„ირაკლი კვარაცხელიას შველა შეიძლებოდა“

„ირაკლი კვარაცხელიას შველა შეიძლებოდა“

გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის შემდეგ ოკუპანტების მორიგი მსხვერპლი ირაკლი კვარაცხელია გახდა. ტატუნაშვილის მსგავსად, ოკუპანტებმა მასაც თვითმკვლელობა დააბრალეს. თუმცა დაღუპულის ახლობლები ირწმუნებიან, რომ ირაკლი კვარაცხელია მორწმუნე იყო და თავს არ მოიკლავდა. ამ ტრაგიკული ფაქტის შესახებ უფრო მეტი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ამბობენ, კვარაცხელია რუსმა სამხედროებმა ელექტროშოკით აწამეს, რა დროსაც გულის შეტევა მოუვიდა. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ კი დაადასტურა, რომ ირაკლი კვარაცხელიას ცხედრიდან შინაგანი ორგანოები ამოღებული და შემდეგ უკან ჩაბრუნებული იყო, ყელის მიდამოში კი დაზიანებები აღენიშნებოდა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა ირაკლი კვარაცხელია 10 მარტს დააკავეს და ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც 29 წლის ახალგაზრდა გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელები რომ დასჯილიყვნენ, ასეთი რამ არ მოხდებოდა. ოპოზიციონერი შოთა მალაშხია კონკრეტულ გზებსაც გვთავაზობს. კერძოდ, ჩვენ უნდა ჩაგვეტარებინა აფხაზეთის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ოთხოზორიას მკვლელის მოსაძიებლად და დასაკავებლად, თუმცა მალაშხია ვერ აკონკრეტებს, რა ბედი ეწეოდა მაშინ საზღვრის იქით მცხოვრებ, მძევლად მყოფ ქართულ მოსახლეობას. მალაშხია მოლდავეთის მაგალითსაც იშველიებს, როცა მსგავსი ტრაგიკული შემთხვევის გამო მოძალადე რუსეთს დიდი კომპენსაციის გადახდა მოუხდა, თუმცა თანხები გაიღო მოლდავეთმაც, რადგან ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქე. ეს მაშინ, როცა მოლდავეთს სრული უფლება ჰქონდა, სპეცოპერაცია ჩაეტარებინა და საკუთარი მოქალაქე გადაერჩინა.

რამდენად იცავს ჩვენი ხელისუფლება ჩვენს მოქალაქეებს? ამის შესახებ For.ge-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.

გალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის გამონაციონალებიხელს იშვერენ ხელისუფლებისკენ. მათი არგუმენტით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელები რომ დასჯილიყვნენ, ტრაგიკული ფაქტი აღარ განმეორდებოდა. როცა რუსეთთან გვაქვს საქმე, ვინმე დაზღვეულია მსგავსი ტრაგედიებისგან? რამდენად სუსტია ჩვენი ხელისუფლება ასეთი შემთხვევების აცილების თვალსაზრისით?

- პირადად მე მზად ვარ ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება სუსტია და გაცილებით მეტს უნდა აკეთებდეს, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში, ვერ გავიზიარებ ოპოზიციის ამორალურ ბრალდებებს, რადგან ყველაფერი, რაც ხდება, მათ სინდისსა და ცოდვებზეა. 2008 წელიც მათ მოიყვანეს და ახლა თითქოს გვარცხვენენ, რატომ ვიხსენებთ 2008 წელს. ოპოზიცია ძალზე უსინდისოდ იქცევა, როცა თავისი ცოდვები გადააქვს „ქართულ ოცნებაზე“, თუმცა „ოცნებაც“ არაკვალიფიციური, არაკომპეტენტურია და თავისი ცოდვებიც ეყოფა.

