დღევანდელ წერილში ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში დაგაბრუნებთ და იმ დროს ქართველი ხელოვანების თავს გადამხდარ რამდენიმე კურიოზულ შემთხვევას გაგახსენებთ.
თენგიზ ჩანტლაძეს სტუდენტობის პერიოდში ერთი ძმაკაცი ჰყავდა, რომელსაც „ნიკიტას“ ეძახდნენ, რადგან ძალიან ჰგავდა ხრუშჩოვს. ის უნივერსიტეტში სწავლობდა და რადგან აკადემიური მოსწრება არ უვარგოდა, მეორე კურსიდან რიცხავდნენ. ერთი სიტყვით, „ნიკიტა“ განწირული იყო და დახმარებისთვის თენგიზ ჩანტლაძეს მიმართა, რომელიც „გეპეიში“ სწავლობდა და უკვე საკმაოდ ცნობილი პაროდისტი იყო. თენგიზმა არც აცია, არც აცხელა და თავისი მეგობრის დედას, რომელიც „ცეკას“ პირველი მდივნის, ვასილ მჟავანაძის კაბინეტს ალაგებდა, სთხოვა, იქ შეეშვა და აუხსნა – რატომ. ქალს შეეცოდა „ნიკიტა“ და თენგიზი ერთ დილას „ცეკაში“ „შეიყოლა“. თენგიზმა მჟავანაძის „ვეჩედან“ (მაღალი სიხშირის ტელეფონი) უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, ვიქტორ კუპრაძეს უთენია დაურეკა სახლში და მჟავანაძის ხმით უთხრა:
– ამხანაგო რექტორო, თქვენთან „ნიკიტას“ (სახელი და გვარი დაუსახელა) სწავლობს. გავიგე, რომ პრობლემები აქვს და გთხოვთ, მოუგვაროთო.
კუპრაძემაც იცოდა „ნიკიტას“ რომ ეძახდნენ იმ ბიჭს. ეგონა, მართლა მჟავანაძემ დაურეკა და იფიქრა, ხრუშჩოვის უკანონო შვილიაო და არამც თუ არ გარიცხა, არამედ იმ დღიდან ცივ ნიავსაც არ აკარებდა.
მედეა ჩახავა ასეთ ისტორიას იხსენებდა: „დოდო ალექსიძის ცნობილი სპექტაკლი „პეპო“ თავის ანტრაქტიანად ორსაათ-ნახევარზე მეტხანს მიმდინარეობდა. აღა არუთინას როლს გენიალური ეროსი მანჯგალაძე ასრულებდა, მე კი მისი პარტნიორი ვიყავი. როგორც მოგეხსენებათ, ეროსი სპორტული კომენტატორიც იყო და ძირითადად, ფეხბურთის რადიორეპორტაჟები მიჰყავდა. ამ ორ ფრონტზე ეროსი წარმატებით უძღვებოდა თავის საქმეს, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდებოდა, რომ ფეხბურთისა და სპექტაკლის დრო ერთმანეთს ემთხვეოდა და ეროსის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით უხდებოდა გამოსავლის მოძებნა. ერთხელ „პეპოს“ დღის სპექტაკლს ვთამაშობდით, რომელიც 5 საათზე იწყებოდა და იმავე დღეს კი – საღამოს 7 საათზე თბილისის „დინამო“ თამაშობდა და რადიორეპორტაჟი ეროსის უნდა წაეყვანა. რა თქმა უნდა, დროში ვერ ჩაეტეოდა ეროსი და მთელი დასი დაგვითანხმა, სპექტაკლი თავის ტემპში გვეთამაშა და ზოგიერთი სცენები გამოგვეტოვებინა კიდეც. ასეც მოხდა, უნდა გენახათ, რა კალეიდოსკოპური სისწრაფით ვთამაშობდით და სცენიდან სცენაზე გადავდიოდით. ანტრაქტიც სულ ხუთი წუთი გაგრძელდა და გიჟური რიტმი გავაგრძელეთ. სულს ძლივს ვითქვამდი, თან ცხელოდა, მაგრამ რა მექნა, ეროსის ხომ არ დავაღალატებდი. არც თავად ეროსის ადგა კარგი დღე, რადგან უკვე ასაკში იყო. თუმცა, ფეხბურთის სიყვარული მას ყველა წინაღობას ალახვინებდა და როგორც იქნა, ფინალამდეც მივედით. ბოლო სცენაში ფარდის დახურვის წინ ტრისტან ყველაიძე აღა არუთინას მხრებზე ადებს ხელებს და ეუბნება: „ახლა, აღა არუთინ, დავრჩით მარტო მე და შენ...“ ეს ფრაზა რომ წარმოთქვა ტრისტანმა და ფარდაც დახურვისკენ წავიდა, ეროსი თავის კოსტიუმ-გრიმიანად ადგილიდან მოწყდა და სცენაზე დარჩენილ მსახიობებს მიაძახა: თქვენ დარჩით, მე კი ფეხბურთზე წავედი, უნდა მივასწროო. „პაკლონზე“ უკვე ეროსის გარეშე გავედით და დარბაზი მქუხარე ტაშს გვიკრავდა, მიუხედავად იმისა რომ ასოცდახუთწუთიანის სპექტაკლი სულ რაღაც სამოც წუთში ვითამაშეთ“.
მსახიობების შემდეგ მწერლებზე გადავიდეთ და ბატონი ნოდარ დუმბაძე გავიხსენოთ. ბატონი ვანო ცინცაძე ერთ „ისტორიას“ ხშირად იგონებდა.
„ერთხელ ნოდარ დუმბაძე ავად გახდა.
მე, ჩემმა კოლეგამ, ავთო ადეიშვილმა და კიდევ ერთმა კოლეგამ ავადმყოფის ნახვა გადავწყვიტეთ და სახლში „დავადექით“.
– როგორ ბრძანდებით, ბატონო ნოდარ? – მოვიკითხეთ.
– ქე ვარ, ძამა, ლენინივით.
– როგორ თუ ლენინივით? – გაგვიკვირდა მაშინ, თორემ მერე და მერე მთელ საქართველოში გავარდა ეს დიალოგი ანეკდოტად.
– როგორ, ძამა და, მკვდარი ვარ და არ მასვენებენ.
აგვიტყდა ურა-სიცილი.
– რა ჯობია, ახლა ამ სიცხეში ჩაციებულ ლუდს, – მოიწყინა ბატონმა ნოდარმა.
–„პივბარში“ დაგბატიჟებთ! – გამოვიდეთ თავი.
– ეჰ, არ შეიძლებაო – ექიმებმა, თვარა, ბარი მეც ქე ვიცი, სადაცაა. აქედან რო გახვალთ, ჩემს დილიხორზე აუცილებლად მიირთვით ცივი ლუდი, თქვენც გაგიხარდებათ და მეც. – მერე ავთოს რაღაცა უჩურჩულა ყურში.
გამოვედით თუ არა, ატყდა ავთო – კაი ადგილი ვიციო. კაი პივაა იქ, ცივი და შესანიშნავი.
მანქანა ორსართულიან შენობასთან გავაჩერეთ.
ავთო ჩვენზე უფროსი იყო და დავალება მომცა:
– ვანო, გადადი ერთი, ძმურად, ადი მეორე სართულზე... დანომრილი „კუპეებია“. შედი 17 კუპეში და ბარმენს ჰკითხე, ტკაცუნა „ივერია“ სასისკი და ცივი ლუდი თუ გაქვთ-თქვა. თუ დაგეთანხმა, ფანჯრიდან გვანიშნე და ამოვალთ.
– კარგი, ბატონო.
ავუყევი კიბეს. მივადექი 17 კუპეს. დაკეტილია. დავაკაკუნე – ერთხელ, მეორედ.
როგორც იქნა, გაიღო კარი და თეთრხალათიანმა კაცმა გამოიხედა.
– შეიძლება?
– მობრძანდით, მობრძანდით, – არაჩვეულებრივად თავაზიანად მიმიპატიჟა.
– ადგილი გაქვთ? – სამნი ვართ ჩვენ.
– რამდენიც გაგიხარდებათ. აბა, რას ვაკეთებთ აქ ჩვენ?!
– ისა, პივა თუ გაქვთ, ცივი?
– ბატონო?
– პივა თუ გაქვთ, პივა, ცივი?
– მე გავიგონე, პივა თუ გაქვთო.
– დიახ, სწორად გაიგონეთ, ბატონო.
