ბიძინა ივანიშვილმა საჯარო მოხელეებს მოუწოდა, მიტაცებული ქონება საკუთარი ნებით დათმონ. კოალიციის ლიდერის თქმით, მას ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა სურს.
ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ამის მიღწევა დარჩენილ დროში, ორმხრივი მოლაპარაკების გზით, მეგობრულად, მეზობლურად მოხერხდეს და საჯარო მოხელეებმა სასამართლოს გარეშე დათმონ ძალადობით მითვისებული ქონება. ამით სასამართლო პროცედურები აღარ გაჭიანურდება.
საინტერესოა, გამოეხმაურებიან თუ არა საჯარო მოხელეები ბიძინა ივანიშვილის წინადადებას. გამორიცხული არ არის, ამ ადამიანებს აწყობდეთ კიდეც მიტაცებული ქონების დაბრუნება, რათა მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ აღიძრას.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ეეჭვება, რომ საჯარო მოხელეებმა ბიძინა ივანიშვილის ერთ მოთხოვნაზე დათმონ მიტაცებული ქონება. ამდენად, იგი მიიჩნევს, რომ ეს მოწოდება უფრო მასებისთვის იყო გათვლილი. უფრო მეტიც, პოლიტოლოგის აზრით, ასეთი მოთხოვნა არასამართლებრივია და ძალიან ჰგავს იმ პრეცენდენტს, როცა ორი-სამი წლის წინ ადამიანები საკუთარ ქონებას თმობდნენ. იმ დროს მათ არგუმენტი ასეთი იყო_ თუ სახელმწიფოს დასჭირდება, ქონებას უპირობოდ გადავცემთ. ასე მაგალითად, ზოგიერთმა მათგანმა ქარხანა გადასცა სახელმწიფოს, ზოგმა კი - მიწა.
თუმცა For.ge დაინტერესდა, იყო თუ არა განსხვავება ამ ორ პრეცენდენტს შორის, როცა, პირველ შემთხვევაში, ადამიანები საკუთარი შრომით მოპოვებულ ქონებას თმობდნენ, ბიძინა ივანიშვილის მოწოდება კი მხოლოდ საჯარო მოხელეების მიერ მიტაცებულ ქონებას შეეხებოდა. ამის საპასუხოდ სოსო ცინცაძემ განაცხადა:
„მიიტაცეს ქონება, რას ჰქვია?! ამის დამტკიცება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. ამას ცოტა პოპულიზმის სუნი უდის. ახლა ვინ გამოვა და ვინ იტყვის, იცით რა, მე ესა და ეს ქონება მივიტაცე. ასე ადვილი არ არის, თავიანთი ნებით დათმონ ქონება“.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საამისო მოწოდება შეიძლება წამოვიდეს კიდეც ივანიშვილისგან; არც ისაა გამორიცხული, რომ, შესაძლოა, გამოჩნდეს ვინმე, რომელსაც, დავუშვათ, 100 მილიონი აქვს მიტაცებული, ამ დროს კი 40 მილიონს დათმობს და 60 მილიონს დაიტოვებს. თუმცა, მთლიანობაში, ქონებას არავინ დათმობს.
„გადაარჩინო ის, რისი გადარჩენაც შეიძლება, ამას ზოგიერთი დათანხმდება. სიხარულითაც დათმობენ ქონების ნახევარს, ოღონდ ციხეში არ ჩასხდნენ, რადგან, თუ დაუმტკიცეს, რომ მიტაცებული და არაკანონიერი გზით არის მოპოვებული ეს ქონება, ან სახელმწოფოსაგან მიიღეს უკანონოდ და კერძო პირს წაართვეს, ამაზე ციხეა. ამიტომ ციხეში ჩაჯდომას ურჩევნიათ, ქონება გაუყონ მთავრობას. ბიუჯეტში ამით ძალიან დიდი ფული შევა“, _ აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისი თქმით, პირადად მისთვის უცნობია, თუ ვინ დააგროვა უკანონო ქონება და ეს საზოგადოების ფართო ნაწილმაც არ იცის, მაგრამ ივანიშვილის ხალხმა მშვენივრად იცის, ვინ რა მიიტაცა.
„გარდა ამისა, ყველა დაზარალებული მივა და, თუ მას წაართვეს 10 მილიონი, იტყვის, რომ მე წამართვეს 20 მილიონი იმ იმედით, იქნებ, ეს თანხა მთლიანობაში მიიღოს ან ამ თანხის ნახევარი მაინც შეხვდეს,“_მიიჩნევს პოლიტოლოგი.
