპანია გრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.