ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგაც საზოგადოებამ არ იცის პასუხი, როგორ დაიღუპა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი. სამაგიეროდ, პოლიტიკოსებმა ძალზე მოუხშირეს სოფელ ხიბულაში მივიწყებულ გზაზე სტუმრობას. ამ გზას მოულოდნელად ბიძინა ივანიშვილიც დაადგა.
„ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა“, - გულუხვი დაპირებები მისცა ბიძინა ივანიშვილმა ხიბულელებს და იმ სახლშიც იმყოფებოდა, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა. ამ ისტორიულ სახლში ფონდი „ქართუ“ მუზეუმს გახსნის, აქვე გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია. სოფელი უზრუნველყოფილი იქნება გაზიფიცირებით, წყალმომარაგებით, მოხდება გზის რეაბილიტაცია. თუ ამ ყველაფერს ბიუჯეტი ვერ შესწვდება, ბიძინა ივანიშვილი თავად გაიღებს თანხებს.
ზვიად გამსახურდიას მიმართ პატივის მიგება ამით არ ამოწურულა. პრემიერის გადაწყვეტილებით, ზუგდიდში პირველი პრეზიდენტის ბიბლიოთეკა აშენდება, ხოლო თბილისში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ზვიად გამსახურდიას მეგობრები და საზოგადო მოღვაწეები მიაგებენ პატივს.
31 მარტს 80 წელი შეუსრულდებოდა ხალხის მიერ ერთსულოვნად არჩეულ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელმაც ქართველი ერის დიდ სიყვარულთან ერთად დევნილობაც იწვნია და ტრაგიკული აღსასრულიც, მაგრამ იგი სწორედ ამ ბრძოლაში ხედავდა საქართველოს სულიერ მისიას და ასეთ ფინალს არ გაქცევია.
ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავის პომპეზურად აღნიშვნა ამ ხელისუფლების გულწრფელი სურვილია?! ამის შესახებ For.ge-ს „სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე ესაუბრა.
გაპრეზიდენტების საწყის ეტაპზე სააკაშვილსაც ჰქონდა სენტიმენტები ზვიად გამსახურდიას მიმართ, როცა ამბობდა, რომ ზვიადი იყო პოლიტიკის ყველაზე დიდი სუპერ-გენიოსი, მსოფლიოს ვერც ერთი უდიდესი ლიდერი ვერ მოახერხებდა მასზე მეტს, რაც შეძლო ზვიადმა და რაც მოასწრო. სააკაშვილმა პირველი პრეზიდენტი გროზნოდან საქართველოში ჩამოასვენა, მაგრამ სააკაშვილის მთელი მოღვაწეობა იყო ანტიპოდი იმისა, რისთვისაც ზვიადი იბრძოდა. დღესაც ხომ არ ჩნდება ეჭვი, რომ ეს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სამეგრელოს ტყუილად არ მიაპყრობდა ყურადღებას?
- ზვიად გამსახურდია არის ის კაცი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თანაც, ამ გამოცხადების აქტში, პირდაპირ ვიტყვი, ზვიადმა ის სიბრძნე ჩადო, რომ მანამდე ჩაატარა რეფერენდუმი იმის შესახებ, ქართველ ერსა და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას სურდა თუ არა დამოუკიდებელობა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ეს იყო ძალიან სერიოზული გადამწყვეტი ნაბიჯი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შევარდნაძე დამოუკიდებლობას არ შეგვარჩენდა. ამიტომ ზვიად გამსახურდიას 100%-ით ეკუთვნის იქ ყოფნა, სადაც ასვენია, ანუ მთაწმინდაზე და ეკუთვნის ყოველგვარი პატივისცემა მისი ცხოვრების თარიღების აღნიშვნისას.
ახლა რა უნდა ბიძინა ივანიშვილს და რა არ უნდა, ეს ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი დიდ გასაჭირშია, გამორიცხულია, რომ ის ხელისუფლებაში დარჩეს, ამიტომ ეძებს სხვადასხვა პროპაგანდისტულ, პრესტიჟულ ნაბიჯებს.
ზვიადის სახელით ბიძინა ივანიშვილი ხიბულელებს არაერთ სიკეთეს დაჰპირდა. დაიჯერებენ მეგრელები ბიძინას გულწრფელობას, თუ სამეგრელოში მაინც „ნაციონალების“, ანუ სანდრას გავლენაა ძლიერი?
