ქართველი მსახიობები ყოველთვის შესანიშნავი იუმორის გრძნობით იყვნენ დაჯილდოებულები. ამ თვისების გამო სხვადასხვა კურიოზულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილან.
დღევანდელ წერილში რამდენი ათეული წლით უკან მინდა რომ დავბრუნდე და ნაკლებად ცნობილი რამდენიმე სახალისო ისტორია გავიხსენო.
ვასო გოძიაშვილი ერეკლე მეფეს თამაშობდა, სადაც არის ასეთი სცენა, როცა ერეკლე ამბობს: “ღმერთმა ხომ იცის, რომ...” ამ დროს მაღლა იყურება და ხელებს ცისკენ აღაპყრობს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იცოდა ჟორა შავგულიძემ, რომელიც სპექტაკლში საიათნოვას თამაშობდა, მაგრამ იმ პერიოდში თავისუფალი კულისებში იდგა. სცენის თავზე, მემანქანეებთან, ჩაიხადა შარვალი და ზედ ვასოს თავზე ჩაიცუცქა. “ღმერთმა ხომ იცის” – დაიწყო ვასომ, მაღლა აიხედა და დაიწყო, რაც უნდა ეთქვა.
- ვა, ტრაკი? – გაოცებულმა პაატა ბატონიშვილმა მაღლა აიხედა და...
- კი, ტრაკი, ეს ვისია? – მაგრამ დარბაზში აღარაფერი ისმოდა, სიცილი ანგრევდა კედლებს, მსახიობებს კი საკმაოდ სოლიდურ ჯარიმებად დაუჯდათ შავგულიძის ხუმრობა.
ცნობილი ქართველი მომღერალი და კოტეს როლის შემსრულებელი ბათუ კრავეიშვილი იგონებდა. მისი მოგონების “მთავარი გმირი“ წინა ისტორიის უმთავრესი „პერსონაჟი“, ბატონი გიორგი შავგულიძე ბრძანდებოდა.
“ერთხელ, “ქეთო და კოტეს” გადაღების დროს ცხელი დღე იდგა. როგორც კი გიორგი შავგულიძე სტუდიაში მოვიდა, მაშინვე შემომჩივლა – გრიმის გაკეთება და კოსტიუმის ჩაცმა ძალიან მეზარებაო. იმ დღეს თამარ ჭავჭავაძე შეუძლოდ ყოფილა და ამის შესახებ მარტო გიორგის სცოდნია. მან თავისი ტანსაცმელი გაიძრო, ხანუმას შლეიფიანი კაბა გადაიცვა, გაზეთი აიღო და იქვე მოლზე, ხის ჩრდილში წამოწვა. მე კი გამაფრთხილა, ხმა არ ამოიღოო. დიდი დრო გავიდა. შალვა გედევანიშვილმა ნერვიულობა დაიწყო, მე განგებ შევეკითხე:
- რაშია საქმე, გადაღებას რატომ არ ვიწყებთ?
- როგორ დავიწყოთ, როცა გიორგი შავგულიძე ჯერ არ მობრძანებულა.
გავიდა კიდევ ნახევარი საათი.
- შალვა ბატონო, მართალია, შავგულიძე არ ჩანს, მაგრამ ვერც თამარს ვხედავ.
- როგორ გეკადრებათ, ბათუ, თამარი რამდენი ხანია მოსულია. აგერ იქ, ხის ქვეშ გაზეთის კითხვაში, მგონი, ჩასძინებია კიდეც.
კიდევ ნახევარი საათი იცადეს. ახლა კი უკვე ვახტანგ ტაბლიაშვილიც განერვიულდა და შალვას შეეკითხა, ჟორამ ხომ იცოდა, რომ დღეს ნიკოს, ხანუმას, კოტესა და მისი სცენები უნდა გადაგვეღოო.
- იცოდა, როგორ არ იცოდა, - უპასუხა შალვამ.
- მაშ, რაღა ჯანდაბა მოუვიდა, - ახლა კი იყვირა ვახტანგმა. უცბად ხის ჩრდილიდან შავგულიძემ თავი წამოყო და წამოიძახა - მართლა დამძინებია და დამავიწყდა მეთქვა: თამარის ქალიშვილმა ტელეფონით შემატყობინა, დედას სიცხე მისცა და გადაღებაზე ვერ მოვაო. ატყდა სიცილი, რომელიც ხარხარში გადაიზარდა და გაჯავრების თავი აღარავის ჰქონდა”.
შემდეგი „საინტერესო“ „ისტორია“ ბატონ ჯემალ ღაღანიძეს ეკუთვნის.
ქუთაისში ვიღებთ მხატვრულ ფილმს – „ჩემი მეგობარი ნოდარი“.
ქუთაისი ხომ „ხოხმა-ღადაობის“ უშრეტი წყაროა და, გადაღებაც, შესაბამისად, სულ მხიარულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. მე გოგია მილიციელის როლს ვასრულებდი.
დაყენებულია ფარული კამერები ღამის ქუთაისში. მე, მთვრალი მილიციელი, მივბარბაცებ ცენტრალურ ქუჩაზე, ბუდიდან ვიღებ პისტოლეტ „ტეტეს“ და ვისვრი ჰაერში. სცენარის მიხედვით, ოთხჯერ-ხუთჯერ უნდა გამესროლა რამდენიმე წუთის ინტენსივობით.
