ძველი თბილისი მაინც განსაკუთრებული ფენომენი გახლდათ. მრავალმა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. ბატონი რამაზ ჩხიკვაძე იხსენებს:
“თბილისში, ჩვენს უბანში ძველი ბიჭები ცხოვრობდნენ. ზარს თამაშობდნენ ხოლმე. ერთ დღეს მილიცია დაესხათ თავს. ფულს მოხვიეს ხელი, წყალსადენ მილში შეტენეს და გაიქცნენ.
მივედი, ავიღე ფული, მაისურში ჩავიყარე. გამომებერა მუცელი, იმდენი იყო! წავიღე და შინ ტახტის ქვეშ დავმალე. ის ბიჭები 3-4 დღე არ გამოჩენილან. როცა მოვიდნენ, ერთ-ერთს დავუძახე. რა გინდაო, - შემომიბღვირა. ფული მე შევინახე-მეთქი. გენახათ, რა გაიხარეს. გავხდი მაგათი საყვარელი ბიჭი რამაზა.
ერთხელ, ბავშვებმაც მოვინდომეთ ზარის თამაში. ფულზე არ ვთამაშობდით, მაგრამ გულზე ხელს იმ ყომარბაზებივით ვიბრაგუნებდით. ამ დროს ის ბიჭები არ დაგვადგნენ თავზე? რაც იმათ გვირტყეს! ერთმა კამათლები დამიტრიალა სახეზე, დამინგრია ცხვირ-პირი. იცოდნენ, რომ ცუდს აკეთებდნენ და ჩვენ არ მოგვცეს ცუდის გაკეთების უფლება. ყველას თავისი ღირსება ჰქონდა. ადრე ქურდი თავის უბანში არაფერს მოიპარავდა, ახლა შვილი მამას ჰპარავს. ხაზინიდან ხომ, იპარავენ და იპარავენ”.