კვლევა: ვარჯიში შუა ხნის ასაკშიც ისეთივე სასარგებლოა, როგორც ახალგაზრდობაში

კვლევა: ვარჯიში შუა ხნის ასაკშიც ისეთივე სასარგებლოა, როგორც ახალგაზრდობაში

მეცნიერები აცხადებენ, რომ 40 ან 50 წლის ასაკში ვარჯიშს ისეთივე სარგებლის მოტანა შეუძლია, როგორც ახალგაზრდობაში, ყოველ შემთხვევაში, ნაადრევი სიკვდილის პრევენციის კუთხით მაინც.

კვლევა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა სხვადასხვა ასაკის ადამიანების ვარჯიშის სიხშირე და მათი სიკვდილიანობა შეისწავლეს, ჟურნალ ჟამა Nეტწორკ Oპენ-ში გამოქვეყნდა.

"თუ თქვენ ახალგაზრდობიდანვე ვარჯიშობთ და ცხოვრების ამ სტილისათვის შუა ხნის ასაკშიც არ გიღალატიათ, თქვენ სიკვდილის ნაკლები შასი გაქვთ. თუმცა, თუ თქვენ ცხოვრების განმავლობაში მაინც და მაინც აქტიური არ იყავით, მაგრამ 40 ან 50 წლის ასაკში ვარჯიშის დაწყება გადაწყვიტეთ, აღნიშნული გადაწყვეტილება დაგვიანებული ნამდვილად არ არის, ფიზიკური აქტივობა თქვენზე მნიშვნელოვან დადებით გავლენას მაინც მოახდენს, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში არ გივარჯიშიათ", - აცხადებს კიბოს სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი და კვლევის მთავარი ავტორი პედრო სენტ-მორისი.

აღნიშნული კვლევა დაფუძნებულია ანკეტაზე, რომელიც 90-იან წლებში 50-დან 71 წლამდე ასაკის 300 000-მა ამერიკელმა შეავსო. კითხვარში მათ უნდა აეხსნათ, თუ რა სიხშირით ვარჯიშობდნენ ისინი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე, შემდეგ კი მკვლევარებმა აშშ-ს მთავრობის ხელში არსებული ინფორმაცია გამოიყენეს, რათა დაედგინათ, რამდენი ადამიანი დაიღუპა აღნიშნული სიიდან 2011 წლამდე.

ისეთი ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ, როგორიც არის ასაკი, სქესი, კვების სტილი და თამბაქოს მოხმარება, მენციერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც შუა ხნის ასაკში ვარჯიშობდნენ, სიკვდილის უფრო ნაკლები რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, რომლებსაც ცხოვრებაში არ უვარჯიშიათ. საინტერესო ისაა, რომ მონაცემების უფრო დეტალური გაანალიზების შემდეგ მეცნიერებმა კიდევ რამდენიმე საინტერესო დასკვნა გააკეთეს.

40-დან 61 წლამდე ასაკის ქალებსა და კაცებს, ვარჯიშის დაწყების შემდეგ, მომდევნო წლებში სიკვდილის (ნებისმიერი მიზეზით) შანსი 35 პროცენტით უმცირდებოდათ. მსგავსი შედეგი ჰქონდათ იმ ადამიანებსაც, რომლებმაც ვარჯიში პირველად თინეიჯერობის ასაკში დაიწყეს.

მეცნიერებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებმაც შუა ხნის ასაკში ვარჯიში შეწყვიტეს, სიკვდილის ისეთივე რისკი ჰქონათ, როგორც მათ, ვინც ფიზიკური აქტივობით არასდროს გამოირჩეოდა.

"თუ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ვარჯიშობდით, მაგრამ შემდეგ ფიზიკური აქტივობა შეწყვიტეთ, ვარჯიშის დადებითი გავლენა მნიშვნელოვნად ქრება", - აცხადებს სენტ-მორისი.

კვლევას აქვს გარკვეული შეზღუდვებიც, მაგალითად, ის დიდწილად ადამიანების მეხსიერებასა და მათ მონაყოლზეა დაყრდნობილი. თანაც, კვლევაში არა დაავადებები და სიცოცხლის ხარისხი, არამედ მხოლოდ სიკვდილიანობაა განხილული.

დილან ტომფსონი, რომელიც ინგლისში არსებული ბათის უნივერსიტეტის პროფესორია, აცხადებს, რომ კვლევაში მხოლოდ თავისუფალ დროს შესრულებული ფიზიკური აქტივობა იყო გათვალისწინებული, თუმცა, მისი თქმით, შედეგები მაინც დამაიმედებელია.

"ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ ცხოვრების განმავლობაში ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში უმნიშვნელოვანესია, კვლევა ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ვარჯიშის დაწყება გვიანი არასდროს არის", - აცხადებს ის.

ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორის, ჩარლი ფოსტერის თქმით, გარდა უბრალო ფიზიკური აქტივობისა, მნიშვნელოვანია ფიზიკური სიძლიერისთვის განკუთვნილი ვარჯიშებიც.

"მომატებული ფიზიკური ძალა აუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას და ამცირებს ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს", - აცხადებს ის.