წითელი თუ მწვანე ? – რა აერიათ პარლამენტარებს?

წითელი თუ მწვანე ? – რა აერიათ პარლამენტარებს?

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მომხრე 67 დეპუტატი იყო, 8 წინააღმდეგი წავიდა. გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმი 76 იყო.

დეპუტატი დავით მათიკაშვილი ამ საკითხს ტექნიკური მიზეზით ხსნის.

„წითელზე იყო ხელი მისაჭერი თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა. კომიტეტიდან გაწვევა და კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მოხსნის საკითხი, მადლობა ღმერთს, პარლამენტის ყოველდღიური საქმიანობა არ არის. შესაბამისად, იყო ტექნიკური გაუგებრობა. ცხადია, უმრავლესობის გადაწყვეტილება არის კვაჭანტირაძესთან დაკავშირებით მიღებული და ეს იქნება რეალიზებული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, კომიტეტის თავმჯდომარის საკითხი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, უმრავლესობას აქვს პასუხისმგებლობა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე. სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას, ვინც იქნება კონკრეტული კომიტეტის თავმჯდომარე. ეს საკითხი დაისვა მას შემდეგ, რაც ბატონმა ზვიადმა დატოვა უმრავლესობის რიგები. ანალოგიურად, ხვალ მე რომ გავიდე უმრავლესობიდან, უნდა დავტოვო ის თანამდებობები პარლამენტში, რაც მიკავია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

იმავე მიზეზსს ასახელებს უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი რატი იონათამიშვილი

„მე მომხრე ვარ, რომ ზვიად კვაჭანტირაძე გადააყენონ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან, უბრალოდ, რაღაცამ აურია და აპარატზე შეცდომა დაფიქსირდა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.