თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) თებერვლის თვის აგრომიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ, რამდენადაც ხორბლის წარმოების პროგნოზი 2019 წლისთვის არც თუ დამაიმედებლად გამოიყურება.
კერძოდ, მოსალოდნელია რუსეთში ხორბლის წარმოების 16%-ით შემცირება, ხოლო ქვეყნის ექსპორტი შესაბამისად 11%-ით დაიკლებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ხორბლის ფქვილის წმინდა იმპორტიორია და რუსეთის წილი საქართველოს ხორბლის ფქვილის იმპორტში დაახლოებით 90%-ს შეადგენს, ISET-ის შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციები ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
„აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, მსოფლიოში ხორბლის წარმოება 2019 წელს 734.75 მლნ ტონა იქნება, რაც 4%-ით ჩამოუვარდება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს (763.18 მლნ ტონა). მაშინ, როცა ხორბლის მთლიანი მოხმარების პროგნოზი 747.23 მლნ ტონაა - უფრო მაღალი, ვიდრე წარმოებული რაოდენობის პროგნოზი. ეს ნიშნავს იმას, რომ 2019 წლის ბოლოს მარაგები უფრო დაბალი იქნება, ვიდრე წინა წელს“, - აღნიშნულია მომოხილვაში.