ბათუმის უნივერსიტეტს დაშლა, შენობას გასხვისება ემუქრება!

ბათუმის უნივერსიტეტს დაშლა, შენობას გასხვისება ემუქრება!

[ნინო მიქიაშვილი]
აუქციონზე გასატანად გამზადებული სპორტის აკადემიის შემდეგ, ჯერი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეიძლება მიდგეს. ამ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს: უნივერსიტეტის დანაწევრება, დეპარტამენტების ხელმძღვანელების საზოგადოებრივ საწყისებზე გადაყვანა, ანუ უხელფასოდ მუშაობა, რის შესახებაც დადასტურებული ინფორმაცია რეგიონალურმა ტელეკომპანია ტვ25–მა გაავრცელა და პლუს ამას, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის, აბესალომ გურგენიძის მიერ, პრესა.გე–სთვის მოცემული კომენტარი – “ადმინისტრაციული შენობა, ან რაღაც ასეთი, უნდა გამოთავისუფლდეს, რომ შემდეგ გავყიდოთ. თუ ეს იქნება ყოფილი უნივერსიტეტის შენობა, მე შემიძლია შევიტანო გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში. ამ ეტაპზე არავითარი საბუთი არ მაქვს, რომ ეს ობიექტი რაიმე ნუსხაში შევიტანო და მერე რა იქნება, არ ვიცი“.

ილიას ძეგლი ნეპტუნის ქანდაკებით ჩაანაცვლეს; მემედ აბაშიძის ძეგლი ბულვარიდან მიყრუებულ ადგილას გადაიტანეს; აკაკის ბიუსტი გააქრეს და ახლა უნივერსიტეტს მიადგნენ, რომელზეც დიდი ხანია თვალი აქვთ დადგმული.

ბათუმის უნივერსიტეტში და მის გარშემო არსებული ვითარების ირგვლივ, იძულებულები გავხდით ეგრეთ წოდებული დაუბალანსებელი მასალა მოგვემზადებინა, რადგან 27 ივლისს რექტორი, ალიოშა ბაკურიძე თურმე საზღვარგარეთ გამგზავრებულა; მას მობილური გამორთული აქვს, ხოლო მისაღებში, ქალაქის ნომერზე არავინ პასუხობს; აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველს, განათლებისა და კულტურის საკითხებში, ნუგზარ მგელაძეს, რომელიც ამავდროულად უნივერსიტეტის პროფესორია, მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა;

აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრს, მათე ტაკიძეს კი გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლების შესახებ განცხადება აქვს დაწერილი; მას ხმამაღლა ჯერ არაფერი უთქვამს; როგორც პრესა.გე–სთვის გახდა ცნობილი, ტაკიძეს დააბრალეს ის, რაშიც ბრალი არ მიუძღვოდა და რის გამოც თავმოყვარეობა შელახული მინისტრი იძულებული გახდა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაეწერა, რომელსაც ჯერჯერობით არ უკმაყოფილებენ; მინისტრის მისაღებშიც არავინ აიღო ყურმილი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარე, მიხეილ მახარაძე, რომელიც ამავდროულად, ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორია და შესაძლებელია, უნივერსიტეტის ირგვლივ რაიმე სცოდნოდა, ანტალიაშია და სამშობლოში ხვალ დაბრუნდება.

უნივერსიტეტში და მის ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ ვესაუბრეთ გია მასალკინს, რომელიც ამავე უნივერსიტეტის პროფესორი და ამავდროულად, “რესპუბლიკური პარტიის“ წევრია; მურმან დუმბაძეს, რომელიც “რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელია და ნოდარ დუმბაძეს, რომელიც ბათუმის საკრებულოში მმართველი პარტიის ფრაქციას, ანუ უმრავლესობას ხელმძღვანელობს.

