“სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი სტერეოტიპი დამკვიდრდა…”

“სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი სტერეოტიპი დამკვიდრდა…”

სასამართლო სისტემის რეფორმისას ახალი ველოსიპედის გამოგონება არავინ უნდა დაიწყოს; ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით, რომელიც საშუალებაშ მოგვცემს, თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს განცდა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, არის პროგრესის გზაზე და ნებისმიერ მოქალაქეს უფლება ექნება, სასამართლო განხილვისას თავისი სამართალი იპოვოს, თუ მას ეს დასჭირდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქლაივში” განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ერთ დღეში არ ხდება, ეს არის პროცესი, მაგრამ ხელოვნური ჩარევებით, შესაძლოა დადგეს კონტრპროდუქტიული შედეგები და სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი ისტორია ამის ნათელი მაგალითია.

“სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მგრძნობიარე საკითხია და ეს არის ობიექტური რეალობა. სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრდა სტერეოტიპი, რომ აუცილებელია, აღმასრულებელი ხელისუფლება ერეოდეს ხელიუფლების სხვა შტოების საქმიანობაში, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია. მიჩნდება კითხვა, მაშინ რით განვსხვავდებით ჩვენ იმ რეჟიმისგან, რომელიც ყვეელაფერში ერეოდა – თვითონ ნიშნავდნენ, თვითონ ათავისუფლებდნენ, თვითონ ეუბნებოდნენ, როგორ დაესრულებინათ საქმეები სასამართლოში და ა.შ. მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ბუნებრივია, გარკვეულ პიროვნებებზე მაქვს ჩემი პერსონალური წარმოდგენა, შეიძლება ყველაზე მკვეთრიც, მაგრამ არ შეიძლება და არასწორი იქნება, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ამაში ჩავერიო. ეს არ არის ისეთი ტიპის სახელმწიფო, რომლის აშენებაც ჩვენ გვსურს. ჩვენ გადავედით საპარლამენტო დემოკრატიის მოდელზე და ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი სწორი მოდელი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ევროპულ ოჯახში შესასვლელად. ამას ყველამ უნდა ვცეთ პატივი, ყველას უნდა გვქონდეს მოსაზრება, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკას, ობიექტურ კრიტერიუმებსა და პროცედურებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები აქტიურად არიან ჩართული ამ საკანონმდებლო ინიციტივის განხილვაში და წარმოდგენილია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.