„რესპუბლიკელ“ ლევან ბერძენიშვილს დიდი იმედი არ აქვს, რომ ამ მოწოდებას ვინმე გამოეხმაურება და აღიარებს, არიქა, მე ვარ მიმტაცებელი, მაგრამ პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს განცხადება ავლენს კოალიციის დამოკიდებულებას. მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქონების საკითხები.
„ჩვენთვის დაუშვებელია არა მარტო დემოკრატიის, თავისუფლების შებღალვა, უსამართლო დაპატიმრებები, ხალხის ქუჩებში ჩახოცვა, არამედ ქონების საკითხებიც გვაინტერესებს. მიმაჩნია, რომ ძალიან დროული აქცენტია. თუ ეს ადამიანები მიტაცებულ ქონებას არ დათმობენ, ეს არ არის არც ჩემი, არც ბატონი ბიძინას პრობლემა. საქართველოს ხვალ და ზეგ ეყოლება დამოუკიდებელი პროკურატურა, დამოუკიდებელი სასამართლო. ამდენად, ჩვენი, პოლიტიკოსების საქმე არაა პოლიტიკური კარნახი, თუ რა უნდა გააკეთონ. ვინც დამნაშავეა, თავადვე იპოვიან და ყველა თავისას მიიღებს. ეს არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. შესაძლოა, ყველანი უდანაშაულონი აღმოჩნდნენ ან შესაძლოა-ყველანი დამნაშავენი იყვნენ,“-აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
ექსპერტ დავით ებრალიძის აზრით, უკანონოდ მიტაცებული ქონების დაბრუნების მოთხოვნა არის არა მოწოდება, არამედ, გარკვეულწილად, ესაა შეთავაზება საჯარო მოხელეების მიმართ, რომ მათ დააბრუნონ მიტაცებული ქონება. თუ ისინი ქონებას დააბრუნებენ, ასეთ შემთხვევაში, ამ საკითხს სხვა გაგრძელება არ მოჰყვება ხელისუფლების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტო ამით არ შემოიფარგლება ახალი ხელისუფლება და ეს სასამართლო პროცესებით გაგრძელდება.
„ზოგიერთი საჯარო მოხელე შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის ამ მოწოდებას კონფიდენციალურად გამოეხმაუროს, მაგრამ მე მეჩვენება, რომ ეს არ არის სიტუაციიდან ამოვარდნილი განცხადება; ეს უთუოდ გარკვეული გეგმის ნაწილი იქნება. ჩემი აზრით, ეს კეთდება იმისთვის, რომ ზღვარგადასული უსამართლობის ნაწილში სამართალი აღდგეს“,-აღნიშნა დავით ებრალიძემ.
„მრეწველების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე კი ამ მოწოდებას აბსოლუტურად გამართლებულად მიიჩნევს. მისი აზრით, თუ ვინმეს მიტაცებული აქვს ქონება და თვითონაც იცის, რომ მან მიიტაცა ქონება, ნებაყოფლობით, თავისი ნებით უნდა ჩააბაროს. ეს მხოლოდ უკანონო გზით მოპოვებულ ქონებას ეხება. თუკი ეს არ განხორციელდება, ამის მერე უკვე კანონის შესაბამისად დაიწყება მოქმედება.
„რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს უნდა აწყობდეთ კიდეც მიტაცებული ქონების დაბრუნება. საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც გრძნობს, რომ ეს მის სუსტი მხარეა და ქონება მიტაცებული აქვს, რა თქმა უნდა, წამოვა ბიძინა ივანიშვილის ამ წინანადებაზე“,-გვითხრა ზურაბ ტყემალაძემ.
For.ge ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის აზრითაც დაინტერესდა. თუმცა დარჩიაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ეს მოწოდება უცნაურია.
„ბატონმა ივანიშვილმა ამას წინათ იმპიჩმენტზეც ილაპარაკა და მერე ბოდიში მოიხადა, კონსტიტუცია არ მქონდა წაკითხულიო. ესეც კიდევ უცნაური განცხადებაა. რომ იცოდეთ, საჯარო მოხელეებმა ქონების მიტაცება დაამთავრეს 2003 წლის მიწურულს. ხოდა, ისტორიასაც გადახედოს ბატონმა ივანიშვილმა“,-გვითხრა დარჩიაშვილმა.
ჩვენს შეკითხვაზე, იქნებ, არის გამონაკლისი შემთხვევები, ვინც 2003 წლის შემდეგაც მიიტაცა ქონება, დავით დარჩიაშვილმა ამ შეკითხვის საპასუხოდ გვითხრა, რომ ხმაური იყო და მოგვიანებით დარეკვა შეგვთავაზა.
ხათუნა ოჩიაურმა და მარიკა ვერულაშვილმა კი მოუცლელობის გამო მოგვიანებით დარეკვა გვირჩიეს.