ვენესუელური მედია იუწყება, რომ ქვეყანაში ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩაფრინდა. ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავებით ვენესუელაში 35 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი და ასობით რუსი სამხედრო ჩავიდა. ამის შესახებ Deutsche Welle-ს რუსული გამოცემა წერს.
პორტალი Fightradar-ი ამ ინფორმაციას ადასტურებს. მათი ინფორმაციით, რუსული АН-124 22 მარტს სირიდან, კერძოდ ლატაკიდან, სადაც რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული, ვენესუელისკენ გაფრინდა.
Twitter-ზე კარაკასის აეროპორტში გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ორი რუსული თვიმფრინავი და ფორმიანი ხალხია აღბეჭდილი. ადგილობრივი მედია წერს, რომ კარაკასში ჩასულებს შორის რუსი გენერალ-პოლკოვნიკი ვასილ ტონკოშკუროვიც არის.
ნიკოლას მადურომ, რომელიც ვენესუელაში ხელისუფლების შესანარჩუნებლად იბრძვის, სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ცნობილი 16 მარტს გახდა. ნიკოლას მადურო წვრთნების შედეგად ისეთი სამხედრო დანაყოფის შექმნას აპირებს, რომელიც ქვეყანის სტრატეგიული ობიექტების, მაქსიმალურად ეფექტურ დაცვას შეძლებს.
ვენესუელის ჯარი სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი.
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.