საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო. საქმე ეხება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას, რომელიც ინიციატორთა მოთხოვნით დაჩქარებული წესით განიხილებოდა.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, იგეგმებოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება, რაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდეგ გაცემას გულისხმობდა.
კანონპროექტს 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო კანონპროექტის დამტკიცებას 76 ხმა სჭირდებოდა.
დეპუტატებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ განმარტეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ხმა არ ესმოდათ და ვერ გაიგეს, რომელ კანონპროექტს უყრიდნენ კენჭს.
პარლამენტის თავმჯდომარეს უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ მიმართა და მომხდარი გაუგებრობას დააბრალა:
„გაუგებარად ითქვა რა კანონზე იყო საუბარი და თუ შესაძლებელია კენჭისყრის ხელმეორედ ჩატარება იქნებ ჩავატაროთ“, – განაცხადა კობერიძემ, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.