იმედიანი გიორგობა ნიქოზში

იმედიანი გიორგობა ნიქოზში

დიდი ლიახვის ხეობის ქვემო წელის ქართული სოფლების უმთავრესი პრობლემა – წყლით მომარაგების საკითხი შესაძლოა წელსვე მოგვარდეს. ამის იმედს ადგილობრივებს, სოფელ ზემო ნიქოზთან დაწყებული სამშენებლო სამუშაოები აძლევს.

 

სოფელი ზემო ნიქოზი, ომის დროს, ფრონტის ხაზის ერთ–ერთ ყველაზე ცხელ წერტილს წარმოადგენდა და ომის თანმხლები ნგრევის გარდა, ომის შემდეგ, სარწყავი წყლის პრობლემა მთელი სიმწვავით შეექმნა. ამას გარდა, ზემო ნიქოზის ბაღებისა და ვენახების მოზრდილი ნაწილი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა და ადგილობრივებმა ჰექტრობით მიწის გარდა, ელემენტარული შემოსავლის წყაროც დაკარგეს.

 

რეგიონში არსებული უამრავი სხვა პრობლემის მიუხედავად, ნოქოზში და ცხინვალის მიმდებარე სხვა ქართულ სოფლებში, უმთავრესი პრობლემა ყოველთვის იყო და დღესაც არის, წყლის მომარაგების საკითხი. ძველი სარწყავი სისტემები, როგორც მოგეხსენებათ, იმის გამო, რომ ქართულმა მოსახლეობამ, სეპარატისტებისათვის წყლის საფასურის გადახდაზე უარი თქვა –  სეპარატისტებმა გამიზნულად და  შეგნებულად გააფუჭეს და მიუხედავად იმისა, რომ ეუთომ და ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვეს, აღნიშნული სარწყავი სისტემის საკუთარი ხარჯებით აღდგენაზე, ბუნებრივია, რომ სეპარატისტები და ოკუპანტები ამ გარიგებაზე არ წამოვიდნენ.

 

ძველი არხი დიდი ლიხვის ხეობაში გადიოდა და არაერთხელ გამხდარა დაპირისპირებების მიზეზი. ჩვენ როდესაც ვესაუბრებოდით ადგილობრივ, როგორც ქართულ, ასევე ოსურ მოსახლეობას, ყველა მიიჩნევდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თუკი რეალურად სურდა კონფლიქტის უსისხლოდ მოგვარება, სასუქებისა და ზეთების წელიწადში ერთხელ  დარიგების ნაცვლად, წყლის პრობლემების მოგვარება უჯობდა და ამ პრობლემის გადაწყვეტით ყველა კმაყოფილი დარჩებოდა.

 

გიორგი ჯავახიშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: - “რაკი ოსებმა წყლის მოწოდებაზე უარი თქვეს, ბუნებრივია, რომ ჩვენ წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, საკუთარი ძალებით დავიწყეთ ბრძოლა. ჯერ სოფლის გამგებლებს მივადექით. იმათმა გუბერნატორთან გაგვიშვა. გუბერნატორმა თქვა  – ფული არა მაქვს და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართეთო. აქციაც კი მოაწყეს ხვითელებმა თბილისში პარლამენტთან, რომ ვინმეს მიექცია ყურადღება, მაგრამ აქამდე არა და არ დაადგა ახალი სარწყავის გაკეთებას საშველი.

 

ამასობაში სასმელი წყლის პრობლემაც გაჩნდა და ამას დაემატა, ძველი და ჟანგიანი მილების გამოცვლის საჭიროებაც, რადგან, მილების დიდი ნაწილი აღარაფრად ვარგოდა და ონკანიდან ხან ხვლიკი გამოხტებოდა ხოლმე და ხან ბაყაყი. ერთი ჟურნალისტებზე ვერ ვიტყვით აუგს, რადგან, ჟურნალისტები ხშირად წერდნენ ჩვენს პრობლემებზე და ბევრიც ჩამოვიდა ჩვენს სოფლებში, რომ ეს უბედურება ენახა. მაგრამ, საშველი არა და არ გვადგებოდა.

 

იმედი მაშინ მოგვეცა, როდესაც სააკაშვილმა მინისტრები დაიბარა და ჩვენთვის წყლის პრობლემის მოგვარება დაავალა. აქამდე რომ არაფერი გაკეთებულა, შიშიც გაგვიჩნდა, რომ შეიძლება ახლაც მოვეტყუებინეთ მთავრობას, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ გუშინ ზემო ნიქოზში უკვე დაიწყეს მუშაობა და როგორც ამბობენ, ერთი 2 თვეში, საბოლოოდ დაგვადგება საშველი.

 

ზემო ნიქოზში, რომელ მხარესაც მდინარე ლიახვი ჩამოდის და სარწყავი სისტემა უნდა გაკეთდეს,  სულ რამდენიმე მეტრში არის რუსების საგუშაგო. ეს არ შეუშლის ხელს მშენებლებს? 

– რუსებისას ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, რადგან, მაგ ხალხს როდის რა მოაგიჟიანდება არავინ იცის. მაგრამ, ძველი გამოთქმისა არ იყოს, “მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია“. აბა რა უნდა ვქნათ? რუსები ჯერ კაი ხანი არ აპირებენ ჩვენი კუთხიდან გასვლას და მანამდე უწყლობით ხომ არ დავიხოცებით? თან, მშენებლობაზე ჩვენებური ბიჭებიც მუშაობენ და ღმერთმა ნუ ქნას და რუსებმა თუ რამე აიტეხეს, ამათმა გზებიც კარგად იციან და ბილიკებიც, მუშებს რომ არაფერი შეემთხვეთ და სამშვიდობოს მალე გამოიყვანონ.