ტვ25–ის მიერ, 27 ივლისს უნივერსიტეტზე მომზადებულ სიუჟეტის შინარსი ასეთია:
“უნივერსიტეტი შესაძლოა დანაწევრდეს. სავარაუდოდ, დაგეგმილია ფაკულტეტების აჭარის რაიონებში გადანაწილება. საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტი თამარის დასახლებაში მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში განთავსდება. აქ სტუდენტებს ლექციები, პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოები ჩაუტარდებათ. მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, უნივერსიტეტს ქიმიური რეაქტივების შეძენა კვლევითი ინსტიტუტისა და ქიმიის დეპარტამენტისთვის ცალ-ცალკე აღარ მოუწევს და ამით თანხებიც დაიზოგება. უნივერსიტეტის რექტორმა ჩვენთან სატელეფო საუბარში განაცხადა, რომ ქობულეთში გაივლიან მომზადებას ბიოლოგიის დეპარტამენტის მაგისტრანტები. იგი დღეს მივლინებით უცხოეთში გაემგზავრა.

უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებულების თანახმად, თანამდებობიდან სასწავლებლის დეპარტამენტის 25-ვე თავმჯდომარე გათავისუფლდა. სატელეფონო საუბარში, რექტორი, ალიოშა ბაკურიძე აცხადებს, რომ დღეიდან დეპარტამენტის ხელმძღვანელები საზოგადოებრივ საწყისებზე, ანუ ანაზღაურების გამო იმუშავებენ. აქამდე ისინი ხელფასებს დანამატის სახით ღებულობდნენ, რაც კონტროლის პალატამ დარღვევად ჩათვალა და უნივერსიტეტს ხარვეზის გასწორება მოსთხოვა.

ამ ინფორმაციას ადასტურებს უნივერსიტეტის კადრების განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ბაგრატიონი. ბათუმის უნივერსიტეტში ამ ეტაპზე დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლები მუშაობენ. აღნიშნულ თანამდებობაზე ძალებს ყველა სრული და ასოცირებული პროფესორი მოსინჯავს, რადგან ხელმძღვანელობის აზრით, უნივერსიტეტის წარმატებული საქმიანობისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება“.

პრესა.გე–სთან საუბრისას, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გია მასალკინი, უნივერსიტეტის დანაწევრების შესახებ ამბობს, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში გადადის ბიოლოგიის დეპარტამენტი:

“სოფელ გვარაში რაღაც პატარა კვლევითი ლაბორატორია იყო და ბიოლოგებს უთხრეს, თქვენ იქ გადახვალთო. ქიმიის დეპარტამენტს უთხრეს, თქვენ ბათუმის ერთ–ერთ გარეუბანში, ბენზეში გადახვალთო... ბუნებრივია ამას მოჰყვა შიშები, რომ დანარჩენ ფაკულტეტებთან მიმართებაშიც ასე მოიქცევიან და გამოთავისუფლებულ შენობას სასტუმროდ, ან სამორინედ გადააკეთებენ. უნივერსიტეტის ნებისმიერი თანამშრომელი გეტყვით, რომ უნივერსიტეტის შენობის ყიდვას ვიღაც აპირებს, მაგრამ კონკრეტულად ვინ, ეს არ ვიცით. ერთი რამ ცხადია და ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ შენობის გასხვისების საქმეში ჩართულია მიხეილ სააკაშვილი – სასტუმრო “ინტურისტიდან“ დაწყებული, დელფინარიუმით დამთავრებული, საკურორტო ზონადაა გამოცხადებული, სადაც უნივერსიტეტისთვის ადგილი არ რჩება“.

“ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან დიდი დრო არ იყო გასული, როცა პირდაპირ უნივერსიტეტის წინ, “ეშმაკის ბორბალი“ დადგეს, რაზეც გია მასალკინი ამბობს: “ამით ყველა უნდა მიმხვდარიყო, რომ ამის შემდეგ იქ უნივერსიტეტისთვის ადგილი არ რჩებოდა. საერთოდ, უნივერსიტეტის იმ კორპუსში, რომლის ფანჯრები ბულვარში გადის, ფარდებიც არ არსებობს, რის გამოც ზღვის სეზონის დაწყების შემდეგ, ლექციების ჩატარება აუტანელია; წარმოიდგინეთ – უნივერსიტეტის ფანჯრებიდან, საზღვაო კოსტიუმებში გამოწყობილი დამსვენებლებით სავსე პლიაჟი ჩანს“.