სხვათა შორის, „ნაციონალების“ დროს მსგავსი მკვლელობები ხდებოდა, უბრალოდ, ისინი მალავდნენ ამას, ხმას არ იღებდნენ. რომელი მკვლელი დასაჯეს 2008 წლიდან 2012 წლამდე? არადა, იმ პერიოდში უფრო მეტი იყო ასეთი ფაქტები, ვიდრე ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, თუ კვარაცხელიას ტრაგედიებია. რაც შეეხება ხელისუფლებას, სამწუხაროდ, მათ ბევრი რამ გაუშვეს ხელიდან, მათ გაწყვიტეს ორმხრივი კონტაქტები აფხაზურ-ოსურ მხარეებთან, ჩაშალეს და აღარ მართავენ გალის შეხვედრებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გალის შეხვედრები თვეში ერთხელ მაინც ტარდებოდა, ხოლო საგანგებო მდგომარეობაში ნებისმიერ დროს ტარდებოდა.

როგორც ვიცი, ორი-სამი დღის განმავლობაში ირაკლი კვარაცხელია ცოცხალი იყო და ის დაპატიმრებული ჰყავდათ, ანუ იგი აიყვანეს, სადღაც გადაიყვანეს და ამის შემდეგ მოხდა ეს ტრაგედია. წლების წინ კი, როგორც კი გაუჩინარდებოდა ადამიანი, გალის შეხვედრების მესვეურნი უკვე განგაშს ტეხდნენ და დაიწყებდნენ ცოცხალი ადამიანის ძებნას. მაგალითად, ოთხოზორია მაშინვე მოკლეს და მას ვერავითარი გალის შეხვედრები ვერ უშველიდა, მაგრამ ირაკლი კვარაცხელიას შველა შეიძლებოდა, თუკი ცხელ ხაზს ჩავრთავდით, ხმაურს ავტეხდით. ჰიპოთეტურად დავუშვათ ის ვერსიაც, რომ კვარაცხელიამ თავი ჩამოიხრჩო, ხმაურის შემთხვევაში, მეტი ყურადღება ექნებოდა ამ ადამიანს და თავს ვერც ჩამოიხრჩობდა, რადგან ყველას ეცოდინებოდა, მისთვის ყურადღება მიექციათ, რათა მას რამე რომ მოსვლოდა, ოკუპანტებს დაბრალდებოდა.

ირაკლი კვარაცხელიას პატრონი არ ჰყავდა და, სანამ არ დაიღუპა, ხელი არ გაუნძრევიათ. აქ უკვე ხელისუფლების პრობლემაა, რადგან მათ ჩააგდეს გალის შეხვედრები. „ქართული ოცნების“ კოალიციური მთავრობა როცა იყო, ჩვენ აღვადგინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ასევე, ჩაგდებული გალის შეხვედრები, რადგან ჩავთვალეთ, რომ გალის შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო.

ხელისუფლება ვერ ელევა აბაშიძე-კარასინის ფორმატს, რომლის შესახებაც ხშირად გევსმის, რომ ეს ფორმატი სულაც არ არის საჭირო, მაგრამ გალის შეხვედრებს რატომ შეელივნენ?

- მიმაჩნია, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი სწორია და უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება გალის შეხვედრებს, ისინი აღდგა კოალიცია „ქართული ოცნების“ დროს, როცა ხელისუფლება იყო ჰორიზონტალური და სხვადასხვა პოლიტიკური ძალები კამათობდნენ ერთმანეთში, ანუ კონკურენცია შიგნით იყო. რაც შეეხება შეხვედრების გაუქმებას, გალის შეხვედრები გაუქმდა პარტია „ქართული ოცნების“ დროს, როცა ხელისუფლება უკვე იყო ვერტიკალური, ანუ ზემოდან ქვემოთ, როცა ყველას ერთმანეთის ეშინოდა და ზემოთ იყურებოდნენ. საერთოდ, ვერტიკალზე აგებული ხელისუფლება საშინელებაა, ეს არის ავტორიტარული მმართველობა და ჩინოვნიკების დაბეჩავება, რადგან არავის შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს. სხვათა შორის, გალისა და ერგნეთის შეხვედრების ფორმატი შეიქმნა ჟენევაში, ჟენევის მოლაპარაკებების დროს. მოგეხსენებათ, ჟენევაში შეხვედრები ტარდება სამ თვეში ერთხელ, ჟენევაში მაშინ ითქვა, რომ მათთან ბევრი საკითხი შედიოდა, რომლის გადაწყვეტაც ადგილზევე შეიძლებოდა, ამიტომ ჯობდა, საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი ჟენევამდე არ მისულიყო და ადგილზევე გადაწყვეტილიყო.