 

რას ამბობენ, ახალი წყლის სისტემის გაკეთების შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემაც მოგვარდება, თუ მარტო სარწყავი იქნება?

– ორივეს მოგვარებას გვპირდებიან და ვნახოთ. ეს კი არადა, ნიქოზელებს უთხრეს, წყლის ძველი მილები, ახალი – პლასტმასის მილებით უნდა შეგიცვალოთო. ზემო ნიქოზის გარდა, ქვემო ნიქოზში, ორივე ხვითში, მეღვრეკისში, კარალეთში და სხვა სოფლებშიც დიდი პრობლემაა ეს უწყლობა და ყველას გვინდა, რომ პირველად ჩვენთან შემოიყვანონ წყალი.

 

ალბათ ნიქოზის ძველი კაშხალიც გარემონტდება...

– რა თქმა უნდა, მაგის გაკეთების გარდა, არაფერი გამოვა. ისე, კარგა ჭკვინურად კი არის მოფიქრებული ყველაფერი. წყლის საგუბარის ერთი ნაწილი, შეიძლება ოკუპირებულ მიწებამდე მივიდეს, მაგრამ მთავარი, გამანაწილებელი სისტემები და რაც მთავარია – არხი, ჩვენს მხარეს იქნება. ერთადერთი, რაც რუსებს და კოკოითს შეუძლიათ ისაა, რომ წყალი მოგვიწამლონ, რაც სხვათა შორის, 1991 წელს, პირველი ომის დროს კიდეც გააკეთეს. თუმცა, დებილები ხომ არ ვართ... წყლის ხარისხს ჩვენც შევამოწმებთ.

 

იმედი გვაქვს, რომ საახალწლოდ, თქვენთვის მოსალოცად გვექნება საქმე და სასმელი წყალი მაგ დროს უკვე გექნებათ...

– ღმერთმა გისმინოთ! მარტო მოსალოცად კი არა, იმედია ღვინით დასალოცადაც გვექნება საქმე. ადრე, ჩვენ კუთხეში ღვინოც ბევრი გვქონდა, ხორბალიცა და საკლავიც. მთავარია წყალი იყოს და როცა იქნება, აქაც დადგება კარგი დრო...“

 

როგორც შიდა ქართლის გუბერნატორი ამბობს, ნიქოზის ჭალაში დაგეგმილია 25 ტონიანი წყლის ავზის მოწყობა და სოფელში წყლის სისტემის გაყვანა და საუბნო ონკანების დამონტაჟება. ეს ავზი სასმელი წყლისათვინ იქნება გამიზნული და რამდენიმე სოფელს (იმის გათვალისწინებით, რომ ავზი პერიოდულად შეივსება) სავარაუდოდ ეყოფა. სარწყავი წყლის მოსაგვარებლად კი, უფრო ფართო და მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. 

 

სასმელი წყლის პრობლემა შესაძლებელია წელსვე მოგვარდეს. სარწყავის საბოლოოდ დასრულებას კი, რამდენიმე თვე დასჭირდება და ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ მომავალ ზაფხულს, ეღირსებათ მათთვის ესოდენ ნანატრი სარწყავი წყალი.

 

წყლის პრობლემის მოუგვარებლობა, უბრალოდ, განადგურებას უქადის მთელი შიდა ქართლის დიდ ნაწილს. ადგილობრივი სასოფლო და საოჯახო მეურნეობები სარწყავ წყალზე სასიცოცხლოდ არიან დამოკიდებულნი. საბჭოთა კავშირის დროს დიდი ლიახვის ხეობაში სამი, პატარა ლიახვის ხეობაში ორი, მდინარე ფრონის ხეობაში კი ერთი ცენტრალური სარწყავი მაგისტრალი არსებობდა და წყლის ეს რესურსი მეტნაკლებად ჰყოფნიდათ გლეხებს. თუმცა, საბოლო ჯამში, წყლის სიმცირე ამ მხარეში მუდამ პრობლემატური საკითხი იყო და ადგილობრივებს შორის, სარწყავთან დაკავშირებით, შეხლა–შემოხლაც არაერთხელ მომხდარა.

 

“კოკოითსაც და სააკაშვილსაც ამდენი იარაღის ყიდვას აქამდე ჩვენთვის წყლის პრობლემა, რომ მოეგვარებინათ, ხალხი ცოტას მაინც ამოისუნთქებდა. ჩვენთან ომი არავის არ უნდა, ყველას გვინდა მშვიდობა იყოს და ნორმალურად ვცხოვრობდეთ, მაგრამ არავის არ აინტერესებს ჩვენ რას ვფიქრობთ. პენსია 100 ლარიც, რომ გვქონდეს რა აზრი აქვს, თუკი მთელი წლის მოსავალი დაგვიხმება და ჩაგვიოხრდება? მუშაობა არც ქართველებს ეზარება და არც ოსებს, მაგრამ ამ პირობებში არც მუშაობას აქვს აზრი. პენსიაზე კიდევ სოფელში ვერავინ იცხოვრებს“.  – ეს სიტყვები, სამაჩაბლოელმა ეროვნებით ოსმა, მურმან ქოქოევმა 2008 წლის ივლისში, ანუ ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე გვითხრა. მისი და სხვა უამრავი გლეხის სურვილი რომ აქამდე ვინმეს გაეთვალისწინებინა, სამაჩაბლოში არც ამდენი უბედურება დატრიალდებოდა და არც ელემენტარული – წყლის საკითხი იქნებოდა ასეთი პრობლემატური.