„ოკუპირებულ ტერიტორიებზე აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა“, - ასე გამოეხმაურა დავით ზალკალიანი საოკუპაციო რეჟიმის მორიგ ძალადობას, რასაც ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა მოჰყვა.
საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას ეხმაურება ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. For.ge-სთან საუბრისას იგი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების აზრს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, რადგან რუსეთი მაინც ერიდება საერთაშორისო სამართლის აშკარად დარღვევას.
„გააჩნია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორ განხორციელდება მონიტორინგი და როგორი მოდელი შეირჩევა. ჩვენი გმირის-არჩილ ტატუნაშვილის ფაქტიც იმას მოწმობს, რომ მიუხედავად მისი წამებისა და მოკვლისა, ოკუპანტები შეეცადნენ შედარებით სუფთად გამოსულიყვნენ და ეთქვათ, ვითომც ტატუნაშვილმა თავი მოიკლა. ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ რუსეთი ამ ყველაფერს ითვალისწინებს. დასავლეთის რესურსები, სანქციებიც ხელმოსაკიდი ფაქტორია და თავის ფონს მაინც ქმნის. ეს რესურსები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, რათა ჩვენი თავი დავიზღვიოთ. მეორე მხრივ, რუსეთი დღეს უკვე გადავიდა ისეთ ქმედებებზე, რომ აპირებენ კონსტიტუციაში მიიღონ ცვლილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთში მიღებული გადაწყვეტილება უფრო პრიორიტეტული იქნება, ვიდრე რომელიმე საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ეს მთლიანად წარმოაჩენს, საითკენ მიდის რუსეთი, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით საერთაშორისო ორგანიზაციების ხმა რუსეთისთვის მაინც მნიშვნელოვანია. ამიტომ უნდა მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართულობა, რათა ტრაგიკული შემთხვევები სამომავლოდ მაინც გამოვრიცხოთ, რაც მოხდა ირაკლი კვარაცხელიასთან მიმართებით“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
ანალიტიკოსის განმარტებით, ეს ახალგაზრდა დააკავეს და ყველაზე საინტერესოა, რომ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, მისცეს პასტა და ფურცელი დასაწერად და ამ დროს თურმე საკუთარი თავი ჩამოიხრჩო. რეალურად, ცხედრის ექსჰუმაცია აჩვენებს, როგორც მოხდა მისი დაღუპვა, თვითმკვლელობის არგუმენტი იმდენად არადამაჯერებელია, რომ ვახტანგ მაისაია დარწმუნებულია, თვით რუსებსაც არ სჯერათ მათ მიერვე შეთითხნილი ვერსიის.
ვახტანგ მაისაიას განმარტებით, ამით ვერ გავაცოცხლებთ წამების დროს დაიღუპულ ირაკლი კვარაცხელიას, მაგრამ წამების ეს მეთოდი რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთში მიღებული პრაქტიკაა. ანალიტიკოსის თქმით, მარტო მაგნიცკის ფაქტორიც ადასტურებს, რომ რუსულ ციხეებში თვითმკვლელობების რეალური მიზეზი მიზანმიმართული მკვლელობებია.
