ზურაბ ჯ: „...ბოლოს იძულებული გავხდი და მივედი, სადაც რამოდენიმე საათის ლოდინის შემდეგ შემიყვანეს ოთახში, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფის გარეშე, სიტყვიერი ზეწოლით, ნაწილობრივ შეშინებით, ნაწილობრივ რბილი საუბრით, ნაწილობრივ მუქარით, ოჯახის წევრების, ნათესავების და სამსახურების „თბილად“ მოხსენიებით, ბოლოს კი კატეგორიული მოთხოვნით, კატეგორიული წინადადებით გამომისტუმრეს და მითხრეს რომ მე და ჩემ ახლო ნათესავებს დროულად დაგვეწერა განცხადებები და სახელმწიფოსთვის ნებაყოფლობით ჩაგვებარებინა მიწის ნაკვეთები, რომლებსაც კერძო საკუთრებაში ჩვენ ვფლობდით კანონის სრული დაცვით, თანაც, გამაფრთხილეს, შენი ნათესავები შენ თვითონ წაიყვანე საჯარო რეესტრში ისე, რომ ზედმეტი საუბრები და მოქმედებები არ იყოსო...
გავითვალისწინე ოჯახებში სიმშვიდის შენარჩუნება, მოხუცი, ავადმყოფი მშობლების ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, თუმცა მამა ამ საქმეზე ნერვიულობამ შეიწირა და გარდაიცვალა“.
ამბროსი ჭ: „...ალექსი სომხიშვილმა განუმარტა მათ, რომ წყნეთში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ჩატარებული რეფორმის შედეგად მიიღო მამამისმა, რომელმაც ასევე კანონიერად გადასცა მას და გახდა მისი მესაკუთრე. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ სომხიშვილი „ბევრს ბედავდა“ და პირდაპირ შეტევაზე გადავიდნენ - დაუწყეს გინება, ხელით იწევდნენ მასზე, ემუქრებოდნენ, რომ შენობის სარდაფში, ანუ იქ განთავსაებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩაიყვანდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ იქ ყოფნა ერჩია... უთხრეს ისიც, რომ არ აინტერესებდათ, რას იტყოდა ალქსი სომხიშვილი, მას აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ყველა შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის უნდა გადაეცა. ბოლოს ალექსი სომხიშვილის წინააღმდეგობა გატეხეს... სომხიშვილი დათანხმდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დათმობას და იგი, ორი პოლიციელის თანხლებით, საჯარო რეესტრში წავიდა მიწის ნაკვეთის გადასაფორმებლად. გზაში ერთ-ერთმა პოლიციელმა ალექსი სომხიშვილისთვის უცნობ პიროვნებას დაურეკა და უთხრა, ერთი კაცი კიდევ მოგვყავსო...“
ანზორ ი: „...მოგვიანებით, მათ აუხსნეს, რომ უნდა დახმარებოდა სახელმწიფოს და მისი ფირმის მიერ ჩამოტანილი სხვადასხვა დასახელების ამუნიცია უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფო უწყებისთვის. ისინი იძულებული გახდნენ თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის უსასყიდლოდ გადაეცათ 847 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ამუნიცია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ მიღებულ საქონელზე იქნა შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი“.
გენოა: „ვაწარმოებდი ტვირთების გადაზიდვას. ფინანსურმა პოლიციამ ჯერ ტერმინალის დირექტორი ბორის მჭედლიძე დაიჭირა და 10 დღეში მეც დამიჭირეს. ეს უკვე დავით კეზერაშვილის და დავით ქარსელაძის ინტერესში შედიოდა, რადგან თვითონ იყვნენ ამ ბიზნესით დაკავებული და არ უნდოდათ კონკურენტები. დაკავებამდე კონფლიქტი მოგვივიდა დავით კოდუასთან, რომელიც თავის დაცვასთან ერთად შემოგვივარდა ტერმინალში, რასაც მოჰყვა კონფლიქტი. ამ კონფლიქტის შემდეგ მეგობარმა მითხრა, რომ დამეტოვებინა საქართველო, რადგან ეს კონფლიქტი რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა და ცუდად დამთავრდებოდა. ასეც მოხდა, დამიჭირეს და ნამდვილი ჯოჯოხეთი მაშინ დაიწყო“.