– პივა არა? მაშასადამე...
– დიახ...
– ცივი, ხომ.
– დიახ.
– გვაქვს, აპა არა, შე კაცო?
– ძალიან კარგი... ტკაცუნა „ივერია“ სასისკი?
– სასისკი? კი, რა თქმა უნდა, სულ ახალი მიღებული გვაქვს, – თავაზიანად გამიღიმა დამხვდურმა.
– ძალიან კარგი. ფანჯარა საითაა?
– რა ფანჯარა, კაცო?
– ფანჯარა... ქუჩაში გამავალი.
– ფანჯარა რად გინდა? – აქედან გადახტომა და მით უმეტეს – გადავარდნა აკრძალულია ინსტრუქციით.
– გადახტომა არა ის... ავთოს დავუძახებ-თქვა.
– ავთოს? ავთო ვინაა?
– ჩემნაირია ისიც, პივა უყვარს იმასაც,
– აა, იმასაც უყვარს ხომ?
– ძალიან.
– კარგი, მობრძანდი, აგერაა ფანჯარა.
– გაგახაროთ ღმერთმა! – აჩქარებული ნაბიჯებით წავედი ფანჯრისკენ.
– სტოპ! – დამიძახა კაცმა – მეტი წინ აღარ წახვიდე აქედან დაუძახე.
– მოიცა, გავაღებ – დავეპაწკურე ფანჯრის საკეტს.
– ვერ გააღებ, ჩალურსმულია.
– რატომ, ბიძია?
– იმიტომ, რომ „სევოდნია ნე ლიოტნაია პაგოდა“, ჩაიცინა კაცმა და თავსივა ასისტენტს (ალბათ, მუშაა – გავიფიქრე) მიმართა:
– კოლიას და ჟორას დაუძახე.
კოლია და ჟორა წამსვე „დაიჩითნენ“.
– ეს ჩაიყვანეთ ქვემოთ, მესამეში! ცოცხლად, ჰე, ცოცხლად!
– ჩვენ აქ გვირჩევნია, – გამოვიდე თავი, – კაი ჰაერია აქ. ისე, ფანჯარაც რომ იღებოდეს, უკეთესი კი იქნებოდა, მაგრამ ჩალურსმული ყოფილა. არა უშავს. ერთ ფანჯარას ჩავამტვრევ, რა დაჯდება, ჰა, ჰა – 5 მანეთი.
– არაა საჭირო, ქვემოთ ჯობია, მესამეში, იქ ფანჯარაც იღება, ძმაო.
არ იქნება, კი იქნებაში ამომიდგნენ გვერდებში კოლია და ჟორა. მომქაჩეს და მიმაფორთხიალებენ კიბეებზე.
– გაუშვით ხელი, თქვე იდიოტებო! – შემომესმა კიბეზე ამომავალი ავთოს ხმა. თან, ამათ უყვირის და თან კვდება სიცილით, – ჩვენიანია, ჩვენიანი!
ავთო კი იცინის, იცინის, კვდება სიცილით.
... მერე კი გაირკვა, თუ რა უჩურჩულა დუმბაძემ ადეიშვილს.
ისე კი, ჩემს თავზე მომდის ბრაზი.
კაცი იუმორისტი ხარ, თან „ნიანგის“ თანამშრომელი. შე ვირო, შენობაში რომ შედიხარ, წაიკითხე, რა: „ფსიქიატრიული საავადმყოფო“.
ნოდარის წამსვე გადაურეკეს – მაგრად „მოარტყიო“.
სამარადისო დიდება ზვიადის სახელს!!!
ცხონებული დუმბაძე სხვა თემაა, მზესავით რომ გითბობს გულს ისეთი, ერთხელ მინ დიდი სამსახური გამიწიაკაცს! რომელსაც ქვის გული ჰქონდა, გული გაუთბო და სულ სხვანაირად დაინახა ქართველი კაცი, კაკებეშნიკი, პრიუტში გაზრდილი შოვინისტი და თან უკვე რაღაცის უფროსობას მიაღწია, რა გნიდაც იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ?
ჩანტლაძე, გენიალური სატირიკოსი ............
ეხ, რა უფერული ხდება ცხოვრება, დრო კი მიდის..............მიქრიიისსსსს...............