„რას დააჭირე ირმა ასეთს?”

„რას დააჭირე ირმა ასეთს?”

„პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში ვენეციის კომისიასთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.

ფოტოებში არ ჩანან ემზარ კვიციანი და ადა მარშანია,  ინაშვილის “ფეისბუქ” – პოსტი ემზარ კვიციანმა პირად გვერდზე გააზიარა და მიაწერა: „რას დააჭირე ირმა ასეთს, რომ მე და ადა გაგვაქრე სურათებიდან?”, – მიმართა კვიციანმა ინაშვილს.

ცნობისთვის,  1-ელ აპრილს საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დემოკრატების“ წევრები ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

ფრაქციის წევრებმა ვენეციის კომისიის წევრებს გააცნეს მოსაზრებები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესსა და კრიტერიუმებს შეეხება. როგორც ირმა ინაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე ფრაქციის წევრებმა ისაუბრეს კანონპროექტის როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ ნაწილზე.

„ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ მხარს არ ვუჭერთ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს. მხარს არ ვუჭერთ იმიტომ, რომ ის ფრაგმენტულ ცვლილებებზეა გათვლილი და ეს რეალურ, ფუნდამენტურ ცვლილებებს ვერ განაპირობებს მართლმსაჯულების სისტემაში და ვერც მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. სწორედ ამიტომ, ვისაუბრეთ იმაზე, რომ უნდა განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმა და უნდა გაუქმდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. ჩვენი სახელმწიფო და მართლმსაჯულების სისტემა მზად არ არის მოსამართლეთა უვადოდ განწესებისთვის. უნდა იყოს ათწლიანი ვადა მაინც, აუცილებლად უნდა იყოს გამოსაცდელი სამწლიანი ვადა მაინც ამ მოსამართლეებისთვის. ჩვენ, ასევე, ვთქვით, რომ უნდა შეიქმნას მოსამართლეების ახალი კლასი, მართლმსაჯულების სისტემიდან ნელ-ნელა უნდა გამოვიდნენ ის ადამიანები, რომლებსაც არ ენდობა ქართველი ხალხი. დიდი იმედი მაქვს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება ძალიან მკაფიო და მკაცრი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეხვედრაში, ასევე ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია და ფრაქციის წევრები ადა მარშანია და ემზარ კვიციანი მონაწილეობდნენ.