„მაგნიცკი იყო უფლებადამცველებისა და დემოკრატიული ძალების ადვოკატი, მაგრამ თვითონვე გახდა მსხვერპლი. მის მიმართ ბუტირკის ციხის მეთოდი გამოიყენეს. სხვათა შორის, სააკაშვილიც იყენებდა წამების ამ რუსულ მეთოდს, ვიცი, როგორცაა მოკლული მამუკა ზერეკიძე, სერგო თეთრაძე, ეს ბუტირკის მეთოდია, რომელიც მეც ჩამიტარეს. წინასწარ განწირულ ადამიანთან სამი პატიმარი შეჰყავთ, რომლებმაც უნდა მოკლან ეს ადამიანი, შემდეგ ამ მკვლელობას სხვადასხვანაირად აფორმებენ. მაგნიცკიც ასე იყო მოკლული, მას სამი პატიმარი შეუყვანეს, ერთმა პატიმარმა მოახრჩო, მეორემ ფეხები გაუკავა და მერე ეს ადამიანი ჩამოახრჩეს, ვითომ თავი ჩამოიხრჩო. ამის შემდეგ ამერიკის კონგრესმა და გამოძიებამ დაადასტურა, რომ მაგნიცსკი მოკლული იყო ამ მეთოდით. სხვათა შორის, ჩემს ქეისთან დაკავშირებითაც სტრასბურგმა მიიღო ეს შემთხვევა, როგორც დადგენილი ფაქტი, რადგან ერთ-ერთი მოწმე, რომელსაც დაავალეს ჩემი ლიკვიდაცია, დეტალურად აღწერს, ციხის უფროსმა როგორ მისცა დავალება, როგორ ჩაუტარეს ტრენინგი, ჩემი მკვლელობის იმიტაცია, რაზეც მან უარი განაცხადა. ამის გამო იგი აწამეს. ეს მეთოდი გადმოღებული იყო სწორედ რუსული ციხეებიდან“, - განმარტავს ვახტანგ მაისაია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვა ამ საქმეში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ზალკალიანის სიტყვები პაატა ზაქარეიშვილისთვის ცოტა უცნაურად ჟღერს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თავის დროზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას აფხაზეთში შევიდა საქართველოს მეგობარი თომას ჰამერბერგი და უნიკალური გამოკვლევა ჩაატარა აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მაგრამ ქართველებმა ეს ანგარიში არ გამოაქვეყნეს. შემდეგ ისევ ჰამერბერგმა თავის საიტზე დადო ეს ანგარიში.
„ეს იყო უნიკალური დასკვნა - „ადამიანის უფლებების დაცვა აფხაზეთის ტერიტორიაზე“, სადაც გალის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება იყო მიქცეული. უცნაურია, უცხოელების ჩართულობა იყო ამ საქმეში, აფხაზეთშიც შევიდა ეს პიროვნება, ქართულადაც დაწერა ანგარიში, მაგრამ საქართველომ ხელი შეუშალა ამ დასკვნის გამოქვეყნებას. მიზეზი ის იყო, რომ ამ ანგარიშში გამოყენებული იყო ის ტერმინები, რომლებიც მიღებულია ადგილზე, ანუ აფხაზეთში. უცხოელები ვერ შევიდოდნენ და ვერ დაწერდნენ ამ დასკვნას, რომ არ გამოეყენებინათ ეს ტერმინები. საერთოდაც, უცხოური დოკუმენტები იქმნება ასე, ანუ იყენებენ ისეთ ტერმინებს, რომლებიც მიღებულია ადგილებზე. სხვათა შორის, ამ დასკვნის თავშივე წერია, რომ აქ გამოყენებულია ტერმინები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე და ჩვენთვის ამას არ აქვს არავითარი პოლიტიკური მნიშვნელობაო. კერძოდ, იქ წერია, „აფხაზური სასამართლო“... თუ გინდა, გაარკვიო, რა ხდება იქაურ სასამართლოში, პროკურატურაში, ან პოლიციაში უნდა შეხვიდე ამ სისტემაში, ეს ხალხი შეუშვეს, აჩვენეს ყველაფერი და მათ რომ დაეწერათ, აფხაზეთში სასამართლო არაა და ეგრეთ წოდებულია ეს ყველაფერიო, მერე აღარ შეუშვებდნენ აფხაზეთში. ამიტომაც თავი დაიზღვიეს უცხოელებმა და დაწერეს, რომ ეს ტერმინები არ შეესაბამება ჩვენს პოლიტიკას და ეს ტერმინები გამოიყენება ადგილზე. მიუხედავად ამისა, ქართული მხარე ამის გამოქვეყნებას არ დათანხმდა. ახლაც მაინტერესებს, რომელი უცხოელი ჩაერევა ჩვენს საქმეებში, როცა შენ თვითონ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სტრუქტურა არ მიიღე? ამიტომ ყველა თავს იკავებს ასეთ საქმეებში ჩარევისგან“,-აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.