სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს აჩუქა 200 ათასი პრობაციონერი, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სასჯელთა შეკრებითობის ფონზე, როცა მაგალითად, ორი პურის მოპარვისთვის ბრალდებულს სასჯელი უორმაგდებოდა, ხოლო ერთი ავტომობილის ოთხი საბურავის მოპარვისთვის - უოთხმაგდებოდა, პრობაცია ჰუმანიზმის მწვერვალი იყო.
თბილისის მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში უაღრესად გაჭირვებული ბებია და შვილიშვილი ცხოვრობდნენ. მათი სახლის უკან, მიწაში რაღაც კაბელი იდო, რომელიც არ ფუნქციონირებდა, ორივე მხრიდან დიდი ხნის წინ იყო გადაჭრილი და მოპარული. ბებოს წინდადადებით შვილიშვილმა კაბელის ნაგლეჯი ამოთხარა და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტს ჩააბარა, აღებული ფულით კი ფქვილი, ზეთი და შაქარი იყიდა. შვილიშვილი ქურდობისთვის დააპატიმრეს და ციხეში მრავალი წლით გაისტუმრეს, ხოლო 82 წლის ბებოს, როგორც „საქმის მიმცემს“, პრობაცია აკმარეს. კეთილმა ადამიანებმა 25 ათასი ლარის საფასურად ბიჭი ციხიდან დაიხსნეს, ბებო კი... ბებო წლების განმავლობაში აკურატულად ცხადდებოდა თბილისში, პრობაციის ბიუროში და კვირაში ერთხელ აფიქსირებდა, რომ არსად გაქცეულა.
საწყალი ბებო... და რამდენი ასეთი საწყალი, თუნდაც ის კაცი, მწყემსის მკვლელობაზე რომ დაიჭირეს, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ მწყემსი ცოცხალიც იყო და საღ-სალამათიც, მაგრამ „რადგან ზიხარ, ბარემ ბოლომდე იჯექიო“.
ირაკლი ბათიაშვილს მეგობრის ინტელექტუალური დახმარება დასდეს ბრალად. მეგობარი კოდორის ხეობას იცავდა. მეგობრის დაც დააპატიმრეს, ცუდი ძმა გყავსო.
„...რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო“.
განმუხური, ლაფანყური, ოქროყანა, კორტები, ეწერი, ენვერი...
2012 წლის თბერვალში 47 წლის სოლომონ ქიმერიძე სოფელ ქვიშხეთში საკუთარი სახლიდან პოლიციელებმა გასასაუბრელად ხაშურის პოლიციის გამჭირვალე შენობაში წაიყვანეს, ცოტა ხნის შემდეგ კი ოჯახს უკან ქიმერიძის ცხედარი მიუსვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქიმერიძე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან თავისით გადმოვარდა და შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევას მხოლოდ პოლიციელები შეესწრნენ. ქიმერიძის გადმოვარდნის ფაქტი ვერ დააფიქსირა ხაშურის პოლიციაში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა. პოლიციის განცხადებით, ვიდეოკამერა არ მუშაობდა.
მუშაობდა პარლამენტი, მუშაობდა ნაციონალური მოძრაობის სადამსჯელო მანქანა. აქტიურად განიხილებოდა წინადადება, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ 12 წლის ბავშვებს. ამავე დროს, ფუნქციონირებდნენ ე.წ. პატრიოტთა ბანაკები, 12 წლის გოგო-ბიჭებს სააკაშვილი ბუჩქებში აგზავნიდა.
ასარჩევად იყო საქმე: ან ციხე, ან ბუჩქები.
ასარჩევად იყო საქმე: ან სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, ანაც „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“, და აღარც რჩებოდა ქვა ქვაზე იმ ქვეყანაში, რომელ ქვეყანასაც სააკაშვილის ბანდა „ქვების გროვად“ მიიჩნევდა.
ეს ქვეყანა საქართველო იყო. საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მარცხს ზეიმობდა. მარცხში თავად ედოთ ლომის წილი, ლომის წილს ფლობდნენ ყველა ბიზნესში - მანქანას ვერ გააჩერებდი, მიკროავტობუსს ვერ დაძრავდი, კომპიუტერს ვერ ჩართავდი, სიმინდს ვერ დათესავდი და მადლზე მარილს ვერ მოაყრიდი.
საქართველოს საპატრიარქომ გადაწყვიტა, დაეწყო მოლაპარაკებები იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის გამოსყიდვასთან დაკავშირებით. ინფორმაციამ გაჟონა და სააკაშვილმა ისე წარმოაჩინა, თითქოს მოლაპარაკებებს ქართული მხრიდან ხელისუფლება აწარმოებდა. ამით სააკაშვილმა მის ნაცად მეთოდს მიმართა, რომლითაც ის ბევრჯერ შეეცადა საქართველოს პატრიარქის დამსახურება საკუთარ ანგარიშზე ჩაეწერა. ყველას კარგად გვახსოვს, საქართველოს პატრიარქის ვიზიტი რუსეთში 2010 წლის შემოდგომაზე და შედეგი, რომელიც ამ ვიზიტს მოჰყვა. მაშინ რუსულმა საჯარისო შენაერთებმა დატოვეს საჩხერის რაიონის სოფელი პერევი. ამას მაშინვე გამოეხმაურა პრეზიდენტი სააკაშვილი და ყველაფერი თვითონ მიიწერა. მისმა განცხადებებმა რუსული მხარის კიდევ უფრო გაღიზიანება და რუსი სამხედროების პერევში დაბრუნება გამოიწვია. იგივე მოხდა ჯვრის მონასტერთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შემთხვევაში. სააკაშვილის ამ განცხადებამ იერუსალიმის საპატრიარქო გააღიზიანა და მოლაპარაკების პროცესი ჩაიშალა.
ნამდვილად ღირს გახსენებად ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა, როცა ნახევარ საათის არჩეულმა ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა პირდაპირი ეთერით განაცხადა გადადგომის შესახებ. თუ არ გადადგებოდა, დაიჭერდნენ მისი ოჯახის წევრებს, დაიჭერდნენ მეგობრებს და ალბათ იმავე ტელევიზიას დაევალებოდა მისი მეგობრების და ახლობლების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გასაჯაროვება, ფარული ჩანაწერებს კი, ასიათასობით ფლობდნენ. იწერდნენ უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ ყველას და ყველგან, შიში უნდა ყოფილიყო საყოველთაო. მათ საქმეს ასე ჭირდებოდა.
ამბობენ, რომ 2009 წელს უგულავამ მეუღლეს გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა და ვივიენ ვესტვუდის ქუდი აჩუქა, რომლის ფასიც 50 000 ევროს შეადგენდა. მეორე სკანდალიც საქართველოს დედაქალაქის მერის მეუღლეს უკავშირდება, რომელმაც ავსტრიის დედაქალაქში იმშობიარა, სადაც უგულავების ოჯახი მეგობრებთან ერთად იყო ჩასული. ქართველები ვენაში ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში "ზაჰირი" 5 დღით დაბინავდნენ. ავსტრიაში გადამოწმებული ინფორმაციით, ეს ვოიაჟი და უგულავას მემკვიდრის დაბადება 22 000 ევრო დაჯდა. უგულავამ 2011 წლის დეკლარაციაში აღნიშნული ხარჯები 12 000 ლარად გაატარა.
ყველას გვახსოვს, როგორ დაემგვანა დედაქალაქის მთავარი თუ მეორეხარისხოვანი გზები სოფლის შარაგზებს, მაგრამ ბევრს აღარ ახსოვს, მაგრამ მეხსიერების ბარათი გვახსენებს „თბილსერვისჯგუფის“ სკანდალს, სადაც, როგორც გამოირკვა, ალპინისტ-დამლაგებლებად, მძღოლებად, ელექტრიკოსებად, სანტექნიკოსებად, სინოპტიკოსებად და მედიკოსებად ნაციონალური მოძრაობის ბარბაროსებს ფიქტიურად ყავდათ გაფორმებული დამკვრელები და მოცეკვავეები. ნაციონალები უკვეთავდნენ მუსიკას, დამკვრელები უკრავდნენ, მოცეკვავეები ცეკვავდნენ მათ დაკრულზე. უკრავდნენ ვერის უბნისა თუ სხვა უბნების მელოდიებს, ცეკვავდნენ სააკაშვილის ქეთოები, ცეკვავდნენ მერაბიშვილი-ადეიშვილის კოტეები, ხოლო ტაშს ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები უკრავდნენ. რა თქმა უნდა, აპლოდისმენტები დაფინანსებული იყო „თბილსერვისჯგუფიდან“.
ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც ორი წლის განმავლობაში ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას სამსამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პარალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ.
რომ კითხო - ევროპელები ვართო.
რომ კითხო - ოკუპაციის წინააღმდეგ ვიბრძვითო.
ცოტას თუ ახსოვს, რომ ოკუპირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ამაყად ატარებდა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქის დამადასტურებელ საბუთს...
და აქ - მრავალწერტილი, რადგან ამბები არის ძალიან ბევრი, უამრავი. ბევრი რამ გვავიწყდება, მაგრამ ერთი, რომელიმეს გახსენებაც საკმარისია დასკვნის გამოსატანად. ბევრი რამ აღარ გვახსოვს, არადა, ამბები ჯერ კიდევ ცხელია, გუშინდელი.
ეს ჩვენი თავგადასავალია, თავს გადაგვხდა.
ბოლოთქმა
არტურ კონან დოილი წერდა: „წვეთ წყალზე დაკვირვებით, ლოგიკურად მოაზროვნე გონება იოლად დაასკვნის ატლანტის ოკეანისა და ნიაგარას არსებობას, თუნდაც არაფერი იცოდეს ერთის ან მეორის არსებობაზე. მთლი სიცოცხლე ერთი დიდი ჯაჭვია, რომლის ბუნებას იოლად შევიცნობთ მისი ერთი რგოლის მიხედვით“.
ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ცხრაწლიანი პერიოდის შეცნობა ერთი რომელიმე რგოლის მიხედვით შეიძლება, მაგრამ ამას, ალბათ, წლები დაჭირდება, ყოველ რგოლში ხომ უამრავი წვეთია, თითოეულ წვეთში ხომ - უამრავი მრავალწერტილი.
წვეთ წყალზე დაკვირვებით დედამიწაზე ატლანტის ოკეანეს აღმოვაჩენთ, წვეთ ცრემლზე დაკვირვებით - ცრემლების ზღვას საქართველოში.
„ჩემი ცრუ ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს ოთხი პიროვნება...“
„მაფრთხილებდა, რომ მე ცოცხალი ვერ გავიდოდი ციხიდან და ჩემთვისვე უკეთესი იქნებოდა, თუ ჩემი ხელით დავასრულებდი სიცოცხლეს...“
„იძახდნენ, აიტანს თუ არა, ეგეც ჩვენი დარდიო...“
„ალბათ, მთელი ცხოვრება ვერ გამოვჯანმრთელდები...“
„წინ დამიდეს ჩემივე გარდაცვალების დასკვნა...“
“დავრჩი სამსახურის გარეშე, ნასამართლევი, და ახლობლების დახმარებით ვფარავ ბანკიდან აღებულ ვალს...“
ირინა ენუქიძის ერთ ცრემლზე დაკვირვებით შევიცნობთ ყველაფერს და კიდევ ერთხელ გავიფიქრებთ: „ეს აღარ უნდა განმეორდეს“.
(დასასრული)
ჩემი აზრით, ეს არის იმ ტრავმის პუბლიცისტური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), რაც საქარველოს ეროვნულმა სხეულმა მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" სახით.
არ ვიცი ავტორი რას აპირებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გამოიცეს ეს შესანიშნავი პუბლიცისტური ნაშრომი ცალკე წიგნად! - ამის სათქმელად შემოვედი.
(თუ ფინანსური დახმარებაა აუცილებელი, მზადა ვარ ჩემი მორძალებული წვლილი შევიტანო).
უნდა დაიბეჭდოს "ჯიბის ფორმატით" და ძალიან დიდი ტირაჟით, რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა შესძლოს მისი წაკითხვა.
"რუსთავი 2"-ის მიერ სრულიად ზომბირებულ და ტვინგაქვავებულ ადამიანებს არაფერი ეშველებათ (მიშას რომ დაჰყვებიან ქვეყნიდან ქვეყანაში და შენა ხარ ჩემი სიზმარიო, რომ შეჰღაღადებენ)... მათ ვერც წააკითხებთ და ვერც მოასმენინებთ. ბავშვივით რომ დაუჯდეთ გვერდით, ყურებს დაიცობენ - აბა-ბა-ბა, მაგათზე ცუდი არ გამაგონოთო!.. მაგრამ ბევრია ისეთიც, მართლა რომ არ არის სიმართლის ბაიბურში და ეს მხოლოდ მისი ბრალი არ არის. ეს იმის ბრალია, რომ "რუსთავი 2"-ის საპირწონე ვერაფერი შექმნა ახალმა ხელისუფლებამ და ვერც კანონმდებლობა მოაბრუნა იმგვარად, სიცრუისათვის იმითი მაინც დასაჯო, აიძულო თავისსავე არხზე გადასცეს თავისი ცრუპენტელობის მამხილებელი მასალები!..
მადლობა ავტორს!
P.S. გოგა ხაინდრავას "ჰეროკრატის" თუ მისი ბოროტი ფანტაზიის ნაყოფად აცხადებდნენ ნაცმადიდებლები, "მეხსიერების ბარათზე" რას იტყვიან, საინტერესოა!