რამდენიმე ხნის წინ, საკვირაო წერილებში დროგამოშვებით ერთი ტრადიცია დავამკვიდრე - დრო და დრო ბატონ მიხეილ სააკაშვილზე ხალხში მოარული ანეკდოტების შეგროვება და მკითხველის სამსჯავროზე გამოტანა დავიწყე. ამ თემამ დიდი მოწონება დაიმსახურა და მისი გაგრძელება გადავწყვიტე.
„გაგრძელება“ ვახსენე და პირველ ოქტომბერს „მიშიკო“ სასტიკად დამარცხდა. იმედია ეს პიროვნება ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორეთ და ამ თემაზე წერა აღარ მომიწევს. ამბობენ წაქცეულ ადამიანს წიხლი არ უნდა დაარტყაო და ვიყოთ ერთსულოვნები. წავიდეს სააკაშვილი და მის შესახებ მოარულ ანეკდოტებსაც თავს სამუდამოდ დავანებებ.
ერთი კი მაინტერესებს. საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელს გველოდება. საქართველოს პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნება“ დიდი უმრავლესობით მოვიდა. როგორ აპირებს სააკაშვილი ამ ხალხთან მუშაობას? ალბათ საკუთარი ნებით ვადამდე ადრე უნდა გადადგეს და უახლოეს მომავალში მისი შემცვლელი ავირჩიოთ.
პირველ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა უმრავლესობით იმარჯვა, მაგრამ სიფრთხილე მაინც გვმართებს. დაჭრილი მხეცი სახიფათოა და გაუკონტროლებელი ფსიქიკის მქონე სააკაშვილს კუდის მოქნევის საშუალება არ უნდა მივცეთ.
ნება მომეცით პოლიტიკაზე საუბარი დროებით შევწყვიტო. საბოლოო გამარჯვებას უკვე მივაღწიეთ და ყველანი ახალ საქართველოში ცხოვრებისთვის უნდა მოვემზადოთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდ გამარჯვებას. დადგა დრო როდესაც საქართველო ნორმალურ განვითარებას დაიწყებს და ბოლოს და ბოლოს ნორმალურ ქვეყანაში არსებობა გვეღირსება.
„ანეკდოტები მიშაზე - 4“ ამ პიროვნების შესახებ ჩემი ბოლო „ირონიული“ ნამუშევარი იქნება. ყოფილ პრეზიდენტს მომდევნო წერილებში აუცილებლად დავუბრუნდები, რადგან მისი „მოღვაწეობის“ შესახებ რადენიმე დიდი ტომის გავსებაა შესაძლებელი.
1. მიშას არასდროს არ აქვს განდიდების მანია, ის უბრალოდ ღმერთია.
2. მიშას ეკითხებიან, კადაფი, მუბარაქი, სარკოზი, ყველა შენი თაობა წავიდა და შენ რაღას უყურებო ?
მე “რუსთავი 2”-ს და “რეალტივის” ვუყურებო.
3. ბუში შედის საპარიკმახეროში. პარიკმახერი სააკაშვილს კრიჭავს და თან ყურში ეუბნება: - ივანიშვილი, ივანიშვილი, ივანიშვილი. ბუში ეკითხება - მაგას რატომ ეუბნებიო? პარიკმახერი პასუხობს - მაგ დროს თმები ყალყზე უდგება და ადვილად ვკრიჭავო.
4. ახალი მარკები გამოუშვეს მიშას გამოსახულებით მაგრამ არავინ იყენებსო. რატომ არავინ იყენებსო? რატომ და ზოგი წინიდან აფურთხებს,ზოგი კი უკნიდან იმდენს ლოკავს წებო სძვრებაო.
5. სააკაშვილს ეკითხებიან, რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანსო ? შსს მინისტრის პოსტის დატოვებასო - სწრაფად მიუგო მიშამ.
6. ქუთაისში იმხელა პარლამენტი ააშენეს ხონში მზე 11 საათზე ამოდისო...
7. რამდენ ხანში შეიქმნა დედამიწა? პასუხი: 6 დღეში, მეშვიდე დღეს სააკაშვილი მოვიდა და გახსნა.
8. მიშას ეკითხებიან: ბედნიერი ერების რანგში 118 -ე ადგილზე რომ ხართ, ამაზე რას იტყვითო? ცოტაც მოითმინეთ და NDI გეტყვის ყველაფერსო.
9. წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო, მაღალი მიშა კიდევ დონალდ ტრამპსო.
10. მიშას ეკითხებიან: რომელია ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია? ქდმ - უპასუხა მიკუზამ. და რატომ ქდმ ?რატომ და, დაბმული რას შვრება და მის ჭკუაზე რომ გაუშვა, მერე რას იზამსო.
