“სცენას, როგორ მიდის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი დაკითხვაზე ქალაქის პოლიციაში, ჩვენი მოსახლეობა ვერ ნახავს”, – ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხდა.
მისი თქმით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ბრალდება იმის შესახებ, რომ ყოფილი მეუღლე მას ფიზიკურად გაუსწორდა, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.
„განსხვავებით ჩვენი მოწინააღმდეგე მხარისგან, ჩვენს მხარეს არ დაუკარგავს თავმოყვარეობა. სცენას – როგორ ადის დავით ბაგრატიონ- მუხრანელი ქალაქის სამმართველოში, ჩვენი მოსახლეობა ვერ ნახავს. ეს სცენა არ დაიდგმება. კიდევ ერთხელ ვამბობ, სცენას, რომ საქართველოს სამეფო სახლის მეთაური მიდის დაკითხვაზე ქალაქის პოლიციაში, ვერავინ ნახავს იმიტომ, რომ ეს ბრალდებები არის ცილისწამება. ეს არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი“, – განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, თუ დავით ბაგრატიონს დაკითხვაზე დაიბარებენ და საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარს იტყვის, დაეკისრება თუ არა მას პასუხისმგებლობა, ადვოკატი პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში ბაგრატიონი აღნიშნულს პოლიტიკურ დევნად შეაფასებს.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის განცხადებას, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე სარკასტული პოსტით ეხმაურება:
“რათა კაცო? პოლიციაში რად ვერ მივა? თუ მარტო ტუალეტში დადიან მეფეები ფეხით?!
პ.ს. რა გინებაც მოგივათ თავში აქ არ დაწეროთ. ტეხავს, მაინც მეფეა“, – წერს უგულავა.
ცნობისთვის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონის დედას გულის შეტევა დაემართა. მისი თქმით, ბაგრატიონის ესპანეთში გამგზავრება სწორედ ამას უკავშირდება.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, ფიზიკური ძალადობაში, ფსიქოლოგიურტერორში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს.
სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში დაზიანებები, რომლებიც ბაგრატიონ-გრუზინსკის აქვს მიღებული, 2014 წლით არის დათარიღებული.
დედოფალი ამ საქმეზე ორჯერ დაიკითხა. გამოძიება კი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.