შვედეთში რუსეთის ელჩი ვიქტორ ტატარინცევი 13 მარტს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მისგან ერთ-ერთი რუსი დიპლომატის შესახებ ახსნა-განმარტებები მოითხოვეს. შვედეთს მიაჩნია, რომ ეს დიპლომატი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი Dagens Nyheter-ი ავრცელებს.
გაზეთის ცნობით, თებერვლის ბოლოს 47 წლის რუსი დიპლომატი (რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება) ერთ-ერთი შვედური Iთ-კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრისას, სტოკჰოლმში დააკავეს. მიიჩნევა, რომ ეს ადამიანი რუსეთის დაზვერვაზე მუშაობს და თავს დიპლომატად ასაღებს. შვედეთის პოლიციამ მას ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
მიიჩნევა, რომ ამ დიპლომატთან ერთად დაკავებული შვედეთის მოქალაქეც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. პოლიციის ცნობით, ის რუსულ დაზვერვას სულ ცოტა 2017 წლიდან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას აწვდიდა.