ტერეზა მეიმ თანამდებობიდან გადადგომის პირობა დაასახელა

ტერეზა მეიმ თანამდებობიდან გადადგომის პირობა დაასახელა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ კონსერვატიული პარტიის დეპუტატ წევრებს განუცხადა, რომ თუ ისინი მესამე კენჭისყრაზე მხარს დაუჭერენ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მეის გეგმას, ის თანამდებობიდან გადადგება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მეის განცხადებით, მან იცის, რომ დეპუტატებს არ სურთ Brexit-ის შემდეგი ფაზის განხორციელებისას მეის პრემიერმინისტრობა, აქედან გამომდინარე, ტერეზა მეის განცხადებით, თუ ახლა მხარს დაუჭერენ მის გეგმას, ის თანამდებობას დატოვებს.

რამდენიმე დღის წინ The Sunday Times-ი წერდა, რომ ტერეზა მეი თანამდებობას 10 დღეში დატოვებდა.

26 მარტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის უმრავლესობამ Brexit-ის პროცესის კონტროლის პარლამენტისთვის გადაბარებას მხარი დაუჭირა. ბრიტანეთის პარლამენტში გაიმართება კენჭისყრის სერია ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის ალტერნატიული გზების მოსაძებნად.

22 მარტს, Brexit-ის გადადება დამტკიცდა. ევროკავშირის შეთანხმებული დოკუმენტის მიხედვით, Brexit-ის თარიღი იმ პირობით შეიცვლება, თუ დიდი ბრიტანეთის პარლამენტი 29 მარტამდე, ტერეზა მეისა და ბრიუსელს შორის გარიგების პირობებს მოიწონებს. ვითარების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა 22 მაისამდე გადაიდება

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.