„ერისკაცებს შეუძლიათ მიიღონ სამარხვო პროდუქტი, სასულიერო პირებს და ბერებს კი მეტი მოეთხოვებათ“,

„ერისკაცებს შეუძლიათ მიიღონ სამარხვო პროდუქტი, სასულიერო პირებს და ბერებს კი მეტი მოეთხოვებათ“,

მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) არ ეთანხმება ზოგიერთი იმ სასულიერო პირის მოსაზრებას, რომლებიც არასწორად მიიჩნევენ სამარხვო ნამცხვრების, კატლეტების და სხვა ნუგბარის მიღებას მარხვის პერიოდში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა მამა შალვა კეკელიას განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ არაა სწორი „სამარხვო ნუგბარის“ მიღება მარხვის დროს.

„რატომ დაადგინა ეკლესიამ საკვებით მარხვა? ადამიანმა საკუთარი ნებით, უარი უნდა თქვას რაღაცაზე. შეიძლება მხოლოდ სამარხვო საკვები მიიღო, მაგრამ დიდი რაოდენობით, ეს მაინც არ იქნება მარხვა. თუ 5 თეფშ ლობიოს შეჭამ, ეს მარხვა არ არის, აქ მთავარი შენი დამოკიდებულებაა ჭამის მიმართ, შენი მოთმინება.

„მე ვფიქრობ, რომ მარხვის დროს სამარხვო ნამცხვრების, სამარხვო კატლეტების, სამარხვო ყველის ჭამა არ არის სწორი. ვის ატყუებ, ან საკუთარ თავს რატომ იტყუებ? ჩვენი წინაპრები ზოგჯერ მზის ჩასვლამდე არ ღებულობდნენ საკვებს, ამით აუძლურებდნენ სხეულს, რათა სულისთვის მიექციათ მეტი ყურადღება.

„მარხვა გვაძლიერებს სარწმუნოებაში, მაგრამ შენ თუ არაფერს მოიკლებ, არაფერს მოითმენ და სულ იმაზე იფიქრებ, რა ჭამო, სულ სამარხვო მენიუს შედგენა-შერჩევაში იქნები, ეს არასწორი დამოკიდებულებაა. საერთოდ, თანამედროვე ადამიანი ცდილობს ეკლესია მოირგოს, თავად კი არ მოერგოს ცნებებს. მარხვის შემთხვევაშიც იგივეა - ადამიანი ცდილობს მარხვა მოირგოს. როცა ადამიანი ფიზიკურად უძლურია, ჩვენ ვაძლევთ კურთხევას, რომ ხორცი და რძის ნაწარმი მიიღოს, სამაგიეროდ ის უფრო მეტს ლოცულობს და მეტ დროს უთმობს სულს, ანუ მარხულობს“, - ამბობს მამა შალვა.

„საკვები პროდუქტი, რომელიც არის სამარხვო, მისი მიღება მარხვის დროს შეიძლება. თუ სამარხვოა ნამცხვარია, შეიძლება. ერისკაცებს შეუძლიათ მიიღონ სამარხვო პროდუქტი, სასულიერო პირებს და ბერებს კი მეტი მოეთხოვებათ“, - აცხადებს მეუფე ანანია „რეზონანსთან“ საუბრისას.

მეუფე ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მარხვის დროს სამარხვო საკვების მიღება დიდი რაოდენობით არ არის მიზანშეწონილი. 

„ნაყროვანება არ შეიძლება, ზომიერად უნდა ვიკვებოთ“, - ამბობს მეუფე ანანია.