ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ პროცესებზე, აპრილის დასაწყისში შედგება შეხვედრა ბანკებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან. „თიბისი ბანკის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მოთხოვნები არა კონსორციუმს, არამედ ინვესტორ ბანკებს ეკუთვნის. მისი თქმით, დაფინანსებაზე სრული პაკეტი შეკრულია, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელიც კრედიტორების 8 პუნქტთან დაკავშირებულ მოთხოვნას ეხება.
ხაზარაძე ამბობს, რომ სახელმწიფო უკვე საქმის კურსშია ჩაყენებული. პირველი შეხვედრა უკვე შედგა ერთი თვის წინ, ზუსტად ერთი კვირის წინ ოთხმა ინვესტორმა ბანკმა მთავრობას წერილობით ფორმაში მიაწოდეს 8 პუნქტის შესახებ თავისი მოსაზრება.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ კონსორციუმი არაფერს არ ითხოვს, ჩვენ 70 მლნ დოლარის ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, ჩვენი ჯგუფის და იმ აქციონერების მხრიდან, რომლებმაც კონსორციუმი დააფუძნა, თანხა მობილიზებულია. ლაპარაკია 400 მლნ დოლარზე, იმ ბანკების მხრიდან, რომლებიცაა EBRD, ADB, AIIB და OPIC. მათ აქვთ თავისი მოთხოვნები, რომელთან განხილვაც მიმდინარეობს“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
აღსანიშნავია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ კომპანია – hyundai samho heavy industries–სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. სწორედ ეს კომპანია არის გამარჯვებული საერთაშორისო ტენდერში, რომლითაც კონსორციუმმა ამწეების პროვაიდერი შეარჩია.
„ჩვენი გეგმები გაცილებით შორს მიდის, ცდება მარტო პორტის მშენებლობას და მომავალი პარტნიორობა hyundai samho heavy industries-სთან, ეს იქნება სწორედ გემთმშენებლობისკენ მიმართული და იქითკენ მიმართული, რომ საქართველოს ჰყავდეს თავისი ფლოტი და თავისი გემები.
მნიშვნელოვანი დღეა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის, რამეთუ მსოფლიოს გიგანტ კომპანიასთან გავაფორმეთ პარტნიორობის ხელშეკრულება. ეს არის სამხრეთკორეული hyundai samho heavy industries, რომელიც აწარმოებს პრაქტიკულად ყველაფერს, მათ შორის ყველა დანადგარს, რომელიც ჩვენ გვესაჭიროება. ასევე მსოფლიო სამეულში შედის გემთმშენებლობაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე პლენარულ სხდომაზე ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის არავითარი სხვა ინვესტორი არ არსებობს. ამჟამად მუშაობა მხოლოდ კონსორციუმთან და ბანკებთან მიმდინარეობს, რათა პროექტი დასრულდეს წარმატებულად. როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია და არც დღეს აქვს სურვილი სახელმწიფო საკუთრებაში ჰქონდეს პორტი და მართოს ის.
პორტის ოპერატორთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვა ინფორმაციაა და ის პიარი და კამპანია, რასაც ადგილი აქვს კონსორციუმის მხრიდან, მინისტრის განცხადებით, აცდენილია კონსორციუმის მიერვე წარმოდგენილ დოკუმენტაციას. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ კონსორციუმი ცდილობს ვითარების წარმოჩენას ბევრად უფრო დადებითად, ვიდრე სინამდვილეშია და მათი, როგორც ინვესტორების პოზიცია გასაგებია. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა რისკი გარდა ტექნიკურისა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმში რჩება.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სრულად აქვთ მოზიდული დაფინანსება, შერჩეული ჰყავთ გენერალური კონტრაქტორი და ასე შემდეგ, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებაში შექმნან განწყობა, პროექტს და კონკრეტულ ინვესტორს მთავრობა ებრძვის. და, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალია, ივანიშვილს სურს პროექტიდან გააქროს მამუკა ხაზარაძე – აი, ეს არის მცდელობა, რასაც კეთილსინდისიერი ინვესტორის ქცევად ვერ შევაფასებდი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და ინვესტორთან ურთიერთობას გააგრძელებს და მაქსიმალურად ეცდება, პროცესში კომპრომისის მიღწევას.
„ყველას გვაერთიანებს სურვილი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი წარმატებით განხორციელდეს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით აუცილებელია ამ მიზნის გარშემო გაერთიანება. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ შევწყვიტოთ პროექტის გარშემო სპეკულაციები და საქმიან დისკუსიას დავუბრუნდეთ. დამერწმუნეთ, ამ პროცესს არაფერი ემუქრება. მთავრობას და სახელმწიფოს გვაქვს პასუხისმგებლობა, რასაც ძალიან კარგად ვიაზრებთ – ვალდებული ვართ, ანაკლიის პროექტში ვიყოთ თანმიმდევრულები, ვიყოთ ინვესტორის ინტერესების მხარდამჭერები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან პროექტის ჩაშლის სურვილზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება რუსულ ინტერესებს ემსახურება და შესაბამისად, საუბარი ალტერნატიულ ინვესტორებზე არის მცდარი. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ახალი ინვესტორი დიდი ალბათობით რუსეთია. უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ მაია ცქიტიშვილს მოუწოდა აღიარონ, რომ ანაკლიის პორტი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოა.
„ერთმნიშვნელოვნად და ხმამაღლა აღიარეთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და რუსები ანაკლიის პორტს ერთ–ერთ ყველაზე საშიშ პროექტად მიიჩნევენ, რაც ჩვენს რეგიონში შეიძლება განხორციელდეს – რატომ გვერიდება ამაზე ხმამაღლა საუბარი. ანაკლიის პროექტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს საზღვარგარეთ და პროექტი არც ჰამბურგის და არც როტერდამის პორტების ინტერესებშია“, – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობის პოლიტიკაა პროექტის ვერშესრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დააბრალოს და თავად პასუხისმგებლობა აირიდოს. რომან გოცირიძის აზრით, ხელისუფლებას ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა უნდა. მისი თქმით, მინისტრის გამოსვლით მტკიცდება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი სერიოზული საფრთხის ქვეშ არის.
„ხელისუფლების პოლიტიკა არის, რომ ტენდერში გამარჯვებულმა „თიბისი ჯგუფთან“ დაკავშირებულმა ადამიანებმა ვერ უზრუნველყვეს რაღაც მიზეზებით პროექტი და თქვენ ხელები დაიბანეთ. თქვენ არ შეარჩიეთ, თქვენ არ ჩაატარეთ ტენდერი“, –აღნიშნა რომან გოცირიძემ.
მმართველ გუნდი ამტკიცებს, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სახელმწიფომ ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხდებს, რომ ყველა სტრატეგიული პროექტი დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ხორციელდება, შეუძლებელია, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სხვა რეალობა იყოს
„არ ვიცი, საიდან მოდის ეს დაუსაბუთებელი ვარაუდები. ყველამ იცის, რომ რუსეთს აქვს ერთადერთი ინტერესი რეგიონში – მოიპოვოს მეტი კონტროლი და კიდევ უფრო მეტი გავლენა მოახდინოს თავის მეზობლებზე. აქედან ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეკონომიკურ–დემოკრატიული განვითარება. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არის აშშ.
საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და აქვს ასოცირების ხელშეკრულება. შესაბამისად, სტრატეგიული პროექტები და ყველა სტრატეგიული განვითარების მიმართულება ჩვენს ქვეყანაში არის მხარდაჭერილი და კეთდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად. შეუძლებელია, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით იყოს სხვა რეალობა და სხვა მოცემულობა“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.