რუსუდან ქ: „...რადგან მის უკან იდგნენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა და სხვა თანამდებობის პირები, ადვილი შესაძლებელი იყო ჩვენთვისაც იგივე გაეკეთებინათ, რაც მანამდე ბევრი სხვისთვის გაუკეთებიათ. მაგალითად, ჩაედოთ ნარკოტიკი, იარაღი ან სხვა სახის დანაშაულის პროვოკაცია მოეწყოთ ჩემი მეუღლისთვის ან ჩვენი ოჯახის წევრებისთვის. ჩემმა მეუღლემ იძულებით გააფორმა შეთანხმება მიწის ორ ნაკვეთზე“.
სერგო. ბ: „...გელამ მითხრა, როგორ ვერ ხვდები, ჩვენ უკან არის ვანო მერაბიშვილი და დაგიჭერენო. აღნიშნულის გამო მოგვიხდა შეხლა-შემოხლა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა, ვიცნობდი ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთ ნაცნობს, რომელმაც ჩემი შვილი შეახვედრაჟენია მერაბიშვილს, ვანო მერაბიშვილის დედას, რომელიც დაგვპირდა, რომ ერთ კვირაში შეხვდებოდა ვანოს და მოაგვარებდა საქმეს. ერთი კვირის შემდეგ მირეკავს მამუკა მ. და მეუბნება, ბიჭო, ლუხუმი კ. არის ქურდის ტოლი კაცი და როგორ ჩაუშვიო. სამ დღეში შეგხვდება და მოგიგვარებს საქმესო. მეც დავუჯერე. ამ ამბიდან 5-6 დღეში ჟენია მერაბიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ლუხუმი კ. და გელა გ. ბათუმში, კაფეში მელოდებოდნენ. მივედი დასახელებულ კაფეში და დავინახე, რომ კაფეში იჯდა ორი კაცი. მათ მითხრეს, რომ იქვე დავმჯდარიყავი და დავლოდებოდი ვანო მერაბიშვილს. ამ პროცესში კაფეში შემოვიდა 100-მდე ნიღბიანი ადამიანი, რომლებმაც დამაკავეს, ფული, 20 ათასი დოლარი იქვე მაგიდზე დადეს, ვიდეოკამერით გადაიღეს და მერე განაცხადეს, რომ ვანო მერაბიშვილის დედას მე გამოვძალე ეს თანხა“.
ბორის მ: „...ამრიგად, გარდა იმისა, რომ ჩემი უფლებები შეილახა და ვიმყოფებოდი უკანონო პატიმრობაში, პარალელურად წამართვეს ავტომანქანა BMV X6, 219 ათასი ამერიკული დოლარი, 6000 ევრო, 8000 ლარი, მეუღლის ოქროს ნაკეთობანი და ძვირფასი ქვები 799 გრამის ოდენობით. ჩემი ოჯახის წევრები, რომლებიც იყვნენ ფირმის დამფუძნებლები, იძულებულნი იყვნენ კომპანიის წილი ეჩუქებინათ ეკონომიკის სამინისტროსთვის, რათა გავთავისუფლებულიყავი პატიმრობიდან. ამდენად, წამართვეს ბიზნესი, რომელშიც დასაქმებული მყავდა უამრავი ადამიანი და ოჯახის წევრები".
თეიმურაზ გ: „ნაცმოძრაობის მაღალი თანამდებობის პირებმა და მათმა ნათესავებმა ჩემი კუთვნილი წილები ძალადობრივად მიითვისეს. გაწეული წინააღმდეგობის გამო აბსურდული ბრალდებით დააკავეს ჩემი შვილი, მემუქრებოდნენ... ამ წილის სანაცვლოდ მპირდებოდნენ დაგეგმილ გაზგასამართ სადგურებში (წნორში) წილს. წნორში შემაძენინეს მიწა, ბანკიდან ამაღებინეს სესხი სადგურის ასაშენებლად, თუმცა ეს თანხაც გამომძალეს და მიითვისეს. პარალელურად, საზოგადოებაში გაავრცელეს ხმა, თითქოს ამ გაზგასამართ სადგურებს ზურაბ ზვიადაური აშენებდა, რათა თავისი მონაწილეობის კვალი დაეფარათ“.
