„საზოგადოება როგორც ნარკოტიკი, ისე შესვეს ნეგატივზე“

„საზოგადოება როგორც ნარკოტიკი, ისე შესვეს ნეგატივზე“

„გააჩნია რა ტიპის დანაშაულია, რა სივრცეში ხდება და რასთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს For.Ge–სთან საუბრისას ექსპერტი ამირან სალუქვაძე, რომლის შეფასებით როდესაც საუბარია ე.წ. ტროლებზე, ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მითითების გარეშე შესაძლებელია „აქაუნტების“ გახსნა ჩვენს სივრცეში. თუ ისეთი IP მისამართებიდან მოქმედებენ, რომელიც არ არის მიბმული კონკრეტულ პიროვნებაზე, ასეთ შემთხვევაში საკმაოდ რთულია დანაშაულის გახსნა, მაგრამ თუ ნაციონალური ინტერნეტით სარგებლობენ, IP მისამართი გაფორმებულია კონკრეტულ პიროვნებაზე, დაინტერესების შემთხვევაში, სამართალდამცავ სტრუქტურებს მეტი წარმატებით შეუძლიათ მსგავსი აქტივობები ინტერნეტსივრცეში გამოავლინონ.

For.Ge ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

თიბის ბანკზემომხდარი კიბერთავდასხმის საქმე გამოძიებული არ არის, უცნობია ვინ ხელმძღვანელობდა კიბერთავდასხმას და ვინ დგას .. ტროლების საქმის უკან. როგორ ფიქრობთ, რამდენად პრობლემურია ამ სახის დანაშაულის გახსნა?

ამირან სალუქვაძე: ნებისმიერი დანაშაული რთულად გამოსაძიებელია, დაწყებული წვრილმანი ხულიგნობით, დამთავრებული კიბერდანაშაულით, რაზეც ვსაუბრობთ. რაც შეეხება გამოძიებას, გააჩნია რა ტიპის დანაშაულია, რა სივრცეში ხდება და რასთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში საუბარია ე.წ. ტროლებზე და ვიცით, რომ ჩვენ სივრცეში ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მითითების გარეშე შესაძლებელია აქაუნტების გახსნა.

თუ ისეთი IP მისამართებიდან მოქმედებენ, რომელიც არ არის მიბმული კონკრეტულ პიროვნებაზე, ასეთ შემთხვევაში საკმაოდ რთული საპოვნია, მაგრამ თუ ნაციონალური ინტერნეტით სარგებლობენ და IP მისამართი გაფორმებულია კონკრეტულ პიროვნებაზე, დაინტერესების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართალდამცავ სტრუქტურებს მეტი წარმატებით შეუძლიათ ინტერნეტსივრცეში არსებული მსგავსი აქტივობები გამოავლინონ.

ფაქტია, რომ ჩვენს ინტერნეტ სივრცეში ძალიან მომრავლდა .. ტოლების თემა. თითქოსდა ნებადართულია და მხარდაჭერილია მსგავსი აქტივობები ჩვენს ქვეყანაში, რადგან არც ერთ შემთხვევაში დანაშაული, რომელიც ტროლების ჩართულობას უკავშირდება, არ არის გამოძიების ინტერესის საფუძველი. როგორ ფიქრობთ, რატომ?

– დანაშაული ერთია და პლუს პოლიტიკური მიზნებისთვის ამის გამოყენება, ეს კიდევ სხვა არის. კვლევები ჩატარდა და ცალმხრივად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლება იყენებს მსგავს ტროლებს. მე შემიძლია დავადასტურო, რომ არა მხოლოდ ხელისუფების სასარგებლოდ გამოიყენება, არამედ ხელისუფლების საწინააღმდეგოდაც ხდება ტროლების გამოყენება. ყველა პოლიტიკური მხარე, ყველა პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფი საკმაოდ აქტიურად იყენებს ამას. ყველა მხარე იყენებს და ხშირად ეთიკის ნორმებს ცდება მათი საქმიანობა. საკმაოდ დაძაბულია სოციალური სივრცე. არაჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დავწერე ამის შესახებ. თუმცა მაშინ ამას არავინ აქცევდა ყურადღებას. ეს წლებია გრძელდება.

როგორ უნდა ვუმკუნალოთ მას?