უნივერსიტეტის შესაძლო გასხვისების შესახებ, ბათუმის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ნოდარ დუმბაძემ არაფერი იცის. მან ეკონომიკის სამინისტროში გადაგვამისამართა, სადაც, როგორც მასალის დასაწყისშია აღნიშნული უნივერსიტეტის გასხვისებას არ გამორიცხავენ – ამ ეტაპზე შენობა გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში შეტანილი არ გვაქვს, მაგრამ თუ გამოთავისუფლდება, შეიძლება შევიტანოთო.

“რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მურმან დუმბაძე პრესა.გეს–თან საუბრისას ამბობს, რომ ბათუმის უნივერსიტეტის გაყიდვის შესახებ ინფორმაციები 2004 წლიდან მოყოლებული, პერმანენტულად ვრცელდება:

“უმაღლესი საბჭოს წევრი რომ ვიყავი, განთლების კომიტეტში ეს საკითხი მუდმივად ისმებოდა, რომელსაც ჰყავდა, როგორც მოწინააღმდეგეები, ისე მომხრეები; ეს უკანასკნელნი ჩუმად იყვნენ. რადგან ახლა ფაქტის წინაშე დავდექით, რომ უნივერსიტეტიდან რამდენიმე ფაკულტეტის გატანას აპირებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ სიტყვიდან ასე ვთქვათ, საქმეზე გადავიდნენ – უნივერსიტეტის შენობის გამოთავისუფლების პროცესი დაიწყეს.

ფაკულტეტების გატანას ემატება ისიც, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელები გაათავისუფლეს, რითაც უნივერსიტეტის პარალიზება მოხდება. სამწუხაროდ, უნივერსიტეტის თანამშრომელი აღარ ვარ, ამ უმაღლესი სასწავლებლის ქომაგი ვარ, უბრალოდ ვგულშემატკივრობ და გამომდინარე, შიდა ინფორმაციებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გარედან, რაც ჩანს, ჩემი ვარაუდით ესაა პირველი ეტაპი იმისათვის, რომ უნივერსიტეტის შენობა შევიდეს საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში“.

იმაზე, რომ ქიმიის დეპარტამენტი მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში განთავსდება, მურმან დუმბაძე, ასეთ კომენტარს აკეთებს:

“ეს კვლევითი ინსტიტუტი დაინგრა და მის ადგილას სასტუმრო “სანაპირო“ აშენდა, რომლის მფლობელია რუსეთის დუმის დეპუტატი, გვარად არშბა, წარმოშობით ბათუმელი. მან დუმაში კენჭისყრის დროს, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას ხმა მისცა. ბათუმში არშბას საკუთრებაშია სასტუმრო “მარინა“, ხიმშიაშვილის ქუაჩაზე და რესტორანი “პორტო ფრანკო“, გამსახურდიას ქუჩაზე... მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი კი “ბენზეს“ ერთ–ერთ სკოლაშია გადასული, იქ რამდენიმე ოთახი უკავია და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, სხვის შენობაში შესახლებულ კვლევით ინსტიტუტს კიდევ ქიმიის დეპარტამენტი, რომ დაემატება, იქ რა იქნება.

ეს უნივერსიტეტისადმი უკაცრავად და აგდებულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს. მაგისტრანტი ბიოლოგები სალექციო კურსებს ქობულეთში გაივლიანო, მითხრეს. ანუ, უნივერსიტეტის შენობას ათავისუფლებენ, რაღაცაში სჭირდებათ და რაში, ძნელი გასათვლელი არ არის – დიდწილად სავარაუდოა, რომ უნივერსიტეტის შენობას პრივატიზაციისთვის ამზადებენ“.