დავით ვ: „2006 წლის 15 მაისს კუდ-მა, პროკურატურამ და პოლიციამ დაჭერის მუქარით ჩაატარებინა სამომხმარებლო კოოპერატივის კრება, რა დროსაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ გადაგვაცემინეს 61 ობიექტი. ამ კრებას ესწრებოდნენ პროკურატურის, პოლიციის და საკრებულოს მაღალჩინოსნები, რომლებიც, რატომღაც, კრების ოქმში არ არიან შეყვანილები გასაგები მიზეზების გამო. გარდა ამისა, შენობა 20 პოლიციელით იყო ალყაშემორტყმული“.
ერთ-ერთი ასეთი რეპრესირებული ბიზნესმენის ადვოკატი ამბობს: „...პირდაპირ განუცხადა, რომ საკოლმეურნეო ბაზარი სახელმწიფოსთვის უნდა დაეთმო და ამის შემდეგ მას არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა. მან უარი განაცხადა ბაზრის დათმობაზე, რის შემდეგაც დაიწყო მისი შევიწროვება. ამის შემდეგ ბაზრის ტერიტორიაზე შედიოდნენ ქარელის ახლობლები ჟურნალისტების თანხლებით და ეძებდნენ კომპრომატებს, საქმე კი იმით დასრულდა, რომ ერთ ერთმა მათგანმა შეიძინა 10 კგ ხორცი და დაწერა საჩივარი, რომ 400 გრ. მოატყუეს და ამის გამო ითხოვს სს საქმის აღძვრას, აღიძრა საქმე 295 ათასი ლარის დამალვის ბრალდებით. 6 თვე იჯდა, სხვადასხვა თანამდებობის პირები (გორის პროკურორი, საოლქო პროკურორი, ქარელი) შედიოდნენ ციხეში, შეყავდათ ნოტარიუსი, ემუქრებოდნენ, ბოლოს კი ცოლის დაჭერით დაემუქრნენ.
გამგეობისთვის ჩუქების ხელშეკრულება ციხეში გაფორმდა, იმავე დღეს, ღამის ორ სააათზე ციხიდან გამოუშვეს, გაუფორმეს საპროცესო 2000 ლარი. საბოლოოდ ბაზარი 710 ათას დოლარად მიყიდეს „საქართველო-ისრაელის პროექტების მენეჯმენტს“, რომლის საწესდებო კაპიტალი 200 ლარი იყო“.
ელისო გ: "პირველი პრობლემები დაიწყო 2007 წლის ნოემბრის თვეში. 7 ნოემბრის მოვლენებიდან რამდენიმე დღეში, 15-16 ნოემბერს კომპანიის დირექტორს დაუკავშირდნენ ნაციონალური მოძრაობის და მოთხოვეს ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე „შემოწირულობის“ გაკეთბა. რამოდენიმე უსიამოვნო საუბრისა და ნაციონალების ოფისში დირექტორის დაბარების შემდეგ, კომპანია იძულებული გახდა ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე გადაერიცხა 100 ათასი ლარი. იგივე განმეორდა 2008 წლის 18 თბერვალს. ამჯერადაც დაუკავშირდნენ კომპანიას და მოთხოვეს შემოწირულობის სახით თანხის ჩარიცხვა. ალბათ არ არის რთული წარმოსადგენი ის ვითარება, თუ როგორ ხდებოდა თანხის მოთხოვნა. შედეგად კომპანიამ კიდევ ერთხელ გადარიცხა 50 ათასი ლარი. ორ თვეში კვლავ განმეორდა იგივე, თუმცა ამჯერად გიული ალასანიას სახელით. თანხის გადარიცხვა მოითხოვეს „ტრეინინგ-ცენტრ ინტელექტის“ ანგარიშზე. რამოდენიმე ეტაპად გადავრიცხა მთლიანობაში 30 ათასი ლარი. მათივე მითითებით, გადარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა „ტრეინინგ-ცენტრის“ მიერ გაწეული მომსახურება. სინამდვილეში, არანაირი მომსახურება არ ყოფილა, ამდენად, გადარიცხვის საფუძველი ფიქტიური იყო. 2010 წელს, მომდევნო „შემოწირულობის“ მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, ჩვენთვის მოცემული პირობა, რომ „ამას მწარედ ვინანებდით, იმავე წლის 30 აგვისტოს შესრულდა“
