რა ცვლილებებია მოსალოდნელი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ცხოვრებაში?

რა ცვლილებებია მოსალოდნელი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ცხოვრებაში?

2019 წლის გაზაფხულის სამეფო ოჯახის წევრებისთვის ბევრი სიახლის მომტანი იქნება. მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ მეგანი და ჰარი პირველ შვილს ელოდებიან, რის შედეგადაც ისინი საცხოვრებლად ფროგმორ-ჰაუსში გადავლენ. თუმცა სულ ახლახანს გაირკვა, რომ გარდა საცხოვრებლისა 37 წლის ჰერცოგინია და მისი მეუღლე სამუშაო ოფისის ადგილმდებარეობასაც გამოიცვლიან რაც იმას ნიშნავს, რომ ქეითი და მეგანი ერთმანეთს ხშირად ვეღარ შეხვდებიან.

ამ სიახლესთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა, სადაც ამჟამად სწორედ მეგანისა და პრინცი ჰარის ოფისის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, კენსინგტონის სასახლიდან ბუკინგემის სასახლეში ახალგაზრდა წყვილი მუშაობას ამ გაზაფხულზევე შეძლებს.

ამ ყველაფრის განხორციელება ინგლისის დედოფლის გარეშე რაღა თქმა უნდა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ქალბატონმა პირველი შვილის მოლოდინში მყოფ ჰერცოგსა და ჰერცოგინიას საჩუქარი გაუკეთა და ბუკინგემის სასახლეში ოფისის მოწყობის ნება დართო. სამეფო ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეს გადაწყვეტილება დედოფლის მიერ დიდი ხნის წინ იქნა მიღებული. მეგანსა და ჰარის ახალ ოფისთან ერთად ახალი თანამშრომლებიც შეემატებიან, რომლებიც მათ კომუნიკაციებთან დაკავშირებულ საკითხებში დაეხმარებიან.

მიუხედავად სამუშაო ადგილის ცვლილებისა, მეგანი, ქეითი, ჰარი და უილიამი კვლავ იმუშავებენ ერთობლივ საქველმოქმედო აქციებზე და ინტენსიურად იქნებიან ჩართული ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანებთან მუშაობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჭორები მეგანისა და ქეითის დაძაბულ ურთიერთობაზე სიმართლეს არ შეესაბამება, ახლაც საზოგადოების ნაწილი ფიქრობს,რომ სასექსის ჰერცოგინიისა და პრინცი ჰარის ეს გადაწყვეტილება სწორედ ქალბატონებს შორის არსებული უთანხმოების გამო იყო მიღებული.

შეგახსენებთ, რომ სულ ახლახანს გახდა ოფიციალურად ცნობილი, რომ მეგანი მშობიარობამდე საჯარო შეხვედრებს აღარ დაესწრება, რადგან მისთვის გადატვირთული გრაფი ამჟამად აღარაა მიზანშეწონილი.