თქვენ ფასეულობები გაქვთ გამრუდებული

თქვენ ფასეულობები გაქვთ გამრუდებული

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ადა მარშანიას შორის ანტიდისკრიმინაციული კანონპროეექტის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცვლილებები ემზარ კვიციანმა წარადგინა, რომელიც კანონიდან ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვს. ამ ცვლილებებს თამარ ჩუგოშვილმა დისკრიმინაციული უწოდა, რასაც ადა მარშანია გამოეხმაურა.

„სრული შთაბეჭდილება მექმნება, რომ თქვენ გაქვთ ფასეულობები გამრუდებული, ქალბატონო თამარ. არ ემთხვევა ის თქვენი ფასეულობები ჩვენს ფასეულობებს. იმ ადამიანებს, ვინც სხვანაირად ვმსჯელობთ, ცოტა ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ასეთი აგრესიული, დღევანდელი თქვენი რეაქციები ამ კანონპროექტის განხილვისას, აი ამაზე მეტყველებს ზუსტად. თქვენ თავად აყენებთ იმ ადამიანს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, რომელიც ამ აქტუალურ და სასიცოცხლო თემაზე მსჯელობს აქ და თავის აზრს აფიქსირებს. სრული შთაბეჭდილება მექმნება, რომ გამრუდებული გაქვთ თქვენ ფასეულობები“,- განაცხადა ადა მარშანიამ.

როგორც მარშანიამ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომის წამყვანი არის თამარ ჩუგოშვილი.

„ეს პარლამენტი საქართველოს პარლამენტს ნაკლებად ემსგავსება. თქვენ კლასიკური აგენტი ხართ, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაღუპა“, – მიმართა ჩუგოშვილს მარშანიამ.

„თქვენთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ, ქალბატონო ადა. შეგიძლიათ, მიკროფონებთან გარეთ გააგრძელოთ ამ ტონალობაში საუბარი. აი, ასეთი პასუხია. მე არ ვაპირებ თქვენთვის პასუხის გაცემას. დამშვიდდით ქალბატონო ადა, დაწყნარდით, დამშვიდდით, ადგილიდან ყვირილიც არ არის კარგი საქციელი. ვიმეორებ, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივაზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, კვიციანი მიიჩნევს, რომ კანონში ტერმინების,  „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ არსებობით ზნეობრივი ნორმები ირღვევა.

შეგახსენებთ, თამარ ჩუგოშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის კანონპროექტს დისკრიმინაციული უწოდა და მხარი არ დაუჭირა.