"გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ვანო მერაბიშვილის გადაყენებას ვაპირებდი" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ეთერში გადაცემა - "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი შეცდომად მიიჩნევს, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.
"ეს რომ არ გავაკეთე შეცდომა იყო. მაშინ მოვიდნენ ჩემთან... და ეს პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე. რამდენიმე დღეში დაიჭირეს ეს ადამიანები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ საქმეში", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ის ასეთ საქმეებში არ ერეოდა. "არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა, არც რობაქიძის და ბოდიშით, ღორობაა ჩემთვის ამის დაბრალება" - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოში გირგვლიანის საქმეზე დასკვნა თეა წულუკიანმა დაწერა, რომელიც იმ დროს ევროსასამართლოში მუშაობდა.