მესამე გასროლაც შევასრულე და ჩემს ფეხებთან მილიციის „სპეცკოლხოზნიკი“ დამუხრუჭდა. გადმოცვივდნენ საბჭოთა მილიციელები, მარჯვედ გადამიგრიხეს ხელები, წამში გამომტაცეს იარაღი, შემკეცეს მანქანაში და ისე გამაქანეს, რომ ვერავინ აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო.
– სად მიგყავართ, ბატონო? – ვკითხე გაუბედავად.
– დუტ! შე მუნდირის შემარცხვენელო! ჩვენ ვიცით, სადაც წაგიყვანთ! – დამიბღვირეს ფორმიანებმა.
– არტისტი ვარ, ბატონო, მე.
– არტისტი ხარ, აბა, მილიციელის რა გაცხია, შენ ხულიგანო!
– არა, მართლა არტისტი ვარ, კინოსი...
– მალე გაჩვენებთ კინოს და კინოჟურნალს!
გავიჭყიტე ფანჯარაში – ქალაქიდან გავსულვართ.
– სად მივდივართ, ამხანაგო ოფიცერო? – გადავედი ოფიციალურ ტონზე.
– სუს! კრინტი!
თურმე, სამტრედიის ერთ პრესტიჟულ რესტორანში ქეიფობს ქუთაისის მილიციის უფროსი თავის ამფსონებთან ერთად. ამ ქუთაისელ „შერლოკ ჰოლმსებს“ რაციით დაურეკავთ, ჩვენი თანამშრომელი ისვრის შუაგულ ქუთაისშიო და იმასაც უთქვამს, გაბაწრეთ და აქ მომგვარეთო.
შემაჩინდრიკეს მუჯლუგუნებით რესტორანში.
– ესაა? – ეკითხება „ხუტა უფროსი“ ხელქვეითებს.
– ეს არის, ამხანაგო უფროსო!
რა სჯობია „გამოსულ“ მილიციელს... მაშინვე მიცნო:
– ბატონო ჯემალ, თქვენ საიდან ამ გაუგებრობაში?!
ავუხსენი ყველაფერი და ატყდა ხარხარი.
– დაუბრუნეთ იარაღი! – გასცა ბრძანება უფროსმა.
მომცეს ჩემი „ტეტე“.
– ხალასტოი პატრონებია შიგნით, ხომ? – მაინც დაიზღვია თავი უფროსმა.
– რა თქმა უნდა.
– მომეცი აქ.
მივაწოდე... მივაწოდე და, მიუშვა დარჩენილი მასრები ყეყეჩა მილიციელებს. იმათ რა იცოდნენ, ფუჭი მასრები თუ იყო და გაეკრნენ იატაკს.
მეორე დღეს ხელახლა დაიწყო გადაღება. აბა, რა იქნებოდა, დილამდე სამტრედიაში ვქეიფობდით...
დღევანდელ მოგონებებს გია ფერაძესთაბ დაკავშირებული ერთი „ამბავი“ დაასრულებს.
გია ფერაძე და საბჭოთა კინოვარსკვლავი ოლეგ იანკოვსკი ძმაკაცები იყვნენ. ერთხელ გია ოლეგს პოდმოსკოვიეს აგარაკზე ეწვია სტუმრად, სადაც იანკოვსკის ახალი დამთავრებული ჰქონდა რემონტი. სახლი უკვე ახალნაყიდი ავეჯით გაეწყო, ეზოში კი ძველი ავეჯი და ნაგვით სავსე ტომრები დაელაგებინა. ოლეგს მათ სანაგვეზე გადასაყრელად მუშებისთვის ფული ჰქონდა გადადებული, თუმცა იმით სასმელი და სურსათ-სანოვაგე იყიდა და ძმაკაცებმა საღამოს მაგრად „შეუბერეს“. მეორე დილით მუშები მოვიდნენ, მაგრამ ისევ უკან გაბრუნდნენ, რადგან ოლეგს მათთვის გადასახდელი ფული აღარ ჰქონდა, „პოსლეზე“ მუშაობა კი არ უნდოდათ. არა და იმ დღეს იანკოვსკის აგარაკზე მოსკოვური ბომონდი უნდა შეკრებილიყო და ასეთ ეზოში მათი მიღება უხერხული იქნებოდა.
გამოსავალი გიამ მოძებნა: მან და ოლეგმა ძველი ავეჯი რის ვაი-ვაგლახით აგარაკის ღობეს გარეთ გაათრიეს და დაალაგეს. ნაგვიანი ტომრები კი კარადებში შეყარეს. შემდეგ გიამ უზარმაზარ ფორმატზე რუსულად დაწერა: „ანტიკვარული ავეჯი. ფასი: 5 ათასი მანეთი. მყიდველი საღამოს 10 საათზე მოვიდეს, მანამდე სახლში არ ვართ“. შემდეგ ეს წარწერა ავეჯს მიაკრა. მეგობრები სახლში შებრუნდნენ და ფანჯრიდან ადევნებდნენ თვალყურს, როგორ წაიღეს ჩუმად „ანტიკვარული ავეჯი“ ჯანიანმა ახალგაზრდებმა სულ რაღაც ათიოდე წუთში.