რა ელით „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ ევროპის მოქალაქეებს და მათ ოჯახებს

რა ელით „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ ევროპის მოქალაქეებს და მათ ოჯახებს

ევროკავშირის ქვეყნებს არ სურთ დააბრუნონ თავიანთი მოქალაქეები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი მებრძოლები არიან. ისინი უარს ამბობენ ამ ადამიანების გასამართლებაზე და მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უნდათ. საქმე ეხება ტერორისტული დაჯგუფების დაახლოებით 3 000 ყოფილი მებრძოლის სამშობლოში დაბრუნებას. ისინი თავის დროზე „ისლამურ სახელმწიფოს“ სირიასა და ერაყში შეუერთდნენ, ახლა კი ლტოლვილების ან სამხედრო ტყვეების ბანაკებში იმყოფებიან. ევროპულ სახელწიფოებს არ სურთ ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობის აღება, რასაც ექსპერტები ახალი კონფლიქტის წარმოშობის მიზეზად მიიჩნევენ. რა ზომებია მისაღები ამ ადამიანებთან დაკავშირებით, ამის გარკვევას Deutsche Welle შეეცადა.

რისი ეშინია ევროპას?

ბევრმა ევროპულმა სახელწიფომ, მათ შორის ბელგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა და შვეიცარიამ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი საკუთარი მოქალაქეების დაბრუნებაზე უარი თქვა. მათ უნდა აეკრძალოთ სამშობლოში დაბრუნება, აღარ ჰქონდეთ უფლება მიიღონ საკონსულო მომსახურება და ასევე განიხილება მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი. ექსპერტები ამის მიზეზად ევროპული სახლმწიფოების მხრიდან შიდა უსაფრთხოების დაცვის საკითხებს ასახელებენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებს არ სურთ თავის თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, რადგან შიშობენ, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი მებრძოლები ტერორისტულ საქმიანობას გაანახლებენ, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ტერორიზმსა და ექსტრემიზმს გაზრდის. ამ საკითხზე დებატებს, თავის მხრივ, გაემიჯნა ევროკავშირი.

ევროკომისარმა უსაფრთხოების საკითხებში ჯულიან კინგმა განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თავისი მოქალაქის მიღება-არმიღების შესახებ თავად სახელმწიფომ უნდა მიიღოს. ექსპერტების შეფასებით, თავად ევროპელი პოლიტიკოსებისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი მებრძოლების სამშობლოში დაბრუნების საკითხი უსიამოვნო და არაპოპულარული თემაა. ბევრი ევროპელი ლიდერის სიფრთხილე ევროპარლამენტის კარს მომდგარი არჩევნებით არის განპირობებული.

ვის ტერიტორიაზე უნდა გასამართლდნენ ტერორისტები?

შვეიცარიამ პირველმა განაცხადა, რომ უმჯობესია მისი მოქალაქეები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძოდნენ, გასამართლდნენ არა სამშობლოში, არამედ ადგილზე - სირიაში ან ერაყში. ამ მიდგომას სხვა ევროპული სახელმწიფოებიც მიემხრნენ.

საერთაშორისო სამართალში კონკრეტულად არ არის მითითებული რომელ სახელმწიფოში უნდა გასამართლდეს ტერორისტული დაჯგუფების ყოფილი მებრძოლი, რომელსაც ევროპული პასპორტი აქვს. თავისი იურისდიქციის გავრცელება ამ ადამიანების მიმართ შეუძლია როგორც იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეცაა პირი, ასევე იმ ქვეყანას, სადაც დანაშაული მოხდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ევროპული სასამართლო შიშობს, რომ ამ ადამიანებისთვის გრძელვადიანი პატიმრობის შეფარდებას ვერ შეძლებს, რადგან მათი დანაშაულის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვება ადვილი არ იქნება. სირიაში ან ერაყში კი გაცილებით მარტივია მათი ბრალეულობის დამტკიცება, რადგან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლები სწორედ იქ მიმდინარეობდა.

ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების ყოფილი მებრძოლების გასამართლებისთვის მზად არის, ერაყია. თუმცა უფლებადამცველი ორგანიზაციები და გაერო ერაყში სასამართლოს გამართვას ეწინააღმდეგებიან. მათი განცხადებით, ბაღდადი სამართლიანი სასამართლოს ნორმებს არღვევს, რადგან ტერორისტული დაჯგუფების ყოფილი მებრძოლებისთვის საქმის 10-წუთიანი განხილვის შემდეგ სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს.

მოქალაქეობის ჩამორთმევით საერთაშორისო სამართლის ნორმები ირღვევა?

ამ დროისთვის გერმანიაში იქმნება სამართლებრივი ბაზა, რომელიც სახელმწიფოს მისცემს უფლებამოსილებას, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს მებრძოლ გერმანიის მოქალაქეებს მოქალაქეობა ჩამოერთვათ. თავის მხრივ, დიდმა ბრიტანეთმა უკვე ჩამოართვა მოქალაქეობა რამდენიმე ქალს, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფების ყოფილი მებრძოლების ცოლები არიან. ავსტრიას კი სურს ასეთ პირებს საკონსულო მომსახურებაზე უარი უთხრას.

ექსპერტები მსგავს ნაბიჯებს მკვეთრად რადიკალურს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ შეესაბამება და უფრო მეტიც, მათი უხეში დარღვევაა. ექსპერტები თანხდებიან იმაზეც, რომ ევროპულმა სახელწმიფოებმა თავიანთ მოქალაქეებსა და მათ ოჯახებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. მათი განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფების წევრთა ცოლები და შვილები უშუალოდ არ იყვნენ ჩართული საბრძოლო მოქმედებებში, ამიტომაც სულ ცოტა, ისინი მაინც უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში, მიიღონ ამნისტია და ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციის კურსი გაიარონ.