ვინ არიან ათენში დაკავებული ქართველები? -

ვინ არიან ათენში დაკავებული ქართველები? - "კანონიერი ქურდი" და მასთან კავშირში მყოფი დაჯგუფება

საბერძნეთის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომელსაც ე.წ. "კანონიერი ქურდი" 38 წლის გიორგი ენდელაძე ხელმძღვანელობდა.

ოპერაცია ბერძენმა სამართალდამცავებმა ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად ჩაატარეს. "პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა საქართველოს იმ მოქალაქეების ვინაობა, რომელიც ამ ოპერაციის ფარგლებში ე.წ. "კანონიერ ქურდთან" ერთად დააპატიმრეს. ესენი არიან: თამაზ კოღუაშვილი, ასმათ ვარდანაძე და თორნიკე ვარდანაძე, რომელიც ერთდროულად რამდენიმე შეცვლილი გვარით სარგებლობდა, მათ შორის "თორნიკე მინდაძის" და "თორნიკე შალიკიანის".

რაც შეეხება თავად გიორგი ენდელაძეს, მას კრიმინალურ წრეებში "თავას" მეტსახელით იცნობენ. "კანონიერი ქურდი" საქართველოში ოჯერ არის ნასამართლევი. პირველად 2001 წელს დააკავეს და 2006 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს, თუმცა იმავე წლის აგვისტოში კვლავ ციხეში შეაბრუნეს და ერთი წლის შემდეგ გაუშვეს. გიორგი ენდელაძე "კანონიერი ქურდად" თბილისის N1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2004 წელს "აკურთხეს".

საქართველოს მოქალაქეებს ბერძნული კანონმდებლობით, მრავალგზის ქურდობასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში ედებათ ბრალი. პოლიციის ინფორმაციით, ჯგუფი საბერძნეთის ტერიტორიაზე ორი წლის განმავლობაში მოქმედებდა და საერთო ჯამში ნაქურდალის ღირებულებამ 200 000 ევროს გადააჭარბა.

ცნობისთვის: საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 141 მოქალაქე, მათ შორის 10 ე.წ. "კანონიერი ქურდი".