ოპოზიციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი წევრი მამუკა გამყრელიძე, ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება.
“კამათი ატეხილა, უნდა ეთქვა თუ არა სააკაშვილს, რომ ნატოს დათმობას აპირებდა ტერიტორიული მთლიანობის მაგივრად. ზოგი ამისთვის ლანძღავს, ზოგი აქებს, ზოგიც დაბნეული აქეთ იქით იყურება და არ იცის რა რეაქცია გამოხატოს.
მე გამიკვირდა მიშამ, რომ ამაზე საერთოდ დაიწყო საუბარი. გამიკვირდა, რადგან მიშამ ჩემზე, თქვენზე და ბევრ სხვაზე უკეთ იცის (რადგან ჩვენზე უკეთ არის ინფორმირებული), რომ არანაირი დათმობა რუსეთთან არ ჭრის. სანაცვლოდ ვერასდროს ვერაფერს მივიღებთ. ნატოს დავთმობთ და არათუ აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დაგვიბრუნებენ, არამედ კიდევ რამეს წაგვართმევენ. იცის ეს მიშამ ძალიან კარგად.
არც დათმობა და არც დათბობა რუსებთან არ გამოგვივა. მიზეზი ერთია, საქართველო მათი სასიცოცხლო ინტერესების სფეროშია მოქცეული.
კიდევ თუ ვინმეს აქვს ამის იმედი…. რა გითხრათ აბა “– წერს მამუკა გამყრელიძე.