უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი ვაშაძის პეტრო პოროშენკოს შტაბში მუშაობა ე.წ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ შესაძლოა, სათავისოდ გამოიყენოს, - განაცხადა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების კომენტირებისას.
"2020NEWS"-თან საუბარში ძაბირაძე აღნიშნავს, ვაშაძის პოროშენკოსთვის მხარდაჭერა ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციის რღვევას ვერ გამოიწვევს.
"გვინდა თუ არა, ჩვენ და უკრაინა ერთმანეთს ვართ მიბმული საერთაშორისო თვალსაზრისით. უკრაინელები ზელინსკის აირჩევენ პრეზიდენტად თუ პოროშენკოს, ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდები. თუ მკითხავთ, რა ხდება ე.წ. გაერთიენებული ოპოზიციის შიგნით და დაიძაბება თუ არა მათ შორის ურთიერთობა, გეტყვით, რომ არა.
გიორგი ვაშაძეს შეუძლია თქვას, რომ ის უკრაინაში სხვა ორიენტირს ანიჭებს უპირატესობას და სააკაშვილი და მისი გუნდი - სხვას. თუ დავსვამთ კითხვას, ხომ არ გამოიწვევს ეს მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის დაშლას, გეტყვით, რომ არ მგონია. ეს არ იქნება გადამწყვეტი ურთიერთობების გამწვავებაში, თუკი ეს ურთიერთობები გამწვავდა, გიორგი ვაშაძის პოროშენკოს მხარდაჭერა არ იქნება“, - აცხადებს ექსპერტი.
ძაბირაძე ასევე აღნიშნავს, რომ შეიძლება ვაშაძის პოროშენკოს შტაბისთვის მუშაობა ტაქტიკური ნაბიჯი იყოს და რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯოს, გაერთიანებულ ოპოზიციას ორივესთან ექნება მისასვლელი გზა. შეგახსენებთ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იულია ტიმოშენკოს დაუჭირა მხარი.
"მოხარული ვიქნებოდი, რომ მეორე ტურში, პოროშენკოს ნაცვლად, ტიმოშენკო გასულიყო. მაშინ მე თვითმფრინავში ჩავჯდებოდი და ჩამოვიდოდი", - თქვა სააკაშვილმა.
ამავდროულად, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოსწონს. ცნობისათვის, უკრაინაში არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.