გიგა ოთხოზორიას ტრაგედიის დროს აღდგა გალის შეხვედრა, მაგრამ მალევე გაუქმდა. კონკრეტული მიზეზი რა იყო?

- ოთხოზორიას ტრაგედია რომ მოხდა, ჩვენ მაშინ აღვადგინეთ გალის შეხვედრები, მაგრამ გალში გაიჭედა ეს თემები, უფრო პოლიტიკური და მძიმე დატვირთვა მიიღო. ამიტომ საჭირო იყო საკითხები ზემოთ აგვეტანა ჟენევაში. სამწუხაროდ, ოთხოზორიას უკვე ვერაფერი ეშველებოდა, ამ დროს კი ქართული მხარე რას აკეთებდა? პირველ საკითხად ყოველთვის აყენებდა ოთხოზორიას მკვლელობას, ამის საპასუხოდ აფხაზები დგებოდნენ და მიდიოდნენ. ერთხელაც საერთოდ არ მოვიდნენ და ჩაშალეს ეს შეხვედრა. ჩვენი პრინციპულობის გამო აფხაზებმაც გამოიჩინეს პრინციპულობა და ორი პრინციპულობა ერთმანეთს დაეჯახა. გალის შეხვედრები არ ტარდება და აგერ, ოთხოზორიას ტრაგედია განმეორდა კვარაცხელიას სახით. თუმცა ვიმეორებ, ოთხოზორია იმ წუთშივე მოკლეს და ეს ერთი საშინელება მოხდა, მაგრამ კვარაცხელიას შველა შეიძლებოდა.

ტყვეთა გაცვლის პროცედურისას და არა მარტო მაშინ, აფხაზებთან უშუალო კავშირი გქონდათ, ასევე, როგორც ვიცი, ისინი ნაკლებად აწვალებდნენ ქართულ მხარეს გვამის გადაცემის საქმეში. აფხაზებისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონიდან ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა გაჭიანურდა. ასეთ დროს რამდენად მნიშვნელოვანია პირადი კავშირები? ხომ არ არის დაკარგული პირადი კავშირების შესაძლებლობა, რადგან რუსეთი მეტისმეტად გაძლიერდა აფხაზეთში?

- რუსეთი რომ გაძლიერებულია, სწორედ ამიტომაცაა საჭირო ორმხრივი ურთიერთობების გამყარება. როცა ნდობის დონეზე არსებობს ურთიერთობები, აფხაზებმაც იციან, რომ შენ რესურსები, ძალა გაგაჩნია და ხვალ რომ მას დასჭირდები, შენ მას დაეხმარები. აფხაზებთან ურთიერთობის ჩემი 25-წლიანი გამოცდილება უნიკალური საშუალებაა, თუმცა ჩემს გარდა საქართველოში 15-20 კაცია, ვისაც ასეთი გამოცდილება გააჩნია. ამდენი ხნის განმავლობაში მათ გამოიმუშავეს ნდობა, მათ იციან, რომ შენ არ უღალატებ, არ მოატყუებ. თუ საქმეს ვერ უკეთებ, გულწრფელად ეტყვი, რატომ ვერ უკეთებ საქმეს. შენი სახით ისინი ხედავენ სანდო ადამიანს, მე ასეთი სანდო ადამიანები მყავს როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალში, ისინი არ მომატყუებენ, შეიძლება ვერ გამიკეთონ საქმე, მაგრამ დროს არ გამიწელავენ და მეტყვიან მაინც, სად კეთდება ეს საქმე და ვის უნდა მივმართო. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ნდობა ყოველთვის საქმის კეთებას არ ნიშნავს.

