პუტინს მხოლოდ დაშინების პოლიტიკა ესმის

პუტინს მხოლოდ დაშინების პოლიტიკა ესმის"- აშშ-ის კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

აშშ-ის კონგრესში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს აშშ-ის არჩევნებში სხვა ქვეყნების ჩარევის თავიდან აცილება. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში პოტენციურ საფრთხეებად ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეაც არის მოხსენიებული, ის უმთავრესად რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული.

ეს უკვე მეორე კანონპროექტია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს და რომელიც კონგრესის ახალმა შემადგენლობამ შეიმუშავა. პირველი იყო კანონი „აშშ-ის უსაფრთხოების კრემლის აგრესიისგან დაცვასთან დაკავშირებით.“

ახალი კანონპროექტის ავტორები დემოკრატი კრის ვან ჰოლენი და რესპუბლიკელი მარკ რუბიო არიან.

„იმდენად, რამდენადაც ვლადიმირ პუტინს მხოლოდ დაშინების პოლიტიკა ესმის, ეს კანონი აბსოლუტურად აშკარად გააგებინებს რუსეთსაც და სხვა მტრულად განწყობილ ხელისუფლებებსაც, რომ აშშ დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს ჩვენს არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით,“- განაცხადა მარკ რუბიომ.

კანონპროექტი ითვალისწინებს არჩევნებში შესაძლო ჩარევის შემთხვევაში სანქციების შემოღებას რუსეთის ეკონომიკის საბანკო, ენერგეტიკულ და თავდაცვით სექტორებში, ასევე, რუსეთის სახელმწიფო ვალთან დაკავშირებითაც.