- მეგრელების აზრი იგივეა, რაც ყველა დანარჩენი ქართველის აზრი - კახელების, გურულების და სხვების აზრი, არავითარი სხვა აზრი სამეგრელოში არ იქნება. მე მგონი, დავის საგანი არ გახდება ის ფაქტი, რომ ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიასთან დაკავშირებულ ადგილებს განსაკუთრებული ნიშანდება, გამოყოფა ეკუთვნის.
თავის დროზე სააკაშვილი პიარისთვის იყენებდა ზვიადის ფაქტორს, გროზნოდან საქართველოში მის ჩამოსვენებას, თუმცა ამას მოჰყვა ცოტნე გამსახურდიას ციხეში ჩასმა და ზვიადის ვაჟის მძიმე პირობებში ყოფნა სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან. დღეს შესაძლოა, ზოგიერთებმა იფიქრონ, „ქართული ოცნება“ აქამდე სად იყო? რატომ არ ახსოვდათ ზვიადი?
- ალბათ, სხვადასხვა დროს იყენებდნენ ზვიადის სახელს. რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას, იგი კეთილშობილი და პატივსაცემი კაცია, ცოტნეს აზრს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ საქმეში გადამწყვეტი არავის კერძო აზრი არ იქნება. აქ მთავარია ის, რაც ბუნებრივი გზით ქართველი ერის საერთო აზრია ზვიად გამსახურდიას ფენომენთან მიმართებით და აქ კუთხეებს შორის განსხვავება არ იქნება.
ბიძინა ივანიშვილსაც უჩნდება კითხვები, როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, ცოტა ხანში სწორედ ამ დამოუკიდებელ საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა ისევ საკუთარი თანამემამულეებისგან დაუნდობლად დევნილი. ივანიშვილი ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გამოიძიონ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ამბავი. უფრო ადრე კი წინასაარჩევნოდ ხობში ჩასულმა სალომე ზურაბიშვილმაც პირობა დადო, რომ გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება უნდა დასრულდეს, რადგან მისი გამოუძიებლობა ქვეყნის სირცხვილია.
- რასაკვირველია, ეს ბარბაროსობაა, პრიმიტიულობაა, სირცხვილია, რომ სახელმწიფოში, რომელიც სახელმწიფოდ იწოდება, ამოდენა საქმე არ არის გამოძიებული.
ზვიადის გარდაცვალების საქმეში კითხვები ვის მიმართ გიჩნდებათ? ბესარიონ გუგუშვილის შესახებაც იყო საუბარი, დაცვის წევრების მიმართაც კითხვები ჩნდებოდა.
- საერთოდ, მე ბესარიონ გუგუშვილს ძალიან ცუდად ვუყურებ, თუმცა მამამისს კარგად ვიცნობდი, საქმიანი ურთიერთობა მქონდა მასთან, ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, მამამისი ჭკვიანი და ალალი კაცი იყო. რა თქმა უნდა, ბესარიონსაც ვიცნობ...
მაგრამ ბესარიონი არ არის ჭკვიანი და ალალი?
- მირჩევნია ამ თემაზე ჩემი აზრი არ გამოვთქვა.
სააკაშვილის პერიოდში დაიწყო ზვიად გამსახურდიას აღსასრულის გამოძიება, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მივიდა. დღემდე ეს საქმე გაუხსნელია. ვის აწყობს ამ ტრაგედიის ბურუსით მოცვა? აქ მართლაც საქმის ხანდაზმულობის პრობლემაა, თუ ისევ ყოფილი მხედრიონელები, შევარდნაძისტები არიან მოკალათებულნი საგამოძიებო ორგანოებში, ან დღევანდელ ხელისუფლებაში?
