“თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულად – ეს გამორიცხულია, ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს”

“თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულად – ეს გამორიცხულია, ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს”

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გარდაბანში, ქვემო ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დღესასწაულის აღსანიშნად გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცენტრში შეკრებულ ადგილობრივ მოსახლეობას და განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანაში სიახლის შემოსვლასთან ერთად, გრძელდება ის ძველი ტრადიციები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის საყრდენია.

,,მე აქ სტუმარი არ ვარ, აქ მე ვარ მასპინძელი, ისევე როგორც ნებისმიერ ადგილას საქართველოში მე ვარ ჩემს სახლში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ ჩემს სახლში თქვენთან ერთად და შემიძლია თქვენთან ერთად ვიზეიმო ეს მშვენიერი დღესასწაული.

მინდა მოგილოცოთ ის, რომ თქვენ აგრძელებთ ტრადიციებს. ამის გარეშე ვერც ადამიანი და ვერც საზოგადოება ვერ იზრდება. ამიტომ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციებს და გავაგრძელოთ. ეს არის, ნამდვილად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ნაწილი.

ასევე, ამ ჩვენი იდენტობის მთავარი ღირებულება ტოლერანტობა და შემწყნარებლობაა, ასევე ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიცხოვროთ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ.

ამით მოდიოდა საქართველო, წლების, საუკუნეების მანძილზე. ეს ღირებულება დღეს სუსტდება მსოფლიოში და ჩვეთანაც ზოგჯერ არ გვესმის ამ ღირებულების მნიშვნელობა ბოლომდე.

ამის გარეშე ვერც ვიცხოვრებთ, ვერც სახელმწიფოს ავაშენებთ, ვერც წინ წავალთ და ვერც განვვითარდებით.

ესეც, ისევე როგორც სხვა ტრადიციები, ჩვენი შემქმნელი ერთ-ერთი ტრადიცია – ჩვენი ქვეყნის ღერძი, რომელსაც ძალიან დიდი გაფრთხილება სჭირდება და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამაზე.

მე ძალიან ამაყი ვარ და ამას ვამბობ მთელს მსოფლიოში, რომ საქართველო არის ის ადგილი, სადაც ყველას შეუძლია ცხოვრება; სადაც სხვადასხვა წარმოშობის, სხვადასხვა რელიგიის ადამიანები ერთად ცხოვრობენ ისე, რომ მათ შორის არანაირი კონფილიქტი კი არა, არანაირი უთანხმოება არ არსებობს.

სამწუხაროდ, ზოგჯერ მეტი უთახმოებაა ხოლმე, თვით ქართველებს შორის, ვიდრე სხვა ჯგუფებს შორის. ესეც უნდა დაწყნარდეს. ამის იქით უნდა დავინახოთ, რომ რა პარტიას, რა რელიგიას, რა ეთნიკურ წარმოშობას უნდა ვეკუთვნოდეთ მხოლოდ ერთი მომავალი გვაქვს.

ეს საერთო მომავალი ნაწილობრივ მაინც, დაფუძნებულია იმაზე, რომ ერთი ენა გვაკავშირებდეს. ძალიან ვწუხვარ, როცა აქ თქვენთან ისე ვერ ვსაუბრობ, როგორც მინდა, მინდა მეტი ურთიერთობა იყოს.

მე თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულ ენაზე, – ეს გამორიცხულია. იმიტომ რომ ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს.

მე შემიძლია აზერბაიჯანულად, რამდენიმე სიტყვა ვისწავლო და გითხრათ რომ „ნოვრუზ ბაირამ იზინ მუბარაკ“ და კიდევ მეტს ვისწავლი, მაგრამ თქვენი, ახალგაზრდების მომავალი და ჩვენი საერთო მომავალი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდეთ და ამავე დროს, თქვენ აგრძელდებდეთ თქვენს ტრადიციას, ინარჩუნებდეთ თქვენს ენას, თქვენს სიმღერებს, თქვენს ცეკვებს, – ეს ყველაფერი საქართველოს ის სიმდიდრეა, რომლის მიმართაც სხვა ქვეყნებს რაღაც პატარა ხინჯი, ეჭვიანობაც კი გააჩნიათ, რადგან ისინი ვერ ახერხებენ ამას ისე, როგორც ჩვენ ერთად ვახერხებთ.

ასე რომ, ეს თანაცხოვრება გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ და სამომავლოდ ვიყოთ ის სამაგლითო ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს გააკვირვებს. გვაქვს ყველა ის უნარი, რომ გავაკვირვოთ მთელი მსოფლიო და ვაჩვენოთ, რა არის მაგალითი ძველი ტრადიციების, რა არის კავკასიის მაგალითი. ამით ჩვენ ვართ უნიკალურნი მსოფლიოში და დავრჩეთ უნიკალურნი”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.