„ნატო–ს სურს იხილოს კიდევ უფრო მეტი წინსვლა რეფორმების ფარგლებში, რათა გაძლიერდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, განსაკუთრებით არჩევნების წარმოების კუთხით“, – ასეთია ნატო–ს გენერალური მდივნის გზავნილი, რომელიც მან საქართველოში 2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში გააჟღერა. „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის საკითხზე დეტალურად საუბარი არ ისურვა. აღნიშნა მხოლოდ ის, რომ ნატო გააგრძელებს დახმარებას საქართველოსადმი ამ მიმართულებით. ამასთან სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ნატო–სთვის უნიკალური პარტნიორია.
იენს სტოლტენბერგი ვიზიტის ფარგლებში ეწვია ნატო–ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრო მის მიერ ორგანიზებულ ნატ–საქართველოს სწავლებას. „ნატო–საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო–საშტაბო სწავლებაა, რომელიც 18–29 მარტის ჩათვლით „წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ იმართება და მასში 350–მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგმა შეხვედრები გამართა პრემიერ–მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარეთან და პარლამენტის წევრებთან. სტოლტენბერგი–ბახტაძეს შეხვედრის შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართა. მთავარი კითხვები რაზეც გენერალურ მდივანს მოუწია პასუხის გაცემა, ეს იყო რუსეთის ფაქტორი საქართველოს ნატოში გაწვერიანების პროცესში და რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის გარეშემო განვითარებული პროცესები.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო და ნატო ერთობლივად გადაწყვეტენ, როდის უნდა გახდეს საქართველო ნატო–ს წევრი და არც ერთ სხვა მხარეს არ აქვს ჩარევის უფლება. მისი თქმით, ნატო–ში გაწევრიანებისთვის საჭიროა საქართველომ განახორციელოს რეფორმები, მათ შორის სასამართლო სისტემის და მოახდინოს თავდაცვის სფეროს მოდერნიზაცია.
„საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ნატო–ს სტანდარტები იმისთვის, რომ გახდეს ალიანსის წევრი. იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან.
მივესალმებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებულ როლს. ამიტომ ვაძლიერებთ ურთიერთობას საქართველოს და ნატო–ს შორის და ეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაძლიერდება – სამხედრო ძალები საზღვრებზე, საზღვაო აკვატორიაში. ჩვენ ვნახავთ დღეიდან რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით ამ მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში.
ჩემი ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში აქტიურდება საზღვაო აკვატორიაში მოქმედი სამხედრო დანაყოფები. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო უცილობლად გახდეს ნატო–ს წევრი. საქართველო არის ყველაზე მსხვილი მონაწილე ჩვენს ინიციატივებში, სამხედროების რაოდენობრივი და რიცხობრივი თვალსაზრისით და იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო–ში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
რაც შეეხება ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და მის გარშემო განვითარებულ პროცესებს, გენერალური მდივანი აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ გამოწვევები, რაც ახლა ხდება, იყოს დაძლეული. მისი თქმით, ნატო–ს ინტერესები შავ ზღვაზე გაზრდილია.
„უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანი კონსტრუქციები ჩალაგდა ყირიმის ანექსიის დროს, რუსეთის მოკალათების კუთხით შავი ზღვის საზღვარზე. უკრაინის საზღვარზე ხომალდებია განლაგებული და ეს მეტყველებს რუსეთის ინტერესებზე. ნატო, რა თქმა უნდა, აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე. საქართველოსთან გვაქვს ამ საკითხებზე საუბრები. ჩვენ უფრო მეტი საზღავო ხომალდები გვაქვს, უფრო მეტი სამხედრო თანამშრომელი გვყავს, მათ შორის რუმინეთში და სხვა ქვეყნებში. პარტნიორებთან ვმუშაობთ, მათ შორის საქართველოსთან, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.
მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება თურქეთზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, შავი ზღვის მოსაზღვრეები არიან. ჯამში, შეიძლება ითქვას, გაზრდილია ჩვენი აქცენტები შავი ზღვის რეგიონში. საქართველოსთან ვმუშაობთ ამ საკითხებზე, რომ გამოწვევები, რასაც ვხედავთ, იყოს დაძლეული. თანამშრომლობა გრძელდება საქართველოს საზღვაო ნაწილთან იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მეტი შევძლოთ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ანაკლიის პორტზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერ–მინისტრმა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ანაკლიის კონსორციუმს, რომ მან შეძლოს თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულლება. პრემიერის თქმით, საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი და კონსორციუმს აქვს სამთავრობო მხარდაჭერა ვალდებულებების შესრულებაში.
„საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღეთ იმაში, რომ როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისე ამერიკელი პარტნიორები ძალიან დიდ დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას. შავი ზღვა არის დღეს ნატო–სთვის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ამას მივესალმებით.
ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს აქვს სრულიად უნიკალური როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ნატო–სთან ერთად დაგეგმილი ერთობლივი ნაბიჯები იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება იყოს მდგრადი და ვფიქრობ, ეს უფრო თვალსაჩინო გახდება მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აქვს ნატო–ს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, რაც გაჟღერდა გენერალური მდივნის მიერ. როგორც დავით ზალკალიანი ამბობს, ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს როგორც თავდაცვის, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით.
„მთლიანად ნატო–საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგი უნდა იყო აღქმული მოახლოებული ნატო–ს მინისტერიალის ფარგლებში. გზავნილი, რომ საქართველო არის ნატო–ს პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ ადგილზე, მიანიშნებს რომ ნატო–ს ღია კარის პოლიტიკა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ამ პოლიტიკაზე იქნება საუბარი უახლოესი დღეების განმავლობაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ნატო–ს გენერალური მდივნისგან ძალიან მკაფიო მხარდაჭერის მესიჯები იყო, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს აღიარებს საქართველოს ოკუპაციას. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე გამახვილდა ყურადღება – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი და ქართული დემოკრატია.
„სამივე თემაზე ძალიან მკაფიო მხარდაჭერის მესიჯები იყო ნატოს გენერალური მდივნისგან. საქართველოს ნატო–ში გაწევრიანება გრძელდება და უახლოეს პერიოდში შემუშავებული იქნება ახალი მექანიზმები, რომელიც კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ნატოსთან მომავალი გაწევრიანების პერსპექტივით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ნატო–ს გენერალური მდივანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, მაგრამ მისი თქმით, დემოკრატიის გარეშე საქართველოს მომავალი ნატოში არ აქვს. როგორც დეპუტატი აცხადებს, ქვეყანაში მთავარი გამოწვევა დემოკრატიის ხარისხია.
„დღეს მთავარი გამოწვევა ქვეყნის წინაშე ეს არის დემოკრატია და არჩევნები, შემდეგი ნატო–ს სამიტი, რომელიც ჩატარდება ლონდონში, იქნება სიმბოლური და იქ არანაირი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება. ამის შემდეგი სამიტი მას შემდეგ ჩატარდება, რაც საქართველოში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები.
სწორედ ამიტომ დღეს მთავარი გზავნილი ნატო–ს გენერალური მდივნისგან იყო, რომ აიღეთ ეუთო–ს დასკვნა და გაატარეთ ყველა ის რეფორმა, რაც აუცილებელია, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები, რომ ამის გარეშე საქართველოს მომავალი ნატო–ში ვერ იქნება უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.