აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევისა და დონალდ ტრამპის კრემლთან კავშირების შესხებ გამოძიება დაასრულა. ამის შესახებ ამერიკული მედია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
მიულერმა თავისი ანგარიში უკვე გადასცა გენერალურ პროკურორ უილიამ ბარის, რომელმაც თავის მხრივ დოკუმენტის შესწავლა დაიწყო. მას შემდეგ, რაც გენერალური პროკურორი და მისი ჯგუფი ანგარიშს დეტალურად გაეცნობიან, დოკუმენტს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარადგენენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დოკუმენტი ჯერჯერობით არ მიუღია.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალი 30 ადამიანს აქვს წაყენებული, მათ შორის არის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის რამდენიმე საკვანძო ფიგურა: პოლ მანაფორტი, ჯორჯ პაპადოპოლუსი, მაიკლ ფლინი და სხვები.