ხორცს უკვე ვეღარაფერი გააიაფებს

ხორცს უკვე ვეღარაფერი გააიაფებს

ხორცის გაიაფებას ვერც სასაკლაოებზე პირუტყვის დაკვლის ვალდებულების გაუქმება შველის და ვერც მინისტრის რკინის სიტყვა. მართალია, ბაკურ კვეზერელმა 10 დღის წინათ კი დაიქადნა, რომ ხორცი რამდენიმე დღეში გაიაფდებოდა, მაგრამ ვაგლახ, რომ მინისტრის სიტყვა უკვე მერამენდენედ გაუქმდა.

 

ხორცის გაიაფების თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ხორცპროდუქტების მწარმოებლებს სასაკლაოზე დაკვლის ვალდებულება მოეხსნათ. სასაკლაოზე დაკვლის ვალდებულების ნორმის ამოქმედებას ხორცზე ფასის მატების მკვეთრი გაძვირება მოჰყვა. აგრარულ ბაზრებზე ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ფასი 9-დან 11-ლარამდე ღირს.

 

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია “იბერმითის” წარმომადგენლების მტკიცებით კი ბაზარზე სპეკულაციაა და საშუალო ფასი 7 ლარია. თავად “იბერმითის” მაღაზიაში ფასი 4 ლარიდან იწყება და 9 ლარს აღწევს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეფასებით, ფასების გაძვირებას ე.წ. შუამავლები განაპირობებს, რომლებიც გლეხებისგან იაფად იაბარებენ და თავად ძვირად ყიდიან. 

 

სამინისტრო ამ შუამავალი რგოლების ამოგდებას რეგიონებში სასაკლაოების ქსელის აშენებით ელოდება. დღეისათვის საქართველოში ასეთი მხოლოდ სამი სასაკლაოა, ხოლო მათი გაზრდა 10-მდე იგეგმება.

 

საქართვლეოში მუდმივად ასეა. ფასების ზრდაში ყველა დახელოვნებულია, ხოლო შემდეგ მის ძველ ნიშნულზე დაბრუნება უკვე შეუძლებელია. ხორცის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მთავრობის ინიციატივამ ხორცი და ხორცპრორდუქტები გააძვირა, ახლა კი, მიუხედავად ყოველგვარი შეზღუდვების გაუქმებისა, მისი გაიაფება ვერ ხერხდება.

 

როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ პირუტყვი მხოლოდ სასკლაოზე უნდა დაიკლულიყო, ბაზარში ხორცის ფასმა მატება დაიწყო და დაახლოებით ერთ კვირაში 12 ლარს გაუტოლდა. მოგვიანებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მოსახლეობა დაამშვიდა და განაცხადა, რომ ხორცი მალე გაიაფდებოდა.

 

თუმცა, გაიაფება არ მომხდარა. ხელისუფლებამ უკიდურესი ნაბიჯი გადადგა და სასაკლაოებზე პირუტყვის დაკვლის ვალდებულება გააუქმა. წესით, ხორცი მინიმუმ 1 ლარით მაინც უნდა გაიაფებულიყო (1კგ-ზე 1,2 ლარი სასაკლაოების მიერ დაკვლისთვის დადგენილი ტარიფი იყო), თუმცა ასე არ მოხდა.

ჯერჯერობით ხორცპროდუქტები სავაჭრო ქსელებში კვლავაც გაზრდილი ტარიფით იყიდება.

 

პირუტყვის მხოლოდ სასაკლაოზე დაკვლის ვალდებულების გაუქმება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ალეკო ცინცაძემ სასაკლაოების არასათანადო ინფრასტრუქტურით ახსნა. მისივე თქმით, “აღნიშნული დათქმა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შემოღებული, რაც ქვეყანაში სასაკლაოების ინფრასტრუქტურა ფართოდ განვითარდება”.

 

მანამდე კი, როგორც ცინცაძე აღნიშნავს, იქნება ვალდებულება, რომ პირუტყვი შესაბამისი სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ დაიკლას.

 

“არ არის აუცილებელი, რომ საქონელი მაინცდამაინც სასაკლაოებზე იყოს დაკლული, მაგრამ აუცილებელია ეს მოხდეს ისეთ, იზოლირებულ ადგილებში, რომ ადამიანებზე რაიმე დაავადების გავრცელება არ მოხდეს”, - განმარტა მინისტრის მოადგილემ პარლამენტის სხდომაზე.

 

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საქონლის სასკლაოზე დაკვლის ვალდებულებების გადადება მოიწონა პარლამენტის უმრავლესობამაც. თუმცა, ამავე უმრავლესობამ ერთითვის წინათ ასეთივე შემართებით მოიწონა სასაკლაოების ამოქმედებისა და ახალი შეზღუდვების დაწესებაც.