- ბუნებრივია, ელემენტარული სახელმწიფოებრიობის მოთხოვნაა, რომ ეს საქმე გამოძიებულ იყოს. ყოფილი შევარდნაძისტების ინტერესზე რომ არაფერი ვთქვათ, გავიხსენოთ, რუსული აგენტურა რამდენია ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებში. რუსული აგენტურა საქართველოში არ მოსპობილა, მას უზარმაზარი მასშტაბი აქვს. მართალია, ახლა თანდათანობით მსოფლიოში მასხარავდება რუსული დიქტატურა პუტინის სახით, რამდენიმე დღის წინ გამასხარავდა სამხრეთ ამერიკაშიც, მაგრამ ეს აგენტურა ჯერჯერობით არსებობს, რუსებს ატომური ბომბები აქვთ და ფული არ ენანებათ აგენტურის შესანახად. ასე რომ, საქართველოში რუსული აგენტურა ჯერჯერობით დიდი ფაქტორია. რა თქმა უნდა, არც ერთი ჭკვიანი კაცის თვალში რუსულ აგენტურას პრესტიჟი არ აქვს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არაჭკვიანებიც ბლომად არიან.
თქვენ მიიჩნევთ, რომ ზვიადის მკვლელობის საქმე რუსული ხელწერაა და ეს იყო მკვლელობა და არა თვითმკვლელობა?
- დიახ, ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩემთვის ეს უდავოა. იცით, მე ზვიად გამსახურდიას ძალიან კარგად ვიცნობდი. თვითმკვლელობა მისი მხრიდან გამორიცხული იყო ფსიქოლოგიურად, რადგან მორწმუნე კაცი იყო და ამ თემაზე დინჯად და აუჩქარებლად ჩამოყალიბებული აზრი ჰქონდა. ამიტომ ზვიად გამსახურდია თავს არავითარ შემთხვევაში არ მოიკლავდა, იგი მოკლულია, ეს ჩემი უღრმესი დარწმუნებულობაა. რაც შეეხება დაცვის წევრებს, ბუნებრივია, ეჭვები არსებობს. მე პირადად ვერ ავიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას, რომ კონკრეტული აზრი გამოვთქვა იმაზე, რაც სრულყოფილად ჩამოყალიბებული არ მაქვს, მაგრამ მსჯელობის მეთოდოლოგია ასეთია, რომ დაცვის წევრებზეც უნდა მიიტანო ეჭვი და ყველაფერი უნდა გამოიძიო. ხელისუფლება რომ ხარ, ვალდებული ხარ, გამოიძიო, თუმცა ძალიან ძნელად გამოსაძიებელი საქმეა.
სოფელ ხიბულას რა დატვირთვა აქვს დღევანდელი საქართველოსთვის? ხელისუფლებისთვის ხიბულას ტურისტული დატვირთვაც ხომ არ ენიჭება?
- შეიძლება, ვიღაცას ტურისტული ბიზნესის იმედი ჰქონდეს, შეიძლება სხვა მიზანიც იყოს, მაგრამ, პრინციპში, ხიბულა ისეთივე სოფელია, როგორც ნებისმიერი სხვა. რა თქმა უნდა, აქ მოხდა ტრაგედია, მაგრამ ტრაგედია რომ მოხდა, ეს იმას არ ნიშნავს, ხიბულა ტურისტულ ცენტრად აქციონ.
ხშირად საუბრობენ ზვიადის დადებით თვისებებზე, ე.წ. ზვიადისტები მას ზედმეტ ლმობიერებას უწუნებენ, „პუტჩისტები“ მის სიხისტეზე ამახვილებენ ყურადღებას. რეალურად როგორი იყო ზვიადი?
- სენტიმენტალობაში გადავარდნა არ მინდა, ვცდილობ, ობიექტურად ვისაუბრო. ადამიანი, რომელსაც დადებითი ან უარყოფითი თვისებები არ აქვს, ჯერ არ დაბადებულა დედამიწაზე. ჩემს თავს უფლებას არ მივცემ, ზვიადის პიროვნების განხილვაში შევიდე, ზვიადს ძალიან ახლოს ვიცნობდი, რადგან დიდი ხნის მანძილზე გვქონდა ინტენსიური ურთიერთობა, რომელიც გარედან არ ჩანდა. ეს ყველაფერი მანამ ხდებოდა, სანამ ჩვენი ურთიერთობა ღია საქმიანობაში გადავიდოდა.
ასეთი ფინალი, რასაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა მოჰყვა, მხოლოდ რუსეთის ინტერესში იყო, თუ ოკეანის გაღმაც არ იყვნენ ზვიადის თავგადაკლული მომხრეები? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სახელმწიფოს მართვის გამოცდილება იმ პერიოდში არ გვქონდა.
