"ჩემი მეუღლე სარგებლობდა სანამ პატრონი გამოჩნდებოდა"

"ლეოგრანდის" ხანძრისას გარდაცვლილ 22 წლის ბექა შატაკიშვილს მეხანძრე-მაშველმა მობილური ტელეფონი მოპარა და ცოლს აჩუქა - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძემ გაავრცელა.

​"პრაიმტაიმი" ბექა შატაკიშვილის დედას დაუკავშირდა. როგორც ქეთი მირძველი ამბობს, შვილის ტელეფონს წელიწადანახევარი ეძებდა და სიმბარათის გააქტიურების შემდეგ პოლიციამ იპოვა.

"ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ტელეფონი ვერ იპოვეს. დაახლოებით 2-3 თვე ვაკვირდებოდა და "მესენჯერი" იყო აქტიური. გამომძიებელს დავუკავშირდი, ვუთხარი რომ ბავშვის "მესენჯერი" აქტიური იყო და ვკითხე რა ხდებოდა? გამომძიებელმა მითხრა, რომ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა, რადგან ტელეფონი არ იყო ნაპოვნი. ამის შემდეგ კი ტელეფონის ყუთით განვაცხადე პოლიციაში. სისტემატიურად მქონდა გამოძიებასთან კონტაქტი და ამდენი ხნის განმავლობაში ტელეფონი არ ჩანდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ, სიმბარათი გააქტიურდა და პოლიციელებმა ჩემი შვილის ტელეფონი იპოვეს. ვინც ტელეფონი მოიპარა მთელი მისი ინფორმაციაა ჩარჩენილი, ანუ რომ დაიჭირეს ეტყობა წაშლა ვერ მოასწრო. ტელეფონი მაშველმა როინ სურმანიძემ მოიპარა და მის ცოლს აჩუქა. ამ კაცმა თვითონ დამირეკა და მითხრა, რომ ტელეფონი უცხოელის ეგონა. მაგრამ რა გამოდის, რადგან უცხოელის იყო უნდა მოეპარა? მაგრამ ეს ხომ ზღაპრებია. ბავშვის ფოტოები და ვიდეოები წაშალა და მისი საოჯახო ალბომი ატვირთა. გუშინ ველაპარაკე ტელეფონით და თავის მართლების რეჟიმშია, პატიებას ითხოვს. წელიწადნახევარი ტელეფონს იყენებდა და როგორ უნდა ვაპატიო?!. სასამართლოს მიმართვას რა აზრი აქვს, მთელმა საქართველომ გაიგო, რაც ჩაიდინა. ახალგაზრდა კაცია და მიცვალებულები გაძარცვა, მაგას რათ უნდა სასამართლო" - ამბობს ქეთი მირძველი.

როგორც როინ სურმანიძე "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, ტელეფონის პატრონის გამოჩენისას ტელეფონს დააბრუნებდა. მისი თქმით, მას ტელეფონის პოვნისას პოლიციისთვის არ მიუმართავს.

"არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი. ტელეფონი გატეხილი იყო და სიმბარათი არ იდო შიგნით. გავაკეთე ტელეფონი და თუ ვინმე მოიკითხავდა გადავცემდი. უბრალოდ, ჩემი მეუღლე სარგებლობდა სანამ პატრონი გამოჩნდებოდა", - ამბობს როინ სურმანიძე.

როინ სურმანიძემ 2 დღის წინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დატოვა.