ფინანსთა სამინისტრო: “არა, არა და არა!!!”

ფინანსთა სამინისტრო: “არა, არა და არა!!!”

ბიუჯეტის შევსების სურვილი მთავრობას მოსვენებას უკარგავს. ამიტომაც მუდმივად ახალ-ახალი აღმოჩენების ძიებაშია. ამჯერად მავან მოხელეს თავში აზრად მოუვიდა, რომ ძიძებისა და რეპეტიტორების დაბეგვრით უძირო ბიუჯეტში მორიგი შემოსავლები ჩაიყრებოდა. ნიადაგიც მოისინჯა, მაგრამ ჯერჯერობით იდეას განხორციელება არ უწერია.

სოციალურ ქსელ “ფეისბუქით” გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგადასახადო სამსახურმა რამდენიმე ძიძა ბავშვთა ქალაქ “მზიურიდან” აიყვანა და დააჯარიმა. თუ როგორ ჩატარდა ეს “ოპერაცია”, ზედმიწევნით არავის აუწერია, მაგრამ ინვეტრნეტის საშუალებით მეტად არასასიამოვნო ცნობა მალევე მოედო დედაქალაქს.

როგორც ჩანს, “ფეისბუქის” შესაძლებლობებს ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტშიც ჯეროვნად მიაგებენ პატივს, რადგან თავად ისურვეს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. შემოსავლების სამსახურმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, ხოლო მოგვიანებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, “ბოლო დღეებია ვრცელდება ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ძიძებისა და რეპეტიტორების დაკავების, მათი დაბეგვრისა და დაჯარიმების შესახებ. ფინანსთა სამინისტრო წუხს, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეაშფოთა ამ დეზინფორმაციამ. სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აღნიშნული ჭორია და არ შეესაბამება სინამდვილეს”.

“მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით, შეგნებულად ხდება შემოსავლების სამსახურისა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაცია. ჩვენს მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს მოკვლევას, რათა დადგინდეს, რა მიზნით და ვინ გაავრცელა ასეთი ჭორი.
ფინანსთა სამინისტრო ჩვენი მოქალაქეების საყურადღებოდ ოფიციალურად აცხადებს, რომ მსგავსი რეგულაციები არ იგეგმება. იმ შემთხვევაში, თუკი კვლავ ექნება ადგილი მსგავს ფაქტებს, ჩვენი თხოვნაა, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზს 077 ან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს”, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს არც პარლამენტი ჩამორჩა. ბიუროს სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აბსურდია.

მელიქიშვილის ინფორმაციით, გარკვეული პირები, რომელთა ვინაობაც დადგინდება, დადიან სკვერებსა თუ ბაღებში და ძიძებსა და რეპეტიტორებს “აფრთხილებენ”. “მე მინდა განვაცხადო, რომ არათუ მსგავსი რამის განხორციელება არ იგეგმება, განხილულიც არ ყოფილა ასეთი საკითხი”, - აღნიშნა მელიქიშვილმა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და საზოგადოებას შეახსენა, რომ ის ბიზნესმენები, რომელთა წლიური ბრუნვა 30 ათასი ლარია, გადასახადებისგან გათავისუფლებულები არიან. მისი თქმით, სწორედ ამ კატეგორიაში შედიან ძიძები და რეპეტიტორები.

სხვათა შორის, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და გამორიცხული არ არის, მავან ჩინოვნიკს თავში ასეთი იდეა მართლაც უტრიალებდეს. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ძიძებზე მოთხოვნა (და ანაზღაურებაც) მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტის შევსებაზე მონადირეებს ეს ნამდვილად არ გამოეპარებოდათ.

ძიძების შერჩევა-დასაქმების მიმართულებით მომუშავე კომპანია “მერი პოპინსში” სექტემბრიდან ძიძებზე მოთხოვნა მვეთრად გაიზარდა. როგორც კომპანიის კოორდინატორმა რადიოთი განაცხადა, ორგანიზაციაში ყოველდღიურად 3-4 სატელეფონო ზარი შედის. შემდეგ კი კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად ძიძის შერჩევა ხდება. ძიძის საშუალო თვიური ანაზღაურება დღის საათებში 350-400 ლარია, სადღეღამისო კი - 600-700 ლარი.