- ომში ეს ყველაფერი არ გადასულა, მაგრამ შინაგანი სისხლიანი კონფლიქტი რომ მოხდა, ეს ჩვენი ერის სირცხვილი იყო. ამერიკას აქ არავითარი საქმე არ ჰქონდა, სამაგიეროდ, რუსს, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესი ჰქონდა.
მაგრამ ჯორჯ ბუშ უფროსს ხშირად უხსენებენ არაკორექტულ ნათქვამს, რომ ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა.
- ის, რომ ჯორჯ ბუშმა უფროსმა, თქვა დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო, ეს სულ სხვა თემა იყო. ზვიადმა მაშინ ძალიან გონებამახვილურად უპასუხა, დინებას მარტო მკვდარი თევზები მიჰყვებიანო. მამა ბუშს ცოტა სხვანაირად ჰქონდა წარმოდგენილი საქართველოს ადგილი მსოფლიო პოლიტიკაში არსებულ პროცესებთან მიმართებით. სიღრმე ბუშის განცხადებას არ ჰქონდა, სამაგიეროდ, ზვიად გამსახურდიას პასუხს ის ღირსება ჰქონდა, რომ გონებამახვილური იყო. რაც შეეხება სახელმწიფოს მართვის გამოუცდელობას, ქართული პოლიტიკური საზოგადოებრიობა აბსოლუტურად გამოუცდელი ვიყავით. არავინ თქვას, სხვაზე ნიჭიერი ვიყავი, ამიტომ მეტი მესმოდაო. ჩვენ ვიყავით ნულოვან დონეზე, ნულოვანი დონიდან ვიწყებდით. მე არ მინდა ვთქვა, რომ ახლაც ასე ვართ, ახლა ასე აღარ ვართ, ახლა ბევრი რამ გვესმის, ჩვენი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე. მე ამას ვლაპარაკობ ყველას სახელით, მთელი პოლიტიკურად დაინტერესებული საზოგადოებრიობის პირით.
ზვიადისტებისა და შევარდნაძისტების დიდი ეროვნული შერიგება მოხდა, რაც ბევრმა ცინიკურად აღიქვა, რადგან უამრავი ზვიადისტი იყო დახოცილი და ეს სია 300-სს აჭარბებდა. მოგვიანებით უცნაურად ჟღერდა შევარდნაძის ერთგვარი „მონანიებაც“- ზვიადისტები თავისებურად პატრიოტები იყვნენო.
- შევარდნაძე იყო ზვიად გამსახურდიას კბილების კრაჭუნით მოცული, იგი ყველაფრის მკადრებელი და ყველაფრის მკისრებელი იყო. ამის მნახველი ჩემი თვალით ვარ და შემიძლია ჩემი აზრი ამაზე გამოვთქვა. ასე რომ, რეალური შერიგება მათ შორის არც მომხდარა და ვერც მოხდებოდა. მე მაქვს წიგნი, რომელსაც ჰქვია „რაც ვიცი“. იქ ამ პროცესებზე ბევრი რამ წერია, ვიდრე მე ახლა ზეპირად მახსოვს. ამიტომ სერიზოულად მსჯელობა ვისაც უნდა, ის წიგნი წაიკითხოს. იმ მოვლენებში რუსეთის ხელი ერია, მაგრამ შევარდნაძის ფაქტორი რუსეთის გარეშე არ არსებობს. პირველ ყოვლისა, შევარდნაძე რუსეთის კაცი იყო, მას უნდოდა რუსეთში ჩვენი დაბრუნება, ის ამბობდა, ჩვენ ვკითხავთ ხალხს, სურთ თუ არა რუსეთში დაბრუნებაო, რადგან ეგონა, ხალხი ეტყოდა, გვინდა რუსეთში დაბრუნება. ამის იმედი ჰქონდა შევარდნაძეს, მაგრამ გზა გადაუჭრა იმან, რომ ზვიადს რეფერენდუმი ჰქონდა ჩატარებული საქართველოში, ამას მე ხაზს განსაკუთრებულად ვუსვამ, როგორც ისტორიკოსი. სწორედ შევარდნაძემ აამოქმედა ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი. შევარდნაძე ორივე მათგანს დიდ ფაქტორად იყენებდა.