„ქართული აკადემია“ ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს კაცთმოძულე ხელისუფლებაზე ღირსეულ და შთამბეჭდავ გამარჯვებას და საგანგებოდ აღნიშნავს ამ გამარჯვებაში კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის, ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის, ისტორიული მნიშვნელობის დამსახურებას.
თაღლითობაში გაწაფული მიხეილ სააკაშვილი და აწ უკვე უმცირესობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა ცდილობენ, ამ დამარცხებაშიც იპოვონ „მეტი სარგებელი“ და ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას დემოკრატიულ ხელისუფლებად შეასაღონ თავი. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა დამარცხებისათვის განწირული მცდელობა, მოპარონ ხალხს უთანასწორო ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება.
ნაციონალების მხრიდან ისმის მუქარა, რომ მათ შეუძლიათ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნა, მაგრამ ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ თითქოს, პატივს სცემენ ხალხის მიერ არჩევნებში გამოვლენილ ნებას. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ შეუძლიათ მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას ხალხის ნების პატივისცემა და ვურჩევთ მათ, თავი დაანებონ შანტაჟსა და ხალხის მოთმინებას გამოცდას.
„ქართული აკადემია“ გამოთქვამს იმედს, რომ ახალი ხელისუფლება შეძლებს დემოკრატიასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნას, ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, გამოვთქვამთ განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროებში ექსპერტულ დონეზე თანამშრომლობის მზადყოფნას.