სააკაშვილი შესაძლოა უკრაინაში დაბრუნებას გეგმავდეს

სააკაშვილი შესაძლოა უკრაინაში დაბრუნებას გეგმავდეს

„ნაციონალურ მოძრაობას" სწორედ სააკაშვილის ფაქტორის გამო ბევრი მომხრე ჰყავს. ის, როგორც ქარიზმატული ლიდერი, მნიშვნელოვან როლს არსულებს „ნაცმოძრაობის" რეიტინგის ამაღლებისა და შენარჩეუნების საქმეში. ეს რეიტინგი შენარჩუნდება, რადგან სააკაშვილი თავის მომხრეებს მოუწოდებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" კვლავ მხარი დაუჭირონ," - ასე აფასებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობიდან გადადგომას „რეზონანსთან" საუბრისას.

„სააკაშვილი იყო „ნაცმოძრაობის" საპატიო თავმჯდომარე. თუ სააკაშვილი მოუწოდებს თავის მომხრეებს კვლავ მხარი დაუჭირონ „ნაცმოძრაობას", იგი რეიტინგს შეინარჩუნებს. მისი მომხრეებისთვის „ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილთან ასოცირდება. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ეს არის რეალობა," - აღნიშნა ჩიტაძემ.

სააკაშვილმა პარტიიდან წასვლის შემდეგ, კონკრეტულად რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას - შესაძლოა თუ არა უფრო მეტი კონცენტრაცია უკრაინაზე მოახდინოს და პოლიტიკურ წარმატებასაც უკრაინაში ეცადოს? ჩიტაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტოს, რისი შანსიც მას 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე იულია ტიმოშენკოს გამარჯვების შემთხვევაში რეალურად ეძლევა.

„არ არის გამირიცხული, რომ სააკაშვილი უკრაინის მოვლენეში ჩართვასაც აპირებდეს, რადგან დიდი ალბათობაა იმისა, რომ პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ტიმოშენკოს რეიტინგი მეტ-ნაკლებად მაღალია და ის უწევს კონკურენციას პოროშენკოს, თუ ტიმოშენკო გაიმარჯვებს, არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილი უფრო აქტიურად ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე პრობლემებში და დაბრუნდეს კიდევაც უკრაინაში.

„ტიმოშენკო პირადად მხარს დაუჭერს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას. ამიტომაც, გამორიცხული არ არის, რომ სააკაშვილი ასევე უკრაინაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პროცესებში იყოს ჩართული.

„საქართველოსთან მიმართებაში მისი ინტერესი შენარჩუნდება, რაც ბუნებრივია. ყველა შემთხვევაში, ის მაინც იბრძოლებს თავის თანაგუნდელებთან ერთად იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს მშვიდობიანი გზით," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა და სრული მხარდაჭერა „გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა. სააკაშვილი ვიდეომიმართვაში გადადგომის მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანაში არყოფნა პარტიული საქმიანობისთვის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს.