"იმედია ღილაკის ფერები პარლამენტის ტუალეტშიც არ აერევათ"

რომან გოცირიძე უმრავლესობის წევრების მიერ კენჭისყრის ღილაკების არევასთან დაკავშირებით ახალ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ამჯერად კონტექსტი მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტია. ოპოზიციონერი დეპუტატი მიანიშნებს, რომ შესაძლოა ამ კანონის კენჭისყრისას კვლავ ასეთი ინციდენტები მოხდეს.

„არ გამიკვირდება ისევ აერიოთ იმდენად არეულები და დაბნეულები არიან. იმედია ღილაკის ფერები პარლამენტის ტუალეტშიც არ აერევათ. ზუსტად იგივე ფერის ღილაკებია რაც კენჭისყრის დარბაზში,"- აცხადებს გოცირიძე.

გუშინ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებაზე კენჭისყრა უმრავლესობას ჩაუვარდა, რადგან ამ საკითხს მხარი მისმა რამდენიმე წევრმაც არ დაუჭირა. მოგვიანებით ლიდერებმა განმარტეს, რომ მათ ხმის მიცემის ღილაკები აერიათ.

მოგვიანებით კენჭისყრა ისევ ჩაინიშნა, მაგრამ მოვლენებს კვაჭანტირაძემ დაასწრო და თანამდებობიდან თავად გადადგა.