– ეს მეორე საკითხია. სოციალური ქსელების მესაკუთრეების პოლიტიკა არის ღიაობა და თავისუფლება. სოციალური ქსელი არ მოითხოვს შენი პირადი მონაცემის შეყვანას. შესაბამისად, რაღაცა ნორმების დაწესება გამოდის, რომ ჩვენ ჩვენს სივრცეში გარკვეულ ცენზურას ვაწესებთ და ვცდილობთ იდენტიფიცირებას. მაგალითად, გადახედეთ ფეისბუქში ჯგუფებს, ამ ჯგუფებში სააგენტოების გაზიარებების დიდი წილი ხდება ტროლების მიერ, ანუ იმ პირების მიერ, რომელთა ვინაობა არ შეესაბამება მათ რეალურ ვინაობას. პოლიტიკური მიმართულებით დაახლოებით 20–30 ჯგუფია აქტიური. სააგენტოს თანამშრომლები არა თავისი სახელით, არამედ მოგონილი სახელით ავრცელებენ თავის ნიუსებს. საკითხავია ეს ადამიანები სააგენტოს დავალებით ავრცელებენ, თუ ვიღაცა ავალებს მათ?

.. ტროლების საქმიანობა რამდენად მძიმედ აისახა პოლიტიკურ პროცესებზე? გარდა იმისა, რომ ტროლების მსხვერპლი არის საზოგადოების ნაწილი, ამ სქემას აქტიურად იყენებს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია. ანუ, ორივე მხარე დაინტერესებულია ტროლების არსებობით და საქმიანობით.

– გეთანხმებით, თქვენს კითხვაში პასუხებიც არის. იცით, ხშირად სიღმისეულად ანალიზის დაწერის აზრსაც ვერ ვხედავ. ჩვენი საზოგადოება იმდენად არის შემჯდარი ამ მოკლე–მოკლე რეპლიკებზე, მოკლე აგრესიულ გამონათქვამებზე, დაძაბულ განწყობებზე, რომ ადამიანებს პოზიტივის აღქმა არ აქვთ. რაც არ უნდა კარგი გაკეთდეს, ყველაფერს პირიქით უყურებენ. ხშირად არის, როცა ადამიანი შედის სოციალურ ქსელში უფრო ნეგატივის და კრიტიკის წაკითხვა აინტერესებს, ვიდრე პოზიტივის.

რაც შეეხება ტროლების საქმეს, ნაკლებად მადარდებს პოლიტიკური სპექტრი რას განიცდის. ჩვენი საზოგადოება განიცდის ამას მძიმედ. ძალიან დაძაბული და პოლარიზებულია საზოგადოება. პრინციპში, ეს პრობლემა არ არის. ტრადიციულად, როდესაც პარტიები ყალიბდებიან, ამ პარტიებს ჰყავს მხარდამჭერები, ეს ჩვეულებრივი თემაა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვხედვათ, რომ არანაირი იდეოლოგიაზე დაყრდნობით არ ხდება ამ პარტიების ჩამოყალიბება. საზოგადოების პოლარიზება არ ხდება იდეოლოგიის და გემოვნების ნიშნით.

იქნებ იმის ბრალიც არის, რომ ქართული პოლიტიკური ველი ცარიელია პოლიტიკური მოთამაშეებისგან? 200–ზე მეტი პოლიტიკური პარტია არის რეგისტრირებული, მაგრამ რეალურად პოლიტიკურ კლიმატს ვერ ქმნიან ქვეყანაში. საზოგადეობისთვისაც უფრო მნიშვნელოვანია ნეგატივზე საუბარი, ვიდრე პოზიტივზე...

– თითქოსდა პოლიტიკური ველი ცარიელი არ არის. ბევრი პარტია არის, მაგრამ შინაარსობრივად არიან გამოფიტული, არ არიან იდეოლოგიაზე დაყრდნობილი, პოპულიზმი უფრო ჭარბობს, ვიდრე კვალიფიკაცია და სიღრმისეული მუშაობა პრობლემებზე. საზოგადოება როგორც ნარკოტიკი, ისე შესვეს ნეგატივზე. თავს აღარ იტკივებენ პოზიტივის შექმნაზე. წინასაარჩევნო კამპანია შეიძლება გადაატარონ ერთმანეთის ლანძღვაზე. რამდენი არჩევნები ნახეთ და რამდენი კვალიფიციური დებატი გინახავთ პროგრამების მიხედვით, თემატურად?

