აფხაზმა მამაკაცმა თურქეთში რუსული პასპორტი დაწვა და აფხაზეთიდან „მესაზღვრეების“ გაგზავნას ითხოვს

აფხაზმა მამაკაცმა თურქეთში რუსული პასპორტი დაწვა და აფხაზეთიდან „მესაზღვრეების“ გაგზავნას ითხოვს

აფხაზეთის მცხოვრებმა ბესლან ჭკადუამ, რომელიც თურქეთში იმყოფება, 19 მარტს, დილით თავისი „ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში დაწვა რუსული პასპორტი და მოითხოვა, რომ გამოუგზავნონ „აფხაზი მესაზღვრეები", რათა, მისი თქმით, დაუმტკიცონ მთელ მსოფლიოს, რომ აფხაზეთი - ქვეყანაა.

33 წლის ბესლან ჭკადუას, როგორც ის თავისი „ფეისბუქით" აცხადებს, აქვს ე.წ. აფხაზეთის მწვანე პასპორტი, რომლის მეშვეობითაც თურქეთიდან აფხაზეთში დაბრუნებას აპირებს:

„აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩო, მე ის (პასპორტი) აღარ მაქვს. სახლში მინდა! ძმურად, მომეცით საშუალება, რომ ჩემი აფხაზური საზღვარი ვნახო... მხოლოდ მწვანე პასპორტი მაქვს...ამით (რუსული პასპორტის დაწვით) არც ერთ სახელმწიფოს არ ვაყენებ შეურაცხყოფას", - თავის პირდაპირ ჩართვაში ამბობს ბესლან ჭკადუა, ხოლო პარალელურად კადრში ჩანს, თუ როგორ იწვის მისი რუსული პასპორტი.

„ფეისბუქში" სხვადასხვა მომხმარებლის მიერ დაწერილი არაერთი კომენტარის საპასუხოდ ჭკადუამ დაწერა, რომ სხვისი აზრი არ სინტერესებს. ის ითხოვს, რომ მას აფხაზმა „მესაზღვრეებმა" მიაკითხონ და წაიყვანონ:

„არ მაინტერესებს, რას ფიქრობს მსოფლიო საზოგადოება. მე ვიცი, რომ ჩემი აფსნი თავისუფალი ქვეყანაა! მე მაქვს ჩვენი მწვანე პასპორტი! ჩვენს წყლებამდე მივაღწევ! გამოგზავნონ ჩვენი სასაზღვრო სამსახური! სწორედ ეს იქნება მთელი მსოფლიოსთვის იმის დამამტკიცებელი, რომ ქვეყანა ვართ!" - წერს ჭკადუა.

ჭკადუას მიერ რუსული პასპორტის დაწვასთან დაკავშირებით აფხაზეთში ე.წ. რუსეთის საელჩომაც გააკეთა კომენტარი:

„სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელმაც თურქეთში მყოფი აფხაზეთის მოქალაქე ბესლან ჭკადუა დემონსტრაციულად წვავს რუსეთის პასპორტს, გაცნობებთ, რომ ჭკადუას საქციელი, პირდაპირ მას, როგორც რუსეთის მოქალაქეს აყენებს შეურაცხყოფას, რადგან მნიშვნელოვნად ართულებს მის შემდგომ გადაადგილებასა და სამართლებრივ სტატუსს.

„ბესლან ჭკადუას საქციელს განვიხილავთ, როგორც მავნებლურს საკუთარი თავის მიმართ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოქალაქე ბესლან ჭკადუას რუსული პასპორტი არ მიუღია აფხაზეთის რესპუბლიკაში მდებარე რუსეთის ფედერაციის საელჩოში.

„ამასთან ერთად, ჭკადუას საქციელი გათვალისწინებული იქნება, როდესაც ის მიმართავს რუსეთის დიპლომატიურ და საელჩო ორგანოებს პირადობის მოწმობის აღსადგენად," - აცხადებენ ე.წ. რუსეთის საელჩოში.

გრიგორი მაგ დედამ... საკუთარი გვარი მაინც არ იცის ?! ჭკადუა მეგრულად მჭედელია, ანუ მჭედლიძე (მჭედლიშვილი).
6 წლის უკან