ძალიან მიხარია, რომ ასე აღშფოთდით, რადგან მოგეჩვენათ, პრორუსულობა დაგაბრალეს, მაგრამ მე არ ვაპირებ, ბოდიში მოვიხადო ჩვენი პარტნიორის გამო, – ამის შესახებ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, იქ არის შეცდომები“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ამ განცხადებით ქეთი ხუციშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ წერია ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ დაფინანსებულ კვლევის დასკვნაში, რომ რუსული არხებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მოსაზრებები ერთმანეთს ძალიან ემთხვევა.
როგორც გადაცემის წამყვანმა, გიორგი გვიმრაძემ აღნიშნა, კვლევის ავტორები კომპეტენციის საკმაოდ სერიოზულ ნაკლებობას განიცდიან, რადგან კვლევაში მოხმობილი სხვა დანარჩენი ბევრი ასპექტის განხილვაც რომ მოხდეს, მათ შორის, მათ მიერ გამოკითხული მოსახლეობის პასუხები, ხშირად აჩვენებს, რომ ამ მოსახლეობაზე არ მოქმედებს რუსული პროპაგანდისტული არხები, რომელსაც ისინი იკვლევენ. გვმირაძის თქმითვე, გარდა ამისა, კვლევაში შოთა თხელიძის სხვა სიუჟეტებიც იყო მოხსენიებული და ციტატები მოყვანილი, რითაც მას გაუჩნდა განცდა, რომ კვლევის ჩამტარებელს ფაქტის აღქმის პრობლემა აქვს.
კვირის თემა - სისტემური დეზინფორმაციის ანატომია - ქეთი ხუციშვილი, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი
ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“აღმასრულებელმა დირექტორმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის.
„ხო, არ ვიცი მე, მართალი გითხრათ, გამოგიტყდებით“, – განაცხადა ხუციშვილმა.
გიორგი გვიმრაძემ ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საზოგადოების და კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ინსტიტუციების კლიშირებას ისახავს მიზნად.
საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი „ღია საზოგადოების ფონდი“.