„საქართველო იყო ზედმეტად წარმატებული მათთვის,“ – ამის შესახებ საქართველოს ექს- პრეზიდენტმა აგვისტოს ომის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას გადაცემაში “კვირის აქცენტები” განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რუსეთმა მეზობელ ქვეყნად წარმატებული სახელმწიფო ვერ აიტანა, რასაც ომი მოჰყვა.
„მათ უკანა ბოსტანში, ეზოში უცებ გაიზარდა რაღაც, სადაც კორუფცია არ იყო, სადაც ყოველგვარი ნავთობის და გაზის გარეშე ვაშენებდით ქალაქებს, სადაც მთელი მსოფლიო შეგვნატროდა, აშშ-ის პრეზიდენტი ჩამოდიოდა და ცეკვავდა, სადაც “CNN” – ზე გატრიალებდნენ, ლამაზი სურათები იყო და ა.შ… წარმატება რუსეთის ბოსტანში ვერ გვაპატიეს,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
გადაცემის წამყვანის, ნიკა გვარამიას კითხვაზე, იყო თუ არა ომის გამომწვევი პირადი ფაქტორი, სააკაშვილმა ასე უპასუხა: – „მე მქონდა თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება (პუტინთან), მაგრამ ძალიან ზრდილობიანი. პუტინს ყოველთვის ჰქონდა ჩემ მიმართ რაღაც სიმპათია“.