11. მიშა ამბობს მალე ევროპაში 36 მანეთად გადავფრინდებითო. ივანიშვილმა ეს რომ გაიგონა - აუჰ, რა ქვეყანა უნდა დავანგრიო, ოქტომბერშიო.
სააკაშვილი ცოტა ხნით დავასვენოთ და ხალხში მოარულ რამდენიმე ახალ ანეკდოტსაც შემოგთავაზებთ.
- როგორ უყურებ ჩვენს ხელისუფლებას?
– როგორც ცოლს.
– ეგ როგორ?
– ცოტათი მიყვარს, ცოტათი მეშინია, ცოტას ვაქებ, ცოტას ვატყუებ, მაგრამ მაინც სხვა მირჩევნია“.
„მეცოცხე შედის ცოცხების ცეხში და 99 ცალი ცოცხი მომეცითო. ბარემ 100 აიღეო ? 100 რა, ბაჩო ახალაია კი არ ვარო.“
„გურიაში ნაცების მანქანა გადაბრუნდა. გურულებმა მაშინვე დამარხეს ხალხი. პოლიცია მოვიდა და ეუბნება:
– რეიზა დამარხეთ ეგება ცოცხალი იყო რომელიმეო?!
– ერთი ორმა ქე წეიკრუსუნა - ცოცხლები ვართო, მარა მაგენის, ძამა, დეიჯერება რამე?“
„ბაჩო ახალაია სახლს არასოდეს არ ალაგებდა თვითონ იმიტომ რომ კაკულიამ თავის დროზე გააფრთხილა: "იცოდე, ცოცხებს ახლოს არ გაეკარო არასოდეს, თუ გინდა რომ აწყობილი ცხოვრება არ დაგემხოს თავზეო...", მაგრამ რას იზამ... ბედის მოტყუება ასე ადვილი არ ყოფილა..“
წერილის დასასრულს კი კვლავ მიხეილ სააკაშვილს დავუბრუნდეთ და მისი რამდენიმე გამოსვლის ნაწყვეტს შემოგთავაზებთ. ეს ციტატები ერთდროულად სახალისოც არის და დამაფიქრებელიც. ალბათ ბედის ირონიას თუ დავარქმევთ, ბოლო რვა წლის განმავლობაში სრულიად საქართველო ასეთი გაუწონასწორებელი პიროვნების შემყურე რომ გახლდათ.
"მინდა გითხრათ, რომ საქართველოში უფრო მეტი ქართველია მუსულმანი, ვიდრე არის ქართველი ქრისტიანი... თვითონ ქართველებიც მრავალ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. დღეს ქართველები წარმოშობით შეიძლება იყვნენ ოსები, სომხები, შეიძლება იყვნენ აზერბაიჯანიდან ჩამოსული... ზოგი წერს, რომ ის არის ქართველი, ზოგი ფიქრობს რომ ის ჯერ კიდევ არის სომეხი, აზერბაიჯანელი მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის."
" ადამიანი იზომება თავისი ნიჭიერებით, წესიერებით, პატრიოტიზმით, შრომისუნარიანობით და არა რელიგიით და ეთნიკურობით.“
„საქართველო არის მრავალეთნიკური ქვეყანა. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ბევრია ქართველი მუსულმანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა ადამიანს ჰქონდეს წარმატების და კარიერის მიღწევის საშუალება.
ჩვენ აქ გვესწრება დიმიტრი შაშკინი, მისი სახელიც და გვარიც რუსული წარმოშობისაა..."
„ბათუმში უფრო მეტი 5–ვარსკვლავიანი სასტუმროა ვიდრე მოსკოვში.
ბათუმი უკვე ისე ავაშენეთ, რომ მაიამის და იბიცას დონეზეა.“
"გავიხსენოთ დიდი ილიას სიბრძნე. მე ძალიან ხშირად ვიმეორებ და ძალიან მიყვარს ეს სიტყვები - ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ნაწილი ვართ ერისა და ამიტომ ჩვენი ბედნიერება უნდა ვეძებოთ მთელი ერის ბედნიერებაში და არა ცალკე. დიდი ილიას სიტყვები ლექსად, სიმღერით წარმოთქვა ჩვენმა მგოსანმა, ჩვენმა აკაკიმ: ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო! აი აქ უნდა მივიდეთ ჩვენ, აი ეს უნდა გავიაროთ, აი ეს უნდა გავითავისოთ, ამით მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენება და მხოლოდ მაშინ შევძლებთ ავიხდინოთ ქართული ოცნება"
"ამ გაქსუებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხალხს კი არა, თავიანთ კეთილდღეობას ემსახურებიან, ჩვენ გავისტუმრებთ მოუსავლეთში, აღარ იქნება კორუფცია და ყველანი იქნებიან ხალხის სამსახურში, ცოტაც მოითმინეთ, ხალხო!"