ამდენი დროის გაცდენის შემდეგ სახალხო დიპლომატიის რესურსს ისევ ხედავთ?

- ხალხი გაიფანტა, წლები მოგვემატა, უკვე ოჯახის პრობლემებია, ისეთი ახალგაზრდაც აღარ ხარ, ისეთი ენერგიული არ ხარ... ნებისმიერ დროს შეიძლება წამოვმხტარიყავი, დავმჯადარიყავი ავტობუსზე და ჩავსულიყავი გალში. ახლანდელი ახალგაზრდები აღარ ინტერესდებიან ამ საქმით. სხვათა შორის, ამას ის უცხოელებიც მიხვდნენ, რომლებიც აფინანსებდნენ ამ საქმეს, რომ ახალგაზრდობა არ მოდის და სამშვიდობო პროცესი გაიყინა. ამიტომ უცხოელები ვერ ხედავენ მიზეზს, ფული რატომ დახარჯონ იმ საქმეში, რომელიც არ კეთდება. არადა, ამ ხალხს ტრანსპორტის ფული მაინც ხომ უნდა ჰქონდეს, რომ ჩავიდნენ აფხაზეთში? ყველამ დაკარგა ინტერესი. ორი ვარიანტია, ან ხელისუფლება მონდომებულია და მას სახალხო დიპლომატიაც ეხმარება, ან ხელისუფლება ომისკენ მიდის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა და სახალხო დიპლომატია ამას ეწინააღმდეგებოდა. ორივე ვარიანტს ხედავენ უცხოელები და ეხმარებიან სახალხო დიპლომატიას, მაგრამ, როდესაც გაყინულია სიტუაცია და ხელისუფლება არც ომისთვის ემზადება, არც მშვიდობისთვის, ანუ სრული სტაგნაციაა, უცხოელები ვერ ხედავენ, რა პროცესებს უნდა შეუწყონ ხელი.

თავის დროზე, როდესაცქართული ოცნებამოდიოდა ხელისუფლებაში, თქვენ და სხვა ქართველმა კონფლიქტოლოგებმა დადეთ გარკვეული პროგრამა, რითაც უნდა მომხდარიყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნება. რამდენადაც მახსოვს, იქ აფხაზების ეკონომიკურ დაინტერესებაზეც იყო საუბარი. იმ პერიოდში ჩვენი ხალხი შორსმიმავალ დასკვნებსაც აკეთებდა, ხალხს ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის დასაბრუნებლად თანხებს გაიღებდა...

- ის, რომ ბიძინა ამ საქმეში ფულს ჩადებდა, ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა. თავის დროზე ბერეზოვსკი აპირებდა ამ საქმეში ფულის ჩადებას, პატარკაციშვილი ცდილობდა, ბერეზოვსკის ხელით რაღაცები გაეკეთებინა აფხაზეთში, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ამას. როცა კვირიკაშვილის დროს დაიწყო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, მაშინ ითქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუკი ამაში ჩაერთვებოდნენ აფხაზები. თუმცა ჩვენ იმთავითვე ვიცოდით, რომ აფხაზები არ ჩაერთვებოდნენ იმ პროექტში, რომელსაც ერქვა „აწარმოე საქართველოში“. ამიტომ ჯობდა სხვა პროგრამა შეგვემუშავებინა, ნეიტრალური სახელწოდებით. ამას წინათ შედგა პრეზენტაცია პროგრამისა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, მაგრამ ამასაც ეწერა, რომ პროგრამა განხორციელდება „აწარმოე საქართველოში“. გამეცინა, კარგი იქნება, თუ დაიწყება ეს საქმე, მაგრამ ალბათ, არც კი დაფიქრებულან, ისე მოიფიქრეს ეს სახელი - „აწარმოე საქართველოში“. აფხაზები ამაზე არ წამოვლენ, შესაძლოა, გალელები წამოვიდნენ, ახალგორელებიც წამოვიდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ გვინდა, უშუალოდ აფხაზები და ოსები წამოვიყვანოთ აქეთ?!