მარინე ფ: „...დაპირდნენ დახმარებას, თუ ის გადაიხდიდა მათ მიერ დასახელებულ თანხას. ჩემი შვილი დაეთანხმა, გაათვისუფლეს საპროცესო შეთანხმებით 30 ათასი ლარის გადახდის შემდეგ, წაართვეს და მიითვისეს ა/მანქანა, რომლითაც ის შემოდიოდა ევროპიდან, ასევე ჩემს მიერ საბერძნეთიდან გამოგზავნილი 18 ათასი ევროთი სოდ-ის ჩინოვნიკისთვის ტოიოტას ცენტრიდან შეიძინეს ძვირადღირებული ავტომანქანა. ჩემი შვილის გათავისუფლებიდან ორ დღეში იმავე მეთოდებით (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა, მოხმარება, გასაღების ბრალდება) დააკავეს ჩემი შვილის ცოლის ძმა, ვინც მათ თანხა გადასცა“.
ვლადიმერ შ: „ჩემი ცრუ ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს ოთხი პიროვნება, რომლებიც გაასამართლეს (338 და 339 მუხლებით) და შესაბამისად მიუსაჯეს ალექსანდრე ბ-ს - 9 წლით, მერაბ ბ-ს - 7 წლით, და ზექი ი.-ს - 23 წლით პატიმრობა. შემდგომში (1 და 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ) თავისუფლების სანაცვლოდ საპროცესო და საგადასახადო შეთანხმებების (ქონების სახელმწიფოზე ჩუქების) გზით პროკურატურამ ზემოაღნიშნულ პირებს სახელმწიფოს სასარგებლოდ უკანონოდ გადაახდევინა მილიონამდე ლარის ქონება და ფული... გლდანის ციხეში ჩემზე ხორციელდებოდა ფიზიკური ზეწოლა (ცემა) და ოჯახის წევრებზე მუქარა, რათა არ შემეცვალა პირველი ჩვენება. სასამართლოზე ცრუ ჩვენების დადასტურების შემდეგ, დაპირების შესაბამისად, გამათავისუფლეს...“
ფიზიკურმა პირმა კურორტ საირმეში 220 000 ლარად შეფასებული 3 694 კვ.მ. ფართი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. სხვა ფიზიკურმა პირმა კი გარდაბანში 1.5 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც იმ დროისთვის 140 000 ლარს შეადგენდა, უსასყიდლოდ სახელმწიფოს სახელზე აღრიცხა. შპს კორპორაცია „ივერია პლიუსმა“ თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე 8 496 კვ.მ. 2 000 000 ლარის ღირებულების არასაცხოვრებელი ფართი შესწირა სახელმწიფოს. შპს „სნაიპერმა“ 182 500 აშშ დოლარის ღირებულების 500 ცალი პისტოლეტი „იერიხო“ აჩუქა სახელმწიფოს. შპს „ოლიმპმა“ სახელმწიფოს 217 000 ლარად შეფასებული 8 მიწის ნაკვეთი, მათზე მდგარი შენობა-ნაგებობებით უსასყიდლოდ გადასცა. აღსანიშნავია, რომ ეს მიწის ნაკვეთები და მათზე აღმართული შენობა-ნაგებობების მისამართად დოკუმენტებში მითითებულია აღმაშენებლის გამზირი, N73 (ვარდების ბაღის ტერიტორია).
(გაგრძელება იქნება)