რა პერსპექტივა აქვს მონარქიის აღდგენის იდეას ბაგრატიონთა ოჯახში არსებული სკანდალური დაპირისპირების ფონზე? როგორც ცნობილია, თავის დროზე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის შეუღლება საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენის მიზნით მოხდა, თუმცა წყვილი ერთმანეთს არათუ დაშორდა, არამედ ახლა მათ შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს, როგორც თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე, ისე დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.
ცნობილია, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო უკვე დატოვა, თუმცა მისი ადვოკატი ლევან ჩხეიძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას ამბობს, რომ დაშორების მიუხედავად სამეფო ტახტი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ეკუთვნის, რომელიც მემკვიდრეობით მის ვაჟს, გიორგის გადაეცემა. ეს იმ შემთხვევაში, თუ კვლავ დადგება დღის წესრიგში მონარქიის აღგენის იდეა. ადვოკატი ამბობს, რომ ისტორიულად სამეფო ტახტი მამაკაცებზე გადადიოდა, თამარ მეფეს კი ადვოკატი უზურპატორად მიიჩნევს და ამბობს, რომ სამეფო გვირგვინი მან უკანონოდ დაიდგა.
“მიუხედავად იმისა, როგორ გადაწყდება სამართლებრივი დავა, ამას არანაირი კავშირი არა აქვს იმ პოლიტკურ მოვლენასთან, რომელიც შეიძლება სამომავლოდ დღის წესრიგში დადგეს მონარქიის აღდგენის კუთხით. მათი შეუღლება იყო სიმბოლური აქტი და პოლიტკური შეთანხმება ორ ოჯახს შორის, რომელიც დაარღვია გრუზინსკების ოჯახმა. ანუ სახეზე გვქონდა დინასტიის ორი სხვადასხვა შტო, რომელთაც ისტორიულად ჰქონდათ მწვავე დაპირისპირებები.
ახლა ვის ეკუთვნის ტახტი? ცხადია, უპირატესი ჩვენი მხარეა, მათ აქვთ თავისი არგუმენტები, ჩვენ – ჩვენი. მთავარი ხალხის გადაწყვეტილება – სურთ თუ არა მონარქიის აღდგენა. თუ ამ საკითხს გადაწყვეტენ, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული წარსული. ისტორია კი ამბობს, რომ სამეფო ღირსება გადადიოდა მამიდან ვაჟზე, ანუ მამაკაცზე. ქალზე სამეფო ღირსება არ გადადიოდა. ეს გიორგი XII-ს ვაჟს, დავით გამგებელს თავის აღწერაშიც აქვს ნათქვამი. იქ ვკითხულოთ, რომ ქვრივებზე და პრინცესებზე სამეფო ღირსება არ გადადის. ანუ ყველა შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კაცის მხარეს. თამარ მეფის შემთხვევა ეს არის ბევრად უფრო ძველი პერიოდი. მაგ შემთხვევაში დაირღვა მაშინ არსებული კანონი, ასევე დაირღვა მეფის ანდერძი, საუბარია დავით V-ს ანდერძეზე, რომლის თანახმადაც ტახტზე უნდა ასულიყო მისი შვილი დემნა. იქ მოხდა ტახტის უზურპაცია და მეფემ ფიზიკური ძალით განახორციელა სწორედ უზურპაცია და თავისი ქალიშვილი გამოაცხადა მემკვიდრედ. ვინც მას არ დაეთანხმა ან თვალები დათხარა, ან კოჭები დაუმტვრია. თამარი, როგორც ასეთი იყო უზურპატორი, მან მოახდინა ხელისულების უზურპაცია”, – აცხადებს დავით ბაგრატიონის ადვოკატი ლევან ჩხეიძე.