მარტივად გადიან პოპულისტური ლოზუნგებით. პროგრამებსაც არ დაწერენ, რომ არ იყოს აუცილებლობა, რომ ფორმალურად მაინც შეიმუშაონ. არც ამ პროგრამების შესრულებაზეა ვინმე პასუხისმგებელი. ჩვენ, საზოგადოება ხელისუფლებებს ვპატიობთ. ნახეთ ამერიკაში როგორ არის, ყველა პრეზიდენტს თავისი დაპირება ჰქონდა, რომელსაც მიჰყვება და ასრულებს. ჩვენთან პარტიებში არ არსებობს იდეოლოგია. ისეთი პარტიები ერთიანდებიან, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ერთმანეთთან.

თავისუფალი დემოკრატებისდაევროპული საქართველსსახით ყველაზე საინტერესო გაერთიანება შედგა. როგორ ფიქრობთ, ასეთი გაერთიანება ადასტურებს, რომ იდეოლოგია, პრინციპები არ გააჩნია ქართულ პოლიტიკური პარტიებს და მეორე მხრივ, ამომრჩევლის პასიურობის ბრალეულობა რამდენად არის?

– ჩვენ ყველაფერს ვყლაპავთ და ასე არ უნდა მოვიქცეთ. კეთილი უნდა ინებოს ნებისმიერმა პარტიამ, დეპუტატმა, მაჟორიტარმა, რომელიც კენჭს იყრის, მოვთხოვოთ რას გააკეთებს, რა მიმართულებით იმუშავებს და მეორედ რომ დააპირებს კენჭისყრას, აუცილებლად ანგარიში ჩაგვაბაროს. დეპუტატების ანგარიშები და განსაკუთრებით მაჟორიტარების უნდა იყოს შუალედური. აირჩევენ და 4 წელი არაფერს არ აკეთებენ. მეორედ თუ არ აირჩევენ, დარდიც არ აქვთ.

დააკვირდით, „ევროპული საქართველო“ პარლამენტში შევიდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, შემდეგ გამოეყვნენ და ცალკე პარტია ჩამოაყალიბეს, არადა ხმები მიიღეს ერთი პარტიის სახელით. აგერ „ქართულ ოცნებას“ გამოეყო დეპუატები, არადა „ოცნების“ სახელით შევიდნენ პარლამენტში.

თუ თვლიან, რომ „ოცნებამ“ ვერ შეასრულა თავისი დანაპირები, პარტიასთან ერთად უნდა დადონ მანდატი და წავიდნენ პარლამენტიდან. თუ რჩები პარლამენტში, მაშინ კეთილი ინებე და აიძულე პარტია შეასრულოს ის დაპირება, რომელიც 2012–2016 წლებში მოგვცა. ეს პასუხისმგებლობები არ არის. ამ ყველაფერს ჩვენ ვუყურებთ, ვერთობით. გადის წლები და ისინი გვართობენ, რაც შემდეგ ადამიანებში იწვევს ნიჰილიზმსს.

დავუბრუნდეთ ისევ .. ტროლების საქმეს, ხელისუფლება ამბობს, რომ შესაძლოა, დასჯადი გახდეს ტროლების საქმიანობა. როდესაც ხელისუფლების და ოპიზიციის არსებობა დამოკიდებულია მათ მიერვე შექმნილი ტროლების საქმიანობაზე, ფიქრობთ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით დარეგულირდება ეს საკითხი?

– დარეგულირება რთულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ერთი უკიდურესობოდან, შესაძლოა მეორეში გადავვარდეთ. ანუ, მთელს მსოფლიოში მიღებულია ეს თემა. სოციალური ქსელებში ადამიანები რეგისტრირდებიან ყოველგვარი იდენტიფიკაციის გარეშე. თუმცა, ბევრი სახელმწიფოში მიდის მუშაობა ამ შეზღუდვებზე და სოციალური ქსელებისგან ითხოვენ, რომ მათ მოითხოვონ იდენტიფიკაცია.

ბევრი ნიუანსებია. კიედევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ საკუთარი თავი არ უნდა დავიზიანოთ. უმჯობესია მორალური ნორმების ამაღლებაზე ვიმუშაოთ და გარკვეულ სტანდარტებზე პოლიტიკაში. პოლიტიკოსებმა უნდა მოგვცენ მაგალითი საზოგადოებას. მათთვის მოთხოვნადი არ უნდა იყოს ტროლების საქმიანობა, ეს არ უნდა სჭირდებოდეთ. არ იქნება ტროლები, იქნებიან სხვები, რომ ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე და შექმნან თავისი სასარგებლო განწყობები საზოგადოებაში. ეს სერიოზული თემაა და საფიქრალია.