„რა გაბედეთ გუშინ და რა მითხარით?!

„რა გაბედეთ გუშინ და რა მითხარით?!"

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ ცხრება და მისი კრიტიკოსების რიცხვიც დღითიდღე იზრდება.

დღეს პლენარულ სხდომაზე პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ კობახიძეს სიტყვით მიმართა და მწვავედ გააკრიტიკა:

„ბატონო კობახიძევ, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანდებით, თქვენ გულის სიღრმეში მაინც მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით?!" - მიმართა მარშანიამ.

მარშანია კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ მარშანია „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, რომან გოცირიძეს და ნიკა მელიას, თვალს უპაჭუნებდა.

„არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და პირველად ჩემს ცხოვრებაში, არც კი ვიცი, როგორ დავიწყო ჩემი გამოსვლა. უბრალოდ, რაც თავში მომივა იმას ვიტყვი ისე ვარ გადავსებული ემოციებით. ბატონო კობახიძევ, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანდებით, თქვენ გულის სიღრმეში მაინც მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით?! აი, გულის სიღრმეში მაინც, თქვენს სინდისთან, რომ მარტო დარჩებით ეს თქვენ, თქვენს თავზე მართლა გგონიათ?! თქვენ, რა გაბედეთ გუშინ და რა მითხარით?!

„ამ პარლამენტში მართლაც ცუდი სმენადობაა და გუშინდელი დღიდან ვუსმენ ამ ჩვენს უბადრუკ და სამარცხვინო სხდომებს ყურსასმენით. რაღაც თვალის ჩაპაჭუნებაზე ბრძანეთ, მე ყურადღებაც არ მიმიქცევია, მართლაც არ უნდა მიმექცია, მაგრამ ამ ხმაურში თურმე რა გითქვამთ?! ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ, „ქართული ოცნება" ე.წ. პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" გაგიჟდეს, შეუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას". მერე თქვენ რა გეშველებათ, თქვე საცოდავებო, თქვე უბადრუკებო, მართლა რა გეშველებათ?!" - განაცხადა ადა მარშანიამ.