ადეიშვილმა ზოდელავას უთხრა პირველი ოქტომბერი დადგა, ხომ ნახე რა შედეგებიც არის, წავიდეთ ქვეყნიდანო – თვითონ გაიქცა და ბატონი მურთაზი მიატოვა

ადეიშვილმა ზოდელავას უთხრა პირველი ოქტომბერი დადგა, ხომ ნახე რა შედეგებიც არის, წავიდეთ ქვეყნიდანო – თვითონ გაიქცა და ბატონი მურთაზი მიატოვა

ჩვევაში მაქვს, მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად მსახურობენ, თუნდაც დაუშვან შეცდომები, – ასე უპასუხა პარლამენტის პლენარულ სესიაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დეპუტატ სერგო რატიანის კითხვას, რატომ გადაუხადა მადლობა წულუკიანმა ირაკლი შოთაძეს მთავარ პროკურორის თანამდებობიდან გადადგომისას.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა, ხომ არ შეიცვალა მინისტრის დამოკიდებულება დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით.

თეა წულუკიანის განცხადებით, ის იმავე პოზიციაზეა.

„იგივე პოზიციაზე ვარ. როდესაც რაღაც მითქვამს, არ მჩვევია ეს გადავთქვა, რაც არ უნდა თვეები გავიდეს. ასევე, არ გეწყინოთ და გეტყვით, რომ მე არ ვარ ადეიშვილი, რომელმაც მურთაზ ზოდელავას მადლობა კი არ გადაუხადა, უთხრა – პირველი ოქტომბერი დადგა, ხომ ნახე რა შედეგებიც არის, წავიდეთ ქვეყნიდანო. თვითონ გაიქცა და ბატონი მურთაზი მიატოვა, მადლობის გადახდას ვინ ჩივის. მე არ ვარ ასეთი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის პასუხს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, გიგა ბოკერიას რეპლიკა მოჰყვა, რომ ეს ისტორიული პასუხი იყო.

წულუკიანის შეფასებით, მართლაც ისტორიული ფაქტია ზურაბ ადეიშვილის ქვეყნიდან გაქცევა და თავისი მთავარი პროკურორის მიტოვება, ასევე მისი მადლობა გადამდგარი პროკურორისადმი.

„დიახ, ისტორიული ფაქტია, როგორც ადეიშვილის გაქცევა და ის, რომ მიატოვა თავისი მთავარი პროკურორი, ასევე ჩემ მიერ მადლობის გადახდა წარმავალი მთავარი პროკურორისთვის, რადგან თქვენ ჩათვალეთ, თურმე, მთავარი პროკურორი იმიტომ უნდა გადადგეს, რომ სასამართლომ გაამართლა ადამიანი. მაშინ ყველა ქვეყნის ყველა მთავარი პროკურორი დღეში რამდენჯერმე უნდა გადადგეს და არც იმას უნდა გვიყიჟინებდეთ, რომ გამამართლებელი განაჩენების რიცხვი გაზარდეთო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